ამბები

23:26 | 14.11.2010 | ნანახია 2971 - ჯერ

კანადა საქართველოში ლელოებით მოდის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქემ, კანადის ნაკრებმა, ევროტურის მეორე შეხვედრაში, ესპანეთის ნაკრებს 8 ლელო გაუტანა და მეტოქე 60:22 გაანადგურა.
ერთი კვირის წინათ, ბელგიაში 43:12 მოგების შემდეგ, კანადელებმა თავიანთ მთავარ მეტოქესთან - საქართველოსთან თამაშამდე ესპანელებს შეუარეს. ჩრდილოამერიკელებმა მეტოქე ჯანში საგრძნობლად დაჯაბნეს და ტაიმი 31:12 მოიგეს. 8 ლელოდან 2, გუნდის ახალწვეულ ტეილორ პერისის ანგარიშზეა. 2 ლელო გაიტანა ოტულემ, ხოლო რიორდანმა, კარპენტერმა, ვან დერ მერვემ და სტეპენმა თითო-თითო ლელო მიითვალეს. პრიჩარდმა 7 გარდასახვა და 2 ჯარიმა გამოიყენა.
ესპანელებმა 2 ლელო დადეს და ოთხჯერ ჯარიმიდან იხეირეს. აღსანიშნავია, რომ კანადელებმა ტაიმში ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს, მასპინძლებმა კი თავიანთი ლელოები მხოლოდ მე-2 ტაიმში მიითვალეს.
საქართველოს ნაკრების მეორე მეტოქემ, აშშ-ს ნაკრებმა, ევროპულ ტურნეზე თავისი პირველი შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა და 22:17 იმარჯვა. ამერიკელები 28-ე წუთამდე 0:6-ს აგებდნენ, მერე პირველი ლელო დადეს, რეალიზაცია გამოიყენეს, შესვენებამდე ჯარიმითაც იხეირეს და ტაიმი 10:6 მოიგეს.
პორტუგალიელებმა ჯარიმით ჩამორჩენა მე-2 ტაიმის დასაწყისში შეამცირეს, მაგრამ 56-ე წუთზე ლელო გაუშვეს და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა. მე-60 წუთზე, ამერიკელებმა მე-3 ლელო მიითვალეს. პორტუგალიელებმა შუაში ჯარიმით ისარგებლეს, მიწურულს კი ლელოთი იხეირეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ.
ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08224