ამბები

9:48 | 10.11.2010 | ნანახია 5346 - ჯერ

მალხაზ ჭეიშვილი: “საქართველოს ნაკრები ძლიერ გუნდებს არწასაგებად ეთამაშება”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მალხაზ ჭეიშვილი, ქართული რაგბის განვითარებისთვის ახლაც იღვწის. მისი პერიოდის “ბორჯღალოსნებმა”, ჯერჯერობით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიეს და 2007 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე 20 გუნდს შორის მე-13 ადგილი დაიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ირლანდიის ნაკრების დასამარცხებლად სულ ცოტა დაგვაკლდა, ჭეიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს მარცხი კანონზომიერი იყო და მთავარ მიზეზად ფსიქოლოგიურ მომენტს ასახელებს. საქართველოს ნაკრები, თავისდაუნებურად, ძლიერ გუნდებთან სათამაშოდ მოედანზე იმისთვის გადის, რომ არ დამარცხდეს, ან რაც შეიძლება მცირე სხვაობით წააგოს და არა გამარჯვებისთვის.
იმ პერიოდის “შესანიშნავი სამეული” არ დაშლილა და მალხაზ ჭეიშვილი, პაატა ნარიმანაშვილი და დავით ჩავლეიშვილი, რაგბის აკადემიაში მომავალი “ბორჯღალოსნების” გაწვრთნით არიან დაკავებული. თაობა მართლაც რომ კარგია, რაზეც 19-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობაც მეტყველებს. “მსოფლიო სპორტი” ჭეიშვილს განვლილ პერიოდზე და აწმყოზე ესაუბრა.
- როგორ დაიწყო თქვენი სამწვრთნელო კარიერა?
- ჯერ კიდევ 1997 წელს, როდესაც მე “ყოჩების” მოთამაშე ვიყავი და პარალელურად მწვრთნელს ვეხმარებოდი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლაშა გეგენავა. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გუნდი მე ჩამებარებინა. ეს ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა და დავთანხმდი. 2003 წელს, საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მე, პაატა ნარიმანაშვილს და დავით ჩავლეიშვილს ეროვნული ნაკრები ჩაგვებარებინა და ასე აღმოვჩნდი ქვეყნის უპირველეს გუნდში.
- სწორედ ნაკრებში მუშაობის პერიოდში, თქვენ, ჯერჯერობით, თქვენი სამწვრთნელო მოღვაწეობის მწვერვალს მიაღწიეთ, როდესაც გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანეთ და იქაც წარმატებით ითამაშეთ.
- საფრანგეთში, საქართველოს ნაკრებმა 20 გუნდს შორის მე-13 ადგილი დაიკავა. ეს, შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო და მეტის მიღწევა, პრაქტიკულად ვერც წარმოგვედგინა.
- მეტის მიღწევა, შეუძლებელი იყო? საქართველოს ნაკრებს ირლანდიის დასამარცხებლად სულ ცოტა დააკლდა.
- როგორც წესი, რაგბიში, სპორტის სხვა სახეობისგან განსხვავებით, გამარჯვებას მუდამ ძლიერი აღწევს და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. სიმართლე გითხრათ, ზოგადად, რაგბის განვითარებისთვის არასწორი იქნებოდა ჩვენ რომ ირლანდიისთვის მოგვეგო, თუმცა, ჩვენ ცდა არ დაგვიკლია. ვერმოგების მიზეზი, სხვა დანარჩენებთან ერთად, ფსიქოლოგიური ფაქტორიც იყო. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ გამარჯვებისთვის კი არა, უფრო იმისთვის გადის, რომ არ დამარცხდეს და მიზეზიც სწორედ ეს იყო.
- თქვენს შემდეგ, ნაკრები ტიმ ლეინმა ჩაიბარა.
- ლეინი ჩემი კოლეგაა და მის შეფასებას არ ვაპირებ, ეს არაკორექტული იქნება. უმჯობესია, მასზე საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას დაეკითხოთ.
- რა შეიცვალა საქართველოს ნაკრების თამაშში ლეინის მოღვაწეობის დროს?
- არა მგონია, რაიმე შეცვლილიყო. ეს, ჩემი სუბიექტური აზრია.
- “ბორჯღალოსანთა” ახალ მწვრთნელ რიჩი დიქსონზე რას გვეტყვით?
- ახლა მე რაგბის აკადემიაში ვმუშაობ და რიჩისთან შეხვედრა ხშირად მიწევს. მე მას წარვუდგინე 10 თვიანი გეგმა, რომლითაც აკადემიაში ვაპირებთ მუშაობას და დიქსონმა ის მოიწონა, გარკვეული შენიშვნებიც მოგვცა. რიჩი ძალიან თბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და ჩვენს ბიჭებს სწორედ ეს სითბო სჭირდებათ. ვფიქრობ, ნაკრების თამაში კიდევ უფრო დალაგდება.
- რაგბის აკადემიაში, თქვენს მოვალეობაში რა შედის?
- რაგბის აკადემია 2008 წელს შეიქმნა. ის რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IღB) განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია. ჩვენთან ვარჯიშობენ სხვადასხვა კლუბების ახალგზარდა, პერსპექტიული მორაგბეები, რომლებსაც კლუბის მწვრთნელებთან კონსულტაციებით ვარჩევთ. აკადემიაში სწავლის ვადა ოთხი წელია. პირველ ჯერზე, 1992-93 წლებში დაბადებული მორაგბეები მივიღეთ, მომავალ წელს, ერთი წლით პატარები და ასე შემდეგ. ჩვენთან ისინი 19-20 წლამდე რჩებიან და იმ კომპონენტებს ხვეწენ, რისი საშუალებაც კლუბებში არა აქვთ. მე იქ მარტო არ ვმუშაობ, ჩემთან ერთად არიან პაატა ნარიმანაშვილი და დავით ჩავლეიშვილი.
- რამდენად კარგი თაობა მოდის?
- ბედნიერი ვიქნები, თუ აკადემიის ყველა მორაგბე ასაკობრივ ნაკრებებში ითამაშებს. დღეისათვის შემიძლია გითხრათ, რომ ნაკრებში მათი 90 პროცენტი თამაშობს და ახლახანს, 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონებიც გახდნენ. ძალიან მესიამოვნება, თუ 19 წლის ბიჭი სამსოფლიოჩემპიონატო განაცხადშიც მოხვდება. ჩვენ უფრო, თემატური ვარჯიშები გვაქვს და ახალგაზრდა მორაგბეებს დაოსტატებაში ვეხმარებით.   
- გარკვეული დრო, თქვენ აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში გაატარეთ.
- ჩემამდე იქ გურამ მოდებაძე მუშაობდა და აზერბაიჯენელებმა მას სთხოვეს, რომ ახალი მწვრთნელის არჩევაში დახმარებოდა. მოდებაძემ ჩემი კანდიდატურა შესთავაზა და აზერბაიჯანში 2 თვე ვიმუშავე. ამ პერიოდში ერთი შეხვედრა გავმართეთ ბოსნიასთან და დავმარცხდით. აზერბაიჯანში რაგბის კულტურა არ არსებობს და იქ ამ სპორტის სახეობას არავინ იცნობს. დაახლოებით 30 კაცი ვარჯიშობს, რომლებიც დილით მუშაობენ და საღამოობით ვარჯიშობენ. ამ ქვეყანაში სარაგბო ჩემპიონატი არ ტარდება და ნაკრებს წელიწადში სულ 2 თამაში უწევს. მათ სურვილი ჰქონდათ, რომ საქართველოს ჩემპიონატში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ ფინანსები ვერ გამონახეს. სახელმწიფოს დახმარების გარეშე არაფერი გამოვა. ვინც ვარჯიშობენ, ის ბიჭები ფიზიკურად ძალიან კარგად არიან მომზადებული და რამნდენადაც ვიცი, საქართველოს ჩემპიონატში თამაშის სურვილი ახლაც აქვთ.
- ცოტა ხნის წინ, საქართველომ პირველ საკლუბო საერთაშორისო ტურნირს, “შავი ზღვის თასს” უმასპინძლა.
- ნებისმიერი მსგავსი ტურნირი, ქართული რაგბის და ქართული კლუბების განვითარებისთვის აუცილებელია. “შავი ზღვის თასზე” ქართული კლუბების ნაკრებები გამოდიოდნენ. სანახაობრივად ნორმალური თამაშები იყო, მაგრამ ნოვაციები ვერ დავინახე, ჩვენმა გუნდებმა, ძირითადად, ერთფეროვნად ითამაშეს. იმედია მომავალში უკეთესი შეხვედრები იქნება.
- უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში, ქართული რაგბი რამდენად განვითარდა?
- მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე გახდა, წინსვლა ნათელია, როგორც ოფისის, ასევე სანაკრებო მუშაობის კუთხით. ეს, ყველაფერში ნათლად ჩანს.


ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085553