ამბები

22:23 | 14.11.2010 | ნანახია 3630 - ჯერ

“ლოკომოტივი” სათავეში დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის “ლოკომოტივი” გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თანაქალაქელი “ლელო” 16:11 დაამარცხა და მისგან გასულ წელს დაკარგული “ბზის თასი” გადაიბარა.
საქართველოს უპირველესი გუნდის წოდებისთვის, “ლოკომოტივი” და “ლელო” ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუპირისპირდნენ. ამ გუნდებმა ქვეყნის ჩემპიონის გამოსავლენად პირველად 2008 წელს ითამაშეს და გამარჯვებული მაშინაც “ლოკომოტივი” დარჩა. იქიდან მოყოლებული, ქვეყნის რეგულარულ პირველობაზე, ფლეი ოფსა თუ თასის გათამაშებაში, ეს გუნდები ერთურთს მეათედ შეხვდნენ და “ლოკომოტივმა” მოუგებელი სერია სწორედ გადამწყვეტ ჯახში დაასრულა. თამაში ტრადიციულად, დაძაბული, ემოციებით დატვირთული იყო და იმარჯვა იმან, ვინც კონკრეტულ მატჩს უკეთ მომზადებული შეხვდა.
შეხვედრა მოქმედი ჩემპიონის, “ლელოს” უპირატესობით კი დაიწყო, მაგრამ სადებიუტო გარღვევა არ შედგა, მერე მჭედლიშვილს არეკნი აუცდა, მე-8 წუთზე კი, “ლოკომოტივმა”  ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა. იმ დღეს საოცრად დამრტყმელმა ბობა კვინიხიძემ, დაახლოებით 45 მეტრიდან, უნაკლოდ დაჰკრა და ანგარიში გახსნა.
მე-15 წუთზე, “ლელომ” საპასუხოდ არეკნი სცადა, მაგრამ ყიასაშვილის დარტყმა არაზუსტი იყო, თუმცა, “ლელოს” ჯარიმის უპირატესობა ჰქონდა და მჭედლიშვილმა საშუალო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა. ტაიმის შუამდე “ლელო” მეტოქის ნახევარზე კი დარჩა, მაგრამ ვერაფრით იხეირა, ხოლო “ლოკომოტივმა” კონტრშეტევისას ჯარიმის უფლება მოიპოვა და კვინიხიძემ “ლოკომოტივი”, დაახლოებით 42 მეტრიდან ზუსტი დარტყმით, 6:3 დააწინაურა.
აქედან მოყოლებული, “ლოკომოტივი” მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა. ჟამუტაშვილის პირველი გარღვევა უშედეგოდ დასრულდა, მერე კვინიხიძეს არეკნი აუცდა, სულ ბოლოს კი, ღვინჯილიამ ხაზი გაჭრა, დროული პასით ჟამუტაშვილი ხაზზე მარტო დატოვა და მანაც ლელო გაიტანა. კვინიხიძემ რეალიზაცია გამოიყენა და მიუხედავად ყიასაშვილის და კოლელიშვილის მცდელობისა, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა - 13:3.
მე-2 ტაიმში “ლელო” კიდევ უფრო გააქტიურდა, თუმცა, “ლოკომოტივი” თავს თავგანწირვით იცავდა. 45-ე წუთზე, მჭედლიშვილს შორეული ჯარიმა კი გაუფუჭდა, მაგრამ ხუთ წუთში მოლში გვერდიდან შესვლისთვის დანიშნული სტანდარტი საშუალო მანძილიდან გამოიყენა. კვინიხიძემ თავის გუნდს 10-ქულიანი უპირატესობა სამ წუთში დაუბრუნა, როდესაც შორიდან ჯარიმა ზუსტად დაჰკრა. 57-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ღვინჯილიამ კონტრშეტევა სცადა და ფეხით ბურთი შეაგორა, მაგრამ ის მეტოქეის ნადავლი გახდა, კაჭარავამ ხაზი გაჭრა, ლექსო გუგავას დროულად უპასა და მანაც ლელოებით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მჭედლიშვილმა რეალიზაციით ვერ იხეირა.
ამ დარტყმამ თამაშის მსვლელობის ხასიათი შეცვალა. 5-ქულიან ჩამორჩენას ლელოს გატანა სჭირდებოდა, “ლელომ” სწორედ სალელოვედ უტია, მაგრამ “ლოკომოტივმა” დაცვაში უნიკალურად ითამაშა. “რკინიგზელები” შეტევებისას კი უშვებდნენ შეცდომებს, მაგრამ ამით, აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა ვერ ისარგებლა. ჯერ კიდევ 63-ე წუთზე, მჭედლიშვილმა საშუალო მანძილიდან გასატანი ჯარიმა ააცილა, თორემ საბოლოო შედეგი, შესაძლოა, სხვაგვარი ყოფილიყო, მაგრამ გამოუყენებელმა შანსმა “ლელოს” სხვაგვარი ტაქტიკით თამაში აიძულა და იმანაც ვერ უშველა, რომ მიწურულს რეფერიმ ზვიად მაისურაძე გაასინბინა და “ლოკომოტივმა” ბოლო 4-5 წუთი კაცნაკლულმა გაატარა.
ამრიგად, მას შემდეგ, რაც “ლოკომოტივი” დაერქვა, ამ გუნდმა ქვეყანაში უძლიერესის სახელი მეშვიდედ მოიპოვა და სწორედ ამით დაასრულა ის უსიამოვნო ტრადიცია, რასაც “ლელოსთან” ცხრამატჩიანი წაგებათა სერია ერქვა.
“ლელო” ამჯერად მხოლოდ მე-2 ადგილს დასჯერდა, მაგრამ ის თასის მფლობელად და მომავალი გათამაშების მოგების მთავარ პრეტენდენტად ჯერ კიდევ რჩება.
 

საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატი რაგბში
14 ნოემბერი. ორშაბათი. ფინალი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 3000
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 16:11 (13:3)

ლოკომოტივი: 15. კობერიძე, 14. ქავთარაძე (ასათიანი 80), 13. ხუციშვილი, 12. ბერძენიშვილი, 11. ჟამუტაშვილი, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი, 2. გენებაშვილი (ზარიძე 70), 3. პეტრიაშვილი, 4. ნიშნიანიძე (ახვლედიანი 76), 5. გუჯარაიძე (კორკოტაძე 67), 6. ბერიშვილი, 7. ჩიტიძე (ოზგებაშვილი 60), 8. ზ, მაისურაძე.
ლელო: ჟამუტაშვილი
გარდასახვა: კვინიხიძე
3 ჯარიმა: კვინიხიძე
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ჯოგლიძე, 13. კორკელია, 12. ლომინაძე, 11. გუგავა, 10. მჭედლიშვილი, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე, 2. ჭყონია, 3. სუჯაშვილი, 4. აზალაძე, 5. ჯალაღონია (ხორბალაძე 37), 6. კოლელიშვილი (ი. მაისურაძე 41), 7. დაუშვილი, 8. ჭყოიძე.
1 ლელო: გუგავა
2 ჯარიმა: მჭედლიშვილი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.179493