სიახლეები

19:20 | 8.02.2016 | ნანახია 986 - ჯერ

პრემიერშიპში ქულა ყველასათვის მოიძებნა

სანაკრებო მატჩების პარალელურად, „ავივა პრემიერშიპში“, რომელიც მსოფლიო თასის გამო ჩვეულებრივზე გვიან დაიწყო, მე-11 ტურის მატჩები გაიმართა და მასში 12 გუნდიდან უქულოდ არავინ დარჩა.

გუნდებმა რეგულარული პირველობის ნახევარი გზა გაიარეს და სამწუხაროდ, პრემიერშიპის ერთადერთი ქართველი ლეგიონერის გუნდი გავარდნის ზღვარზეა. ჯაბა ბრეგვაძისა და ინგლისის პასპორტის მქონე „ვუსტერ უორიორსის“ მატჩის მიმოხილვას ცალკე შემოგთავაზებთ, დანარჩენი ხუთი თამაშიდან ოთხში კი, სტუმრებმა იმარჯვეს.

ტურის ცენტრალურ მატჩში „სარასენსი“ „ექსეტერს“ ეწვია და უახლოესი მდევარი 14:11 დაამარცხა, რითაც სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერი გახდა. მასპინძლებს მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე თამაში არ წაეგოთ და ახლაც ლიდერებად ითვლებოდნენ, მით უმეტეს, რომ 30-ე წუთისთვის 11:0 დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე 2 წუთით ადრე საპასუხო ლელო გაუშვეს, ხოლო დასკვნით ნახევარ საათში სამი ჯარიმა მიიღეს და თბილისის „ლელოს“ მეგობარ სტუმრებს 4 ქულა გაატანეს, თავად კი, მხოლოდ ბონუსს დასჯერდნენ. მიუხედავად მარცხისა, „ექსეტერი“ მეორე ადგილს ინარჩუნებს.

სანაკრებო თამაშებმა მნიშვნელოვნად აზარალა მესამე ადგილზე მყოფი „ლესტერ თაიგერსი“, რომელმაც სატურნირო ცხრილის შუაში მყოფ „სეილს“ უმასპინძლა, მას ერთადერთი ჯარიმა გაუტანა და 3:10 დამარცხდა. გუნდებმა პირველ ტაიმში ჯარიმები გაცვალეს, მეორე ტაიმში ერთადერთი შედეგიანი შეტევა სტუმრებმა, მე-60 წუთზე განახორციელეს და ლელო-გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.

სატურნირო ცხრილში თავისზე ქვევით მყოფ „ნორთჰემპტონს“ უმასპინძლა და დამარცხდა „ჰარლექუინსი“. პრემიერშიპის მე-11 ტურში ეს ყველაზე უხვქულიანი შეხვედრა გამოდგა. მატჩი დრამატული აღმოჩნდა, ლიდერი ექვსჯერ შეიცვალა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ანგარიში სტუმრებმა ჯარიმით გახსნეს, მაგრამ მე-7 წუთზე მასპინძლები ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. 5 წუთში ლელო-გარდასახვა უკვე „ნორთჰემპტონმა“ გაიტანა და ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ ტაიმის შუაში მეორე ლელო გაუშვა და გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო - 14:10.

30-ე წუთზე ესტაფეტა კვლავ სტუმრებმა გადაიბარეს, ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლეს და ტაიმი 17:14 მოიგეს. თამაში რომ განახლდა „ჰარლექუინსმა“ ჯარიმით ჯერ წონასწორობა აღადგინა და მერე 20:17 დაწინაურდა. დასკვნით 10 წუთში სიტუაცია კიდევ სამჯერ შეიცვალა. სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, მასპინძლები საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე ჯარიმით წინ გავიდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, „ნორთჰემპტონმა“ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი გამარჯვება დაიბევა, ხოლო გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 27:23.

კიდევ ერთი რომელმაც სტუმრად მოიგო „გლოსტერია“ და მან „ბათს 15:11 სძლია. საწყისი 20 წუთი მასპინძლების იყო და ისინი ლელოთი და ჯარიმით 8:0 დაწინაურდნენ. შესვენებამდე სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს და თამაშის განახლებიდან 4 წუთში მეორე 3-ქულიანი დარტყმა გაუშვეს. მერე გუნდებმა თითო ზუსტი დარტყმა გაცვალეს, მაგრამ ამის შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, ჯეიმს ჰუკმა 55-ე წუთზე „გლოსტერი“ დააწინაურა, 64-ე წუთზე მან ერთი ჯარიმაც გაიტანა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ლონდონ აირიშის“ გარდა, ერთადერთი გუნდი, რომელმაც მასპინძელთა ღირსება დაიცვა, „უოსპსია“ და მან ეს დასკვნით წუთებში მოახერხა. ლონდონელები აუტსაიდერ „ნიუკასლთან“ ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში გუნდებმა მხოლოდ თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს, 47-ე წუთზე კი, სტუმრები ლელოთი დაწინაურდნენ, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს. მერე „ნიუკასლის“ იტალიელი ლეგიონერი ვენდიტი სინბინით დაისაჯა და 53-ე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო 75-ე წუთზე მესამე ჯარიმა გაიტანეს და 9:8 იმარჯვეს.

„ავივა პრემიერშიპის“ მომდევნო ტურის თამაშები 12-14 თებერვალსაა დანიშნული.

„ავივა პრემიერშიპი“. 2015/2016 წლების სეზონი. XI ტური

ბათი - გლოსტერი 11:15

უოსპსი - ნიუკასლი 9:8

ჰარლექუინსი - ნორთჰემპტონი 23:27

ლესტერი - სეილი 3:10

ექსეტერი - სარასენსი 11:14

ლონდონ აირიში - ვუსტერ უორიორსი 20:13

1.

სარასენსი

11

10

0

1

288:134

45

2.

ექსეტერ ჩიფსი

11

8

0

3

278:155

40

3.

ლესტერ თაიგერსი

11

8

0

3

210:192

34

4.

ჰარლექუინსი

11

6

1

4

296:253

33

5.

უოსპსი

11

6

0

5

226:200

28

6.

ნორთჰემპტონი

11

5

0

6

197:180

26

7.

სეილ შარქსი

10

5

1

4

178:176

26

8.

გლოსტერი

11

5

1

5

216:225

25

9.

ბათი

10

3

0

7

182:186

18

10.

ვუსტერ უორიორსი

11

2

0

9

198:287

13

11.

ნიუკასლი

11

2

1

8

162:287

12

12.

ლონდონ აირიში

11

3

0

8

166:322

12

XII ტური

12 თებერვალი

ნიუკასლი - ლესტერი

13 თებერვალი

სეილი - ექსეტერი

გლოსტერი - ჰარლექუინსი

ნორთჰემპტონი - ლონდონ აირიში

ვუსტერი - ბათი

14 თებერვალი

სარასენსი - უოსპსი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094019