საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ, საკუთარი გადაწყვეტილებით „ტულონის“ მთავარი მწვრთნელი ბერნარ ლაპორტი და კლუბის ხელმძღვანელობა აღფრთოვანებული დატოვა.
მას შემდეგ, რაც რუსეთთან მატჩისთვის „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ამ კლუბის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე გამოიძახეს, კლუბს აღნიშნულ პოზიციაზე „გრენობლთან“ მატჩის წინ პრობლემები შეექმნა. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარა გორგოძე „ტულონს“ და მეორე ხაზში თამაშს დათანხმდა, რითაც ერთდროულად კლუბსა და ნაკრებს დიდი სამსახური გაუწია.
„ჩვენ საქართველოს ნაკრებში ერთი მოთამაშე უნდა გაგვეშვა და მამუკას ვკითხეთ - ითამაშებდა თუ არა მეორე ხაზში, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ. ადამიანი, რომელიც მატჩში 19 ბოჭვას ასრულებს, აუცილებლად უნდა იყოს მოედანზე და სეზონის ბოლომდე მის გამოყენებას უკვე ორივე პოზიციაზე შევძლებთ. შედეგად, კოტე მშვიდად გავაცილეთ ნაკრებში“ - თქვა ლაპორტმა.
მსოფლიო თასის წინა შეკრებისა და მისი მსვლელობის პერიოდში, ქართველმა და მათ შორის „ტულონელმა“ ლეგიონერებმა, ჯამში ნაკრებში 4-თვეზე მეტი გაატარეს. შეთანხმების თანახმად, სანაკრებო შეკრებას ხელი არ შეუშალა „ტულონმა“ და სანაცვლოდ, ამ კლუბის ქართველ ლეგიონერებს შეზღუდული რაოდენობით უნდა ეთამაშათ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. ამ ეტაპზე კლუბიდან „ბორჯღალოსნებს“ მიქაუტაძე დაუთმეს, ხოლო არაოფიციალური ფინალისთვის, რომელიც 19 მარტს „ბორის პაიჭაძეზე“ რუმინეთთან გაიმართება, მას უკვე გორგოძეც შეუერთდება.
„ტულონისა“ და საქართველოს რაგბის კავშირის შეთანხმების თანახმად, ერთა თასის შეხვედრებში მონაწილეობა არ უნდა მიმეღო. რეალურად, ეს ტურნირი ჩვენთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს, 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური დაბევებული გვაქვს და ერთადერთი გუნდი, რომელიც თანასწორია, რუმინეთის ნაკრებია. ის ბიჭები, ვინც რუსეთთან იწყებენ თამაშს, არავისზე ნაკლები არ არიან და ამ შემადგენლობას თავისუფლად შეუძლიათ როგორც რუსეთის, ასევე რუმინეთის დამარცხება და თასის მოგება. მიუხედავად ამისა, რუმინეთთან თამაშისთვის თბილისში მოვდივარ და გუნდთან ერთად მოვემზადები.
რაც შეეხება პოზიციის შეცვლას, ლაპორტმა მთხოვა, რომ გუნდს მეორე ხაზში უჭირდა და თუ შევძლებდი ამ პოზიციაზე მეთამაშა, რაზეც თანხმობა მივეცი. რა თქმა უნდა, ჩემთვის მესამე ხაზში თამაში უფრო სასიამოვნოა, მაგრამ როდესაც ასეთი ვარსკვლავური გუნდის შემადგენლობაში ხარ, მთავარია მოედანზე იყო და სულ ერთია სად ითამაშებ. სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე ხშირად მომიწევს პოზიციების შეცვლა“ - უთხრა worldrugby.ge-ს გორგოძემ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია რომ გიხილავთ დინამოს მოედანზე