მსოფლიო თასის 2011 წლის გათამაშებაში მონაწილეობისთვის, ბოლო, მე-20 ადგილის მოსაპოვებლად, რუმინეთი და ურუგვაი იბრძვიან. ორი მატჩის ჯამში, მათ შორის უკეთესი, ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრებთან ერთად იბურთავებს ჯგუფში.
გასულ შაბათს რუმინელებმა ურუგვაიში, მონტევიდეოში, ორრაუნდიანი ჯახის პირველი გასვლითი შეხვედრა გამართეს და იქიდან საყაიმო ანგარიშით დაბრუნდნენ. არადა, ჯერ 9:0-ს იგებდნენ, პირველი ნახევარი 14:5 მოიგეს, ხოლო მერე 21:11 დაწინაურდნენ, მაგრამ მხოლოდ 21:21-ს დასჯერდნენ.
ურუგვაელები ძალისმიერ თამაშს მოერიდნენ და ბურთის გაშლა სცადეს. რუმინელებმა საწყის წუთებზე 5-მეტრა შერკინებით ვერ ისარგებლეს, მასპინძელთა 2 კონტრშეტევა კი, უშედეგოდ დასრულდა. ტაიმის შუაწელს რუმინელებმა 2 ჯარიმა გაიტანეს, მერე ლელო გაუშვეს, მაგრამ შესვენებამდე ჯარიმა და ლელო თავადაც დადეს და დამსახურებულად დაწინაურდნენ.
მე-2 ნახევარი იმით დაიწყო, რომ ურუგვაელებმა ჯერ შორიდან, მერე კი ახლოდან გატანილი ჯარიმებით სხვაობა შეამცირეს. რუმინელებმა მე-60 წუთზე გაიწიეს და ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მიაყოლეს. თუმცა, ათ წუთში ურუგვაელთა ფაზურ შეტევებს ვერ გაუძლეს, საპასუხო ლელო გაუშვეს და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა, ხოლო სულ ბოლოს, სამხრეთამერიკელებმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს და ახლა, ბედნიერს განმეორებითი მატჩი გამოავლენს.
“დავწმუნდით, რომ რუმინეთი ისეთი ძლიერი არ ყოფილა, როგორიც გვეგონა. გადამწყვეტ მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. ყველაფერს დასკვნითი 80 წუთი გადაწყვეტს, იქ თამაშის გამოცდილება კი, ჩვენს მორაგბეებს არ აკლიათ”, - თქვა ურუგვაელთა კაპიტანმა კარლოს არბოლეიმ.
“ჩვენი პოტენციალი სრულად არ გამოვავლინეთ. ყველაფერი კარგად დასრულდა და ახლკა გარკვეულ უპირატესობას ვფლობთ. განმეორებით მატჩს უკეთეს მდგომარეობაში ვხვდებით”, - დაამატა ურუგვაელთა დამრიგებელმა გონსალო კამარდონიმ.
“მსოფლიოს თასის ბოლო მონაწილის გასარკვევად, საუკეთესო საშუალება დასკვნითი მატჩია. შესაძლოა, ყველაფერი უკანასკნელმა წამებმა გადაწყვიტოს და ჩემი გუნდი საამისოდ მზადაა” - განაცხადა რუმინელთა მწვრთნელმა რომეო გონტინიკმა.
რუმინელთა მთავარი მწვრთნელის დამხმარე სტივ მაკდაუელი თავის შეფს არ დაეთანხმა: “ისეთი კარგები არ ვიყავით, როგორიც უნდა ვყოფილიყავით. სტატიკაში მოვიკოჭლეთ და ვერც ბურთი ვაკონტროლეთ საკმარისად. საფრანგეთის კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებს და ადგილობრივ წარმომადგენლებს შეთამაშება აკლდათ და განმეორებითი მატჩის წინ ამ პრობლემის აღმოფხვრას ვეცდებით”.
“ურუგვაის განმეორებით მატჩში ძლიერ გაუჭირდება. ძალიან კარგი ახალბედები გვყავს და სახლში ბევრად უკეთ ვითამაშებთ. დღეს ბევრი შეცდომა დავუშვით და უკეთეს შედეგს ამის გამო ვერ მივაღწიეთ, მაგრამ შედეგი მაინც დამაკმაყოფილებელია”, - დაამატა რუმინელთა კაპიტანმა სორინ სოკოლმა.
რეპეშაჟის განმეორებითი მატჩი 27 ნოემბერს რუმინეთში შედგება და იქ გამარჯვებული გუნდი ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრების მეტოქე გახდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია