ამბები

22:59 | 8.11.2010 | ნანახია 2773 - ჯერ

“ვისოლს” საწვავი დააკლდა

მცირე ფინალის პირველმა მეოთხედმა “ვისოლი-ყოჩების” აშკარა უპირატესობით ჩაიარა და ეს პერიოდი 11:0 მოიგო, მაგრამ ნელ-ნელა ძალა გამოელია, რამაც ასახვა მე-2 ნახევრის მსვლელობაზე ჰპოვა და საბოლოოდ, 14:18 დამარცხდა. შედეგად, “ვისოლი-ყოჩები” მე-3 ადგილს დასჯერდა, ხოლო “ლოკომოტივმა” ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა და 14 ნოემბერს, “ბზის თასს” ძველ ნაცნობ “ლელოს” შეეცილება.
“ლოკომოტივმა” ფინალის საგზური უპირატესობის რაციონალურად გამოყენებით მოიპოვა, ისინი მეტოქეს სტატიკაში ჯობდნენ, რაც განსაკუთრებით მე-2 ნახევარში გამოიკვეთა. მათი შერკინება მეტოქისას თითქმის ყოველთვის ჯაბნიდა და ერთი ორჯერ, მეტოქის დერეფანშიც წარმატებას უწია. რაც მთავარია, ეს ყველაფერი გადამწყვეტ მომენტში ხდებოდა, “ვისოლი-ყოჩებმა” საკუთარი თავის რწმენა დაკარგა და სადავეების დაბრუნება ვეღარ მოახერხა.
შეხვედრის დაწყებამდე, მოედანზე მომღერალი თიკა ფაციაცია გავიდა, რომელმაც საქართველოს ჰიმნი შეასრულა, მაგრამ ეს, მხოლოდ რაგბის სიყვარულით გამოწვეული, ან საქართველოს რაგბის კავშირის მიერ დაგეგმილი აქცია (როგორც შევიტყვეთ) სულაც არ ყოფილა - ჰიმნის დასრულებისას, მან ტრიბუნაზე შეკრებილ 1000-მდე მაყურებელს თხოვნით მიმართა, რომ “ბრავოში”, მისთვის და მისი გუნდისთვის მხარი დაეჭირა. არადა, თავიდან ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანდა...
ფლეი ოფების მსგავსად, რეფერი ამჯერადაც ფრანგი იყო - ბერნარდ ალმაზო, რომელსაც ქართული კლუბების შეხვედრები წინა წლებშიც უმსაჯია. თამაში “ვისოლი-ყოჩების” აქტიური თავდასხმით დაიწყო, მოწინააღმდეგეს გამარჯობის თქმა არ დააცადეს და მარცხენა ალამთან ნიკოლეიშვილმა ლელო გაიტანა. მახარაშვილს რეალიზაცია გაუფუჭდა, მაგრამ სანამ “ლოკომოტივი” გონს მოეგებოდა, ანგარიში 11 ქულამდე გაზარდა. მე-7 წუთზე, კვინიხიძეს ჯარიმით სხვაობის შემცირების შანსი მიეცა, თუმცა მიზანმა უმტყუნა, მე-17 წუთზე კი, სოხაძემ შორეული ჯარიმა ძელებსშუა გააძვრინა. მე-20 წუთისათვის, “ლოკომოტივმა” ბრეგვაძის გარღვევა გაჭირვებით შეაჩერა, შეტევა გაგრძელდა, სოხაძეს არეკნის დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ ოდნავ უკან მახარაშვილი მოძებნა და მანაც, დაახლოებით 30 მეტრიდან ზუსტად დაარტყა.
აქედან მოყოლებული, “ლოკომოტივი” შეტევაზე გადავიდა და ორ წუთში, ანუ 25-ე წუთზე, კვინიხიძემ ახლო მანძილიდან პირველი საპასუხო ჯარიმა გაიტანა. “ვისოლი-ყოჩებმა” ინიციატივის დაბრუნება სცადა, მეტოქეს ფეხით დარტყმული დაუფარა, ნიჟარაძემ კონტრშეტევა წამოიწყო, ის არჩუაშვილმა გააგრძელა, მაგრამ სალელოვე შეტევა წინპასის გამო უშედეგოდ დასრულდა. “ლოკომოტივმა” 33-ე წუთზე ცენტრის სიახლოვეს ჯარიმა გამოიმუშავა, კვინიხიძემ დაახლოებით 47 მეტრიდან კარში დაკრა და არც შემცდარა - 6:11. “ვისოლი-ყოჩები” პანიკამ მოიცვა და წონასწორობის აღდგენა თავის ნახევრიდან სცადა, მაგრამ სოხაძის დარტყმულმა კარამდე ვერ მიაღწია. რადგან “ლოკომოტივი” დაცვაში კარგად იდგა, “ყოჩებმა” კვლავ სამ ქულაზე ითამაშა, თუმცა, სოხაძეს არეკნიც არაზუსტი გამოუვიდა. ამასობაში, ტაიმის ბოლო მოვიდა, “ლოკომოტივმა” თამაშგარისთვის ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და კვინიხიძემ ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.
დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, “ვისოლი-ყოჩები” კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და კვინიხიძემ “ლოკომოტივი” დააწინაურა. მათი უპირატესობა ორწუთიანი აღმოჩნდა, რადგან მალევე, ისინი დაჯარიმდნენ და მახარაშვილმა საშუალო მანძილიდან უპირატესობა “ვისოლი-ყოჩებს” დაუბრუნა - როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელად. “ყოჩები” ჯანში სულ-უფრო და უფრო მოიკოჭლებდა და მეტოქის შეტევებს ჯარიმის ხარჯზე აჩერებდა. 48-ე წუთი მიდიოდა, როდესაც ისინი ცენტრის სიახლოვეს დაჯარიმდნენ, მაგრამ იმ დღეს, ბობა კვინიხიძეს დარტყმა მისდიოდა და თითქმის ცენტრიდან, უშეცდომოდ დაარტყა - 15:14. ოთხიოდე წუთში, მან უკვე საშუალო მანძილიდან დაჰკრა და “ლოკომოტივი” კიდევ უფრო წინ გაიყვანა. სამ წუთში, ბობამ არეკნის გატანა სცადა, მაგრამ მიზანი ვერ გაასწორა. მიუხედავად ამისა, მეტოქის თავის ნახევარზე გამოკეტვა მოახერხეს და ბურთი წინ რომ არ დავარდნოდათ, “ლოკომოტივის” მიძალება, შესაძლოა, ლელოთი დაგვირგვინებულიყო.
დასკვნით მეოთხედში “ვისოლი-ყოჩებმა” ბოლო ძალები მოიკრიბა და მოლით ჩათვლის მოედანშიც შეაღწია, მაგრამ რეფერიმ ლელო ვერ დააფიქსირა. 5-მეტრა შერკინება კი მიიღეს, მაგრამ ამ კომპონენტში “ლოკომოტივი” შეუდარებელი იყო და მეტოქეს ბურთი ჩამოართვა. რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა, “ვისოლი-ყოჩები” ლელოს გატანის აუცილებლობის წინაშე რჩებოდა და ჯარიმის კარში დრტყმას ბურთის აუტში გატანა ამჯობინა, მაგრამ საკუთარი მოწოდება წააგო, “ლოკომოტივის” დაცვის გარღვევა ვერ მოახერხა და მარცხი განიცადა.
ამრიგად, “ვისოლი-ყოჩები” წელს ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა, ხოლო “ლოკომოტივი” ფინალში “ლელოს” დაუპირისპირდება და მასთან, გასულ წელს დაკარგული ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას ეცდება. ფინალამდე, 11 ნოემბერს, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის მებრძოლი თბილისის “ივერიასა” და “არმაზის” განმეორებითი შეხვედრა შედგება. ეს გუნდები ერთმანეთს “ვისოლზე”, 16:00 საათზე შეერკინებიან. პირველი მატჩი “არმაზმა” 37:24 მოიგო და 13-ქულიანი უპირატესობა აქვს.

საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
8 ნოემბერი. ორშაბათი. მცირე ფინალი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 1000 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ვისოლი-ყოჩები (თბილისი) 18:14 (9:11)
ლოკომოტივი:
15. კობერიძე, 14. ჭურღულია, 13. ჟამუტაშვილი, 12. ბერძენიშვილი, 11. ნადირაძე, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი, 2. გენებაშვილი (ზარიძე 67), 3. პეტრიაშვილი, 4. ნიშნიანიძე (კორკოტაძე 70), 5. გუჯარაიძე (ოზგებაშვილი 59), 6. ბერიშვილი, 7. ჩიტიძე, 8. ზ. მაისურაძე.
6 ჯარიმა: კვინიხიძე
ვისოლი-ყოჩები: 15. სოხაძე, 14. მახარაშვილი, 13. პ. მაისურაძე, 12. ადანაია, 11. ნიჟარაძე, 10. გაბუნია, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (შენგელია 77), 2. ბრეგვაძე, 3. ხოსიტაშვილი, 4. ბელაშვილი, 5. არჩუაშვილი, 6. ცხვედიანი (ტყეშელიაძე 48), 7. კალმახელიძე, 8. ნიკოლეიშვილი (დგებუაძე 46).
1 ლელო: ნიკოლეიშვილი
2 ჯარიმა: სოხაძე, მახარაშვილი
1 არეკნი: მახარაშვილი

14 ნოემბერი. კვირა. ფინალი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 18:00 საათი

ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.122559