როგორც მოსალოდნელი გახლათ, ნოემბრის ტესტებმა შესაბამისი ასახვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) განახლებულ რეიტინგშიც ჰპოვა. დიდი უპირატესობით გალიდერებულმა ახალი ზელანდიის ნაკრებმა მორიგი გამარჯვებით პირველობა შეინარჩუნა, თუმცა, სხვა “ბობოლებს” მნიშვნელოვანი გადაადგილებები შეეხოთ.
გასული უქმეების ყველაზე გამორჩეული შედეგი ლონდონის “თვიქნემის” სტადიონზე დაფიქსირდა, სადაც მასპინძელმა ინგლისმა ავსტრალია 35:18 გაანადგურა და მე-4 ადგილიდან ფრანგები დააქვეითა, ოზებს კი მე-2 პოზიციის სამხრეთ აფრიკისთვის მოუხდათ. შეგახსენებთ, რომ “ქურციკები” თავის მხრიბ კარდიფში უელსელებს სტუმრობდნენ და “მილენიუმზე” გამართულ დრამატულ შეხვედრაში 29:25 იმარჯვეს.
მოწინავე ათეულში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. ვერონას “ბენტეგოდიზე” იტალიელთა ძლევა (22:16) დაუფასდათ არგენტინელებს. სამხრეთამერიკელებმა თავი 80.33 ქულას მოუყარეს და მე-7 საფეხური შოტლანდიელებს აართვეს, რომლებიც თავშივე ხსენებულ ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან ედინბურგის “მარიფილდზე” 3:49 დამარცხდნენ.
ქულათა მარაგი გაიუმჯობესეს კანადისა და აშშ-ს ნაკრებებმა, რომლებიც შესაბამისად, 20 და 27 ნოემბერს, თბილისის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრებს შეერკინებიან. ჩრდილოამერიკელები ევროპულ ტურნეზე იმყოფებიან და ჯერჯერობით, მარცხის გემო არ შეუგრძვნიათ. გასულ შაბათს კანადელებმა ესპანეთი 60:22 გაანადგურეს, აშშ-ს კი გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა, თუმცა, პორტუგალიას მაინც აჯობა – 22:17.
ამ შეხვედრათა გათვალისწინებით. კანადელები 69.62 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან, აშშ 68.50 ქულით მეთხუთმეტეა, საქართველო კი 66.38 ქულით მეჩვიდმეტეზე რჩება, თუმცა, მომავალ მატჩებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. “ბორჯღალოსნებთან” ტესტი პირველს კანადას უწევს და ჩვენც იმას მოგახსენებთ, მომავალი შერკინების შედეგი გუნდების მდგომარეობაზე როგორ აისახება.
თუკი საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კანადელები 15 ან ნაკლები ქულის სხვაობით დაამარცხა, რეიტინგში 1.024 ქულას შეიმატებს და 67.40 ქულით მე-16 ადგილიდან ტონგას დააქვეითებს. თავის მხრივ ჩრდილოამერიკელებს 68.60 ქულა შერჩებათ. თუ “ბორჯღალოსნებმა” 15 ქულაზე მეტით იმარჯვეს, მეტოქეთა მაჩვენებლები ასეთი იქნება – საქართველო 67.92 (+1.536), კანადა – 68.08 (-1.536). ამ შემთხვევაში, ქართველი მორაგბეები კანადელებს ერთი ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდებიან და შორს არც აშშ იქნება, რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე, 19 ნოემბერს შოტლანდიის A ნაკრებს ეთამაშება და ამ მატჩის შედეგი კლასიფიკაციაში არ აისახება.
ცხადია, თუკი “ბორჯღალოსნებმა” გამარჯვება ვერ მოიპოვეს, ეს მათ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ყაიმის შემთხვევაში, ქართველებს 66.40 ქულა (-0.024) ექნებათ, 15 და ნაკლები ქულით მარცხი საქართველოს ეროვნული გუნდის მარაგს 65.40 ქულამდე (-0.976) დაიყვანს, ხოლო უფრო დიდი ანგარიშით წაგების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნებს” 64.92 ქულაღა (-1.464) შერჩებათ. აქვე ვთქვათ, რომ პატარა ანგარიშით მარცხი საქართველოს ნაკრებს რეიტინგში მე-18 ადგილამდე დააქვეითებს (რუსეთი გადაგვისწრებს), 15 ქულაზე მეტით წაგებით კი, ჩვენებურთა წინ, რუსეთის გარდა, რუმინეთიც აღმოჩნდება.
1 (1). ახალი ზელანდია 93.04
2 (3). სამხრეთ აფრიკა 86.70
3 (2). ავსტრალია 85.90
4 (5). ინგლისი 83.61
5 (4). საფრანგეთი 82.75
6 (6). ირლანდია 81.05
7 (8). არგენტინა 80.33
8 (7). შოტლანდია 79.81
9 (9). უელსი 77.67
10 (10). ფიჯი 74.39
11 (11). სამოა 74.02
12 (12). იტალია 72.35
13 (13). იაპონია 71.45
14 (14). კანადა 69.62
15 (15). აშშ 68.50
16 (16). ტონგა 67.35
17 (17). საქართველო 66.38
18 (18). რუსეთი 65.56
19 (19). რუმინეთი 65.03
20 (20). ნამიბია 62.69
21 (21). ურუგვაი 61.45
22 (22). პორტუგალია 60.63
23 (23). ესპანეთი 57.51
24 (24). ჩილე 56.68
25 (26). ბელგია 56.44
26 (25). მაროკო 56.11
27 (27). ყაზახეთი 55.20
28 (28). ბრაზილია 54.56
29 (29). უკრაინა 54.35
30 (30). გერმანია 53.22
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია