“ლიბერთი ბანკი”, უფრო სწორედ მისი ახალი პროდუქტი - მოთხოვნამდე ანაბარი “პატრიოტი”, საქართველოს რაგბის კავშირის მხარდამჭერი გახდა. ამ სასიამოვნო ფაქტს, იმედია, გაგრძელება ექნება, რადგან ეს მხარდაჭერა ჯერჯერობით მხოლოდ უახლოეს ორ შეხვედრას ეხება და “ლიბერთი ბანკიც” 20 ნოემბერს კანადასთან და 27 ნოემბერს აშშ-სთან გასამართი სანაკრებო მატჩების სპონსორია.
“ლიბერთი ბანკის” ინიციატივით, რაგბის გულშემატკივრები სურვილისამებრ უფასოდ მიიღებენ “პატრიოტის” სიმბოლიკიან მანქანის აქსესუარს, რომელიც ადვილად მაგრდება მის გვერდით სარკეზე. “ლიბერთი ბანკის” მიერ დღეს გამართულ შეხვედრას საქართველოს ჩემპიონ “ლოკომოტივის” მორაგბეები, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მოთამაშეები - ევროპის ჩემპიონები და “ქართული სპორტის ქომაგები” დაესწრნენ. მართალია, “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა, მაგრამ ამ აქციისადმი მისი დამოკიდებულება პრესრელიზის საშუალებით შევიტყვეთ.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ რაგბს და ეროვნულ ნაკრებს ვუსურვებთ გამარჯვებას. დღეს ვაცხადებთ რაგბის კავშირის მხარდაჭერისა და 20-27 ნოემბერს გასამართი ტესტ-მატჩების სპონსორობის შესახებ, რის გამოც შევქმენით ახალი პროდუქტი - მოთხოვნამდე ანაბარი “პატრიოტი”. მოხარული ვარ, რომ რაგბი პოპულარული სპორტია ჩვენს ქვეყანაში. მოვუწოდებ ყველას, აქტიურად უგულშემატკივრონ ჩვენს ნაკრებს 20 და 27 ნოემბერს” - აღნიშნავს ლადო გურგენიძე.
გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “რაგბის კავშირის სახელით დიდ მადლობას ვუხდი “ლიბერთი ბანკს” მხარდაჭერისათვის და ტესტ მატჩების სპონსორობისათვის. აღნიშნული თამაშები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ნაკრების რეიტინგისთვის. ამ მატჩებში გასამარჯვებლად საქართველოს ნაკრებს სჭირდება თითოეული პატრიოტი ქართველის მხარდაჭერა. ამიტომ მოვუწოდებ ყველა პატრიოტ ქართველს, დადგნენ ჩვენს გვერდით 20 და 27 ნოემბერს. ჩემი ავტომობილი უკვე აღჭურვილია “ლიბერთი ბანკის” მიერ შექმნილი გულშემატკივართათვის განკუთვნილი ორიგინალური სარკის აქსესუარით. მოგიწოდებთ ყველას, მობრძანდეთ “ლიბერთი ბანკში”, საჩუქრად მიიღოთ ეს აქსესუარი და მხარდაჭერის ნიშნად დაამაგროთ თქვენს ავტომობილზე. მადლობა “ქართული სპორტის” ქომაგებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან და სწორედ ისინი იქნებიან გულშემატკივართა მთავარი ბირთვი. ყველაფერს აქვს დასაწყისი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი და “ლიბერთი ბანკის” თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი ორივე მხარეს აქვს”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია