დღეს „ბორჯღალოსნებმა”, რომლებიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე რაუნდში სოჭში, რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს.
ტრადიციულად, ღია ვარჯიშის წინ მათ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს - მიუხედავად დანაკლისისა და გადახალისებული შემადგენლობისა, მაქსიმუმს გავიღებთ გამარჯვების მისაღწევადო. ისიც დაამატეს, რომ ამ თამაშს არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ექნება და რუსებისთვის ჩვენთან მოგება მხოლოდ ოცნებაა.
გიორგი ჩხაიძე: „სოჭში ბრძოლა გველის და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყელაფერი კარგად შევასრულოთ. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეები მრავლად გვაკლია, ბიჭები მზად არიან. ვინც უკეთ ითამაშებს, გამარჯვებაც მას დარჩება. ჩვენ გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენსა და რუსეთის ნაკრების დაპირისპირებას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს და ეს წმნიდა სარაგბო ჯახი იქნება“.
ჯაბა ბრეგვაძე: „რამდენიმე მოთამაშე კი გვაკლია, მაგრამ განწყობა ყველა თამაშზე საბრძოლო გვაქვს. რუსეთთან ორმაგი მონდომებით ვემზადებით, რადგან ეს ჩვენთვის განსაკუთრებული შეხვედრაა. მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთთან ძალიან ცუდად ითამაშეს, მეტოქეს ძალიან კარგი გუნდი ყავს. ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობენ და გამარჯვებას მაქსიმალურად შეეცდებიან, რადგან მათთვის ჩვენთან მოგება ოცნებაა.
თამაზ მჭედლიძე: „ყველაფერი გავაანალიზეთ და მომავალ თამაშს მაქსიმალურად მომზადებული ვხვდებით. სამი თამაში გვქონდა და ამ თამაშებიდან გამომდინარე ყველამ კარგად იცის, რა დონის მეტოქეა რუსეთი. მართალია უძლიერესი შემადგენლობით არ ვთამაშობთ, მაგრამ ეს არ იქნება შემაფერხებელი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად დასრულება. აუცილებლად მოვიგებთ“.
ნინუცა კაპანაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მჯერა კიდეც რო გამარჯვებით გაგვახარებთ