ამბები

18:21 | 8.11.2010 | ნანახია 2140 - ჯერ

ინგლისმა მარცხითაც იხეირა

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მიერ განახლებულ რეიტინგში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მიუხედავად, მშობლიურ “თვიქნემზე” ახალ ზელანდიასთან მარცხისა, ინგლისის ნაკრებმა მე-5 ადგილიდან ირლანდიელები ჩამოაქვეითა, რომელთაც დუბლინში “ავივაზე” სამხრეთ აფრიკასთან წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონურ შეხვედრაში “ოლ ბლექსმა” 26:16 იმარჯვა, თუმცა, ვინაიდან ზელანდიელები ისედაც პირველ პოზიციაზე იყვნენ, ინგლისელებს ცოტათი ნაკლები ქულა დააკლდათ, ვიდრე აფრიკელებთან დრამატულ შერკინებაში დამარცხებულ (21:23) ირლანდიელებს.
სამხრეთ ნახევარსფეროს კიდევ ერთი “ბუმბერაზი” ავსტრალია კარდიფში, “მილენიუმზე” უელსს “დააცხრა” და თვალსასეირო მატჩში მასპინძლებს 25:16 მოუგო, რითაც მე-2 პოზიცია გაიმყარა, უელსელებმა კი არგენტინელთა გადასწრების შანსი გაანიავეს და მე-9 პოზიციაზე დარჩნენ.
კანადელებმა, რომლებიც 20 ნოემბერს ტესტ-მატჩის ჩასატარებლად თბილისის ეროვნულ სტადიონს ეწვევიან, ბრიუსელში ბელგიას მეორე შემადგენლობითაც იოლად აჯობეს (43:12), თუმცა, მეტოქეს რეიტინგში იმდენად უსწრებდნენ, რომ მინიმალური ქულებიც კი ვერ შეიმატეს.
“ნეკერჩხლის ფოთლებს” 69.43 ქულით მე-14 პოზიცია უკავიათ, შემდეგ “ბორჯღალოსანთა” კიდევ ერთი მომავალი მეტოქე (მატჩი 27 ნოემბერს შედგება) აშშ მოდის, მეთექვსმეტეზე ტონგაა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კი 66.38 ქულით ისევ მე-17 საფეხური უკავია. ქართველთა მდგომარეობის გაუმჯობესებას (გაუარესებაზე საუბარიც არ გვინდა) სწორედ სანოემბრო ტესტების შემდეგ უნდა ველოდეთ.
და ერთიც. ქართველთა უახლოესი მდევარი რუსეთის გუნდს, რომელიც გასულ უქმეებზე იაპონიაში, პრინც ჩიჩიბუს სახელობის სტადიონზე 3:75 განადგურდა, 65.56 ქულა შერჩა და ახლა, “ბორჯღალოსნებს” 0.82 ქულით ჩამორჩება.

 
IRB-ს რეიტინგი 8 ნოემბრისთვის
1. ახალი ზელანდია 93.04
2. ავსტრალია 87.89
3. სამხრეთ აფრიკა 86.21
4. საფრანგეთი 82.75
5. ინგლისი 81.62
6. ირლანდია 81.05
7. შოტლანდია 79.81
8. არგენტინა 79.70
9. უელსი 78.17
10. ფიჯი 74.39
11. სამოა 74.02
12. იტალია 72.97
13. იაპონია 71.45
14. კანადა 69.43
15. აშშ 67.86
16. ტონგა 67.35
17. საქართველო 66.38
18. რუსეთი 65.56
19. რუმინეთი 65.10
20. ნამიბია 62.69
21. ურუგვაი 61.38
22. პორტუგალია 61.27
23. ესპანეთი 57.70
24. ჩილე 56.68
25. მაროკო 56.11
26. ბელგია 55.36
27. ყაზახეთი 55.20
28. ბრაზილია 54.56
29. უკრაინა 54.35
30. გერმანია 53.22

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093122