ამბები

16:12 | 13.11.2010 | ნანახია 3076 - ჯერ

“ლოკომოტივი” ფინალში ჩემპიონთან ბრუნდება

საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში 2008 წლის ფინალისტები ითამაშებენ. “ბზის თასის” მფლობელი თბილისის “ლელო”, ტიტულის დაცვას იმ “ლოკომოტივთან” ეცდება, რომლისგანაც ჩემპიონის სახელი გასულ წელს გადაიბარა.
2008 წლის ჩემპიონატის ფინალში, “ლოკომოტივმა” “ლელო” 19:9 დაამარცხა და ქვეყნის უპირველესი გუნდის სახელი ბოლოჯერ მოიპოვა. მას შემდეგ, იმ წლის თასის გათამაშების განმეორებითი ნახევარფინალიდან მოყოლებული, ეს გუნდები ჩემპიონატსა თუ თასზე ერთურთს ცხრაჯერ დაუპირისპირდნენ და ყველა შემთხვევაში გამარჯვება “ლელოს” დარჩა. ბოლო ჯახი 3 ნოემბერს ფლეი ოფში შედგა და “ლელომ” 22:10 იმარჯვა, რითაც თავად ფინალში ნაადრევად გავიდა, ხოლო “ლოკომოტივს” მცირე ფინალში მოუწია ბრძოლა. იქ “ლოკომოტივმა” “ვისოლი-ყოჩებს” 18:14 აჯობა, არადა, საწყისი 20 წუთის შემდეგ 0:11 აგებდა.
ფლეი ოფის გარდა, წლეულს ეს გუნდები ერთურთს კიდევ სამჯერ დაუპირისპირდნენ. რეგულარული პირველობის პირველ წრეში, მეტოქეებმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს და “ლელომ” 9:3 მოიგო. მეორე წრის მატჩი უფრო შედეგიანი გამოდგა, ჩემპიონმა სამი ლელო გაიტანა, “ლოკომოტივმა” ორი და “ლელომ” 26:17 იმარჯვა. კიდევ ერთხელ ამ გუნდებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ითამაშეს, ამჯერად საქართველოს თასის ფინალში. მაშინ “ლოკომოტივმა” პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა და 17:9 იგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში “ლელომ” უკეთ იბურთავა და ჯამში 23:17 იმარჯვა, რითაც საქართველოს თასი შეინარჩუნა. შეძლებს თუ არა “ლელო” “ბზის თასის” შენარჩუნებას, 14 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამოჩნდება, სადაც ფინალური დაპირისპირება 14:00 საათზე დაიწყება.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081886