ამბები

10:08 | 12.11.2010 | ნანახია 5888 - ჯერ

გიორგი ჭყოიძე: “ყველა შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვი”

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარებულ 19-წლამდე მორაგბეთა ევროპის 2010 წლის ჩემპიონატზე, შესანიშნავად იასპარეზეს ქართველმა “ბორჯღალოსნებმა”, რომლებმაც ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგეს და ოქროს მედლები დამსახურებულად მოიპოვეს.
პორტუგალიისა (27:3) და რუმინეთის (29:3) დამარცხების შემდეგ, ქართველი ჯეელები გადამწყვეტ შეხვედრაში რუს თანატოლებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც ფინალური მატჩისათვის უჩვეულო ანგარიშით – 38:7 გაანადგურეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, ქართველმა მორაგბეებმა 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, რომელსაც 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს.
აღნიშნულმა ტურნირმა დაგვარწმუნა, რომ მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მოსპარეზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ღირსეული ცვლა ეზრდება.
19-წლამდელთა შორის, ევროპის 2010 წლის ჩემპიონ საქართველოს ნაკრებში, ერთ-ერთი საუკეთესო, გუნდის კაპიტანი გიორგი ჭყოიძე იყო, რომელიც მე-8 ნომრით ასპარეზობს.
გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ჭყოიძესთან, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.
- ელოდით, რომ ევროპის ჩემპიონატს ასე დიდი უპირატესობით მოიგებდით?
- ბრიუსელში ოქროს მედლების მოსაპოვებლად ვიყავით ჩასულები, მაგრამ თუ ასე დიდი უპირატესობით მოვუგებდით მეტოქეებს ნამდვილად არ მეგონა. ამ გუნდებთან ადრეც გვითამაშია და მათგან უფრო დიდ წინააღმდეგობას ველოდით.
- მართალია, მინიმალური ანგარიშით, მაგრამ რუსეთის ამავე გუნდთან, ერთი წლის წინ 17:18 დამარცხდით, რა იყო მაშინ რუსეთთან წაგების მიზეზი, რომელსაც 17:0 უგებდით?
- მაშინ დამარცხების მიზეზი გამოუცდელობა იყო. ამჯერად დავამტკიცეთ, რომ ბევრად უფრო ძლიერ მეტოქეებთან შეგვიძლია თამაში, ვიდრე ბრიუსელში გვყავდა.
- მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას ხომ არ აპირებთ?
- ჩვენ ყველა შემთხვევაში მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად გავდივართ მოედანზე. რა თქმა უნდა გამორიცხული არც მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.
- ფინალში გამარჯვება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს მიუძღვენით...
- ქართველმა ბიჭებმა რუსეთთან ომში თავი გაწირეს. აღნიშნულ ჩემპიონატზე რუსეთ-საქართველოს სარაგბო მატჩიც ერთგვარი ომი იყო. თამაშის წინ ნაკრების წევრებმა ფიცი დავდეთ, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვჯდომოდა, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო და გამარჯვება ომში დაღუპული გმირებისთვის მიგვეძღვნა.
- თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ?
- დავიბადე 1991 წლის 17 მაისს. მამა – გია ჭყოიძე, დედა – იამზე მსხილაძე, ძმა – ირაკლი და და – ინგა ჭყოიძეები. ვსწავლობ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის ფაკულტეტის მეორე კურსზე. ვარ ევროპის ჩემპიონი 19-წლამდე მორაგბეთა შორის, შავი ზღვისა და საქართველოს თასის მფლობელი. ვთამაშობ საქართველოს ჩემპიონ “ლელოს” რიგებში.
- რამდენი წელია რაც რაგბში ვარჯიშობთ?
- 13 წლის ვიყავი, როცა “ლელოს” ბავშვთა გუნდში მივედი და მას შემდეგ ოვალური ბურთი ხელიდან აღარ გამიშვია.
- რაგბის გარდა სპორტის სხვა სახეობა თუ გიყვართ?
- სპორტი იმდენად მიყვარს, რომ როცა დრო მაქვს, სპორტის ყველა სახეობას ვუყურებ.
- თუ სპორტის ყველა სახეობა გიყვართ, რაგბზე არჩევანი რატომ შეაჩერეთ?
- დამთავრებული მაქვს თბილისის 169-ე სკოლა. რაგბში ვარჯიში ჩემი მეგობრის, სანდრო ქოიავას რჩევით დავიწყე.
- რაგბი ძალისმიერი სპორტია და ტრავმებიც ხშირია. აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენი მშობლები როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას?
- მამაჩემს უნდოდა ფეხბურთელი გამოვსულიყავი. შემდეგ შეეჩვია ჩემს გადაწყვეტილებას და ახლა იგი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
- ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის ფაკულტეტზე ვისი რჩევით მოხვდით?
- ეს უკვე ჩემი მშობლების გადაწყვეტილება იყო.
- ვინ არის თქვენი საყვარელი მორაგბე?
- საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერი მამუკა გორგოძე.
- ნაკრებ გუნდებს შორის ვის ქომაგობთ?
- საქართველოს ეროვნული ნაკრების შემდეგ, სამხრეთ აფრიკას ვქომაგობ.
- რამდენიმე დღეში, კონკრეტულად კი 14 ნოემბერს, “ლელოს” ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოუწევს, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში “ლოკომოტივს” შეხვდება, როგორც შეაფასებთ “ლელოსა” და “ლოკომოტივის” საჩემპიონო შანსებს?
- მართალია, ფინალის წინ ერთხელ უკვე მოვუგეთ “ლოკომოტივს”, მაგრამ შანსებს მაინც 50/50-ზე ვაფასებ, ფინალია და ასეთ მატჩებში გამორიცხული არაფერია.
- თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
- მინდა ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში და საკლუბო კარიერა საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გავაგრძელო.
- რაგბის გარდა, თქვენ უნივერსიტეტში მეორე პროფესიასაც ეუფლებით, აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ რომელ პროფესიას უერთგულებთ?
- სანამ მოედანზე ყოფნას შევძლებ, რაგბს ვერ შეველევი, შემდეგ მომავალი გვიჩვენებს.

როლანდ ლაბუჩიძე


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080464