საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც 20 ნოემბერს კანადასთან გასამართი ტესტ მატჩისთვის ემზადება, ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით მეორე ვარჯიში ჩაატარა. მზადებაში თითქმის ყველა იმ მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შეკრებაზე არიან.
საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებიან დისკვალიფიცირებული მეორე-მესამეხაზელი მამუკა გორგოძე და ტრავმირებული ილია ზედგინიძე, თუმცა, მთლიანობაში შეკრებაზე 40-ზე მეტი მორაგბეა და ეროვნულ გუნდს მზადებაში საქართველოს A ნაკრების კანდიდატებიც აქტიურად ეხმარებიან. მიუხედავად მორაგბეთა სიმრავლისა, ამ ვარჯიშზე გამოჩნდა ის ბირთვი, რომელიც სავარაუდოდ კანადელთა წინააღმდეგ იბურთავებს.
ვარჯიშისას მე-15 ნომრის პოზიციაზე მალხაზ ურჯუკაშვილი იდგა, უკანა ხაზის ფლანგებზე ირაკლი მაჩხანელი და ბესიკ ხამაშურიძე, ხოლო უკანა ხაზის ცენტრში ირაკლი ჩხიკვაძე და თედო ზიბზიბაძე ვარჯიშობდნენ. 9 ნომრად ტრადიციულად ირაკლი აბუსერიძე ირჯებოდა, ხოლო 10 ნომერი ლაშა მალაღურაძე იყო. შერკინების პირველხაზელები სავარაუდოდ დავით ზირაქაშვილი, აქვსენტი გიორგაძე და დავით ხინჩაგიშვილი იქნებიან, მეორე ხაზში გიორგი ნემსაძე და კონსტანტინე მიქაუტაძე გაირჯებიან, ხოლო მესამეხაზელებად გრიგოლ ლაბაძე, გიორგი ჩხაიძე და ბესარიონ უდესიანი დადგებიან.
მცირეოდენი გახურების შემდეგ, მწვრთნელებმა მორაგბეები რაქში უპირატესობის მოპოვებასა და იქიდან შეტევის სწრაფად განვითარებაში ავარჯიშეს. ამ ვარჯიშთან ერთად, ყველაზე დიდი დრო დერეფნების მოგებას და იქიდან ბურთის სწრაფ გათამაშებას დაეთმო, სულ ბოლოს კი შეტევების შერკინებიდან წამოწყებაზე ივარჯიშეს. თითქმის საათანახევრიანი მეცადიონის შემდეგ, მწვრთნელები მორაგბეებს გაესაუბრნენ და დასასვენებლად გაემგზავრნენ, ჩვენ კი ვარჯიშზე “ბორჯღალოსანთა” მთავარ მწვრთნელ რიჩი დიქსონს დავეკითხეთ.
“ჩვენ გაფართოებული შემადგენლობით ვვარჯიშობთ და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, თუ ვის ვათამაშებ კანადის წინააღმდეგ. შაბათამდე რამდენიმე ვარჯიში კიდევ გვექნება, მასზე ყველა მორაგბეს დავაკვირდებით და ვინც თავს გამოიჩენს, შანსს აუცილებლად მივცემთ” - განაცხადა დიქსონმა.
მომავალი ჯახი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს “მონპელიესა” და “ბორჯღალოსანთა” მესამეხაზელმა, 30 წლის გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც დღემდე 41 კეპი აქვს მოგროვილი. “მსოფლიო სპორტი” მას მომავალ დაპირისპირებაზე და ახალ მწვრთნელებზე დაეკითხა.
გიორგი ჩხაიძე: “კანადასთან მატჩისთვის თითქმის სრული შემადგენლობით ვემზადებით, მხოლოდ გორგოძე გვაკლია. მობილიზებულები ვართ. მართალია, ახალი მწვრთნელების ხელში დალაგება ცოტა გვიჭირს, მაგრამ შაბათამდე ჯერ კიდევ დროა და ვიმედოვნებ, მატჩს 100-პროცენტიან მზადყოფნაში შევხდებით”.
- რა სიახლეები დანერგეს ახალმა მწვრთნელებმა?
- ცვლილებები არის, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ახალ-ახალ იდეებს გვთავაზობენ და ჩვენს თამაშში ცვლილებები აუცილებლად იქნება.
- ისე ჩანდა, რომ მწვრთნელები აქცენტს სისწრაფეზე აკეთებენ.
- ვარჯიშია და კომბინაციები სწრაფად გამოგვდიოდა, მაგრამ თამაშზე ყველაფრის ზუსტად ასე გაკეთება ძალიან გაგვიჭირდება. ჩქარ თამაშს გვთავაზობენ და ვეცდებით ეს შევასრულოთ, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგეც სრულად იხარჯება, ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციების ზუსტად გამეორება ადვილი არ იქნება.
- კანადის ნაკრების თამაში თუ ნახეთ?
- ამ გუნდზე არანაირი წარმოდგენა არ მაქვს. “ჩერჩილის თასზე”, როდესაც საქართველოს ნაკრები ამ გუნდთან დამარცხდა, მე “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობაში არ ვიყავი, დასვენება მჭირდებოდა და ვერ გავემგზავრე. იმ თამაშის ჩანაწერი კი ვნახე, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მის განხილვას ვერ ვენდობით. იმ მატჩის წაგებამ ბიჭებს გული ძლიერ ატკინა. ჩვენი დონის გუნდებთან მარცხის გადატანა ძალიან გვიჭირს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ღირსეული რევანში ავიღოთ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია