ამბები

0:05 | 11.11.2010 | ნანახია 4913 - ჯერ

პრეზიდენტმა “შევარდენის” სარაგბო აკადემია მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე “შევარდენის” სარაგბო აკადემიას ესტურმა და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. სააკაშვილთან ერთად, სარაგბო აკადემიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.
პრეზიდენტმა საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა ახლადგახსნილ აკადემიაში მიულოცა და თავდადებული თამაშისათვის მადლობა გადაუხადა.
“სპორტის ამ სახეობაში მგონი გინესის რეკორდი დავამყარეთ, რადგან ადრე მხოლოდ ერთი მოედანი გვქონდა და ჩვენი გუნდი მაინც მსოფლიო კლასის ნაკრები გახდა. საფრანგეთში რაგბის ბოლო ჩემპიონატს დავესწარი და უნდა ვთქვა, რომ იქ საქართველოს ნაკრებს ცალკე ფანკლუბი ჰყავდა.
მინდა, დიდი მადლობა გითხრათ იმ ვაჟკაცური განცხადებისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გააკეთეთ და თქვენი გამარჯვება 2008 წელს დაღუპული ბიჭების ხსოვნას მიუძღვენით. ეს საქართველომ დააფასა.  
სპორტის ზოგიერთ სახეობაში ზოგს ჰიმნსაც ვერ ამღერებ. ჩვენი მორაგბეები სწორედ იმიტომ იგებენ, რომ ჰიმნიც იციან და საქართველოს სახელითაც ამაყობენ. როდესაც სიამაყის გრძნობა გაქვს, წაგება არ გინდა.
ჩვენ ვიწყებთ რაგბის მოედნების მშენებლობას ფოთში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, თელავსა და გორში. 2012 წელს სერიოზული ინფრასტრუქტურა – 19 მოედანი გვექნება. ამ სპორტით ბავშვებიც დაინტერესდებიან, როდესაც სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილებს სპორტი ჩაანაცვლებს” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  
ცნობისთვის, რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით, დაგეგმილია თბილისის მასშტაბით 12 სტანდარტული სათამაშო-სავარჯიშო სარაგბო ბაზის მოწყობა. სარაგბო მოედნები აშენდება ასევე ფოთში, რუსთავში, გორში, თელავში, სენაკში, ქუთაისში, ბათუმსა და მარტყოფში. 2012 წლისთვის სარაგბო ინფრასტრუქტურის პროექტი საქართველოს მასშტაბით მთლიანად დასრულდება.
“შევარდენის” კომპლექსში, რომელიც კომპანია “ქართუ ჯგუფის” მეშვეობით აშენდა, ტრიბუნა 1700-მდე ადამიანზეა გათვლილი. აკადემიაში მოწყობილია გასახდელები, საშხაპეები, სატრენაჟორო დარბაზები და სამსაჯო ოთახები. ახლადგახსნილი შენობა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მოწყობილია ხელოვნურ და ბუნებრივსაფარიანი მოედნები, მომავალი წლისათვის კომპლექსს 60 კაცზე გათვლილი სასტუმრო შეემატება.
“შევარდენის” სარაგბო აკადემია ოფიციალურად 18 ნოემბერს გაიხსნება, წლის ბოლოს კი სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე “სინათლის” სავარჯიშო-სათამაშო ბაზის მშენებლობაც დასრულდება.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოში ერთ-ერთი ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარების შესახებ ისაუბრა, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა მიიღო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077635