რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა, ბერნარ ლაპასემ, ევროპული ასოციაციის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ ბაკემ და რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა თბილისური ვიზიტისას პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოს სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან გამართეს.
ვარძელაშვილმა სტუმრებს მოკლედ გააცნო ქართულ რაგბში არსებული სიტუაცია, რის შემდეგაც ბერნარ ლაპასემ განაცხადა, რომ ის მზად არის, საქართველოს რაგბის განვითარებისთვის იმაზე მეტი დახმარება გამოუყოს, ვიდრე აქამდე ჰქონდა.
ამ წუთებში, სტუმრები “შევარდენის” სარაგბო ბაზაზე იმყოფებიან, სადაც ამ ბაზის ოფიციალური გახსნა ხდება.
ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბერნარ ლაპასე და მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნიკოლოზ გილაურს, თბილისის მერს, გიგი უგულავას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, დავით ტყეშელაშვილს შეხვდებიან.
ბერნარ ლაპასე და ჟან კლოდ ბაკე თბილისიდან 19 ნოემბერს გაემგზავრებიან, მარკ იგანი კი 20 ნოემბერს საქართველოსა და კანადის ეროვნულ ნაკრებთა საერთაშორისო ტესტ-მატჩს დაესწრება და თბილისს 21 ნოემბერს დატოვებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია