ამბები

18:36 | 18.11.2010 | ნანახია 3501 - ჯერ

IRB ტურნირებს დაგვპირდა

საქართველოში სტუმრად მყოფმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ პირობა დადო, რომ ის და მისი ორგანიზაცია, მაქსიმუმს გაიღებს, რათა მომავალში საქართველოს მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლება მიენიჭოს.
IRB-ს ხელმძღვანელმა ამ შემთხვევაში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასი იგულისხმა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. თავის მხრივ, მას არც ევროპის ასოციაციის პრეზიდენტი ჟან კლოდ ბაკე ჩამორჩა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ყოველწლიური ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატებიდან ერთ-ერთის მასპინძლობის უფლების მოპოვებას შეეცდება.
ბერნარ ლაპასემ, ჟან კლოდ ბაკემ და IRB-ს განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანმა, საქართველოში ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყეს და უწინარესად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძესთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, საქართველოს სპორტის სამინისტროში მინისტრ ლადო ვარძელაშვილს მიაკითხეს. შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანი სტუმრებისთვის საქართველოში რაგბის პროგრესირების გზების გაცნობა იყო, რის შემდეგაც შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა, იქიდან გამოსულმა ლაპასემ კი განაცხადა:
“ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რაგბის განვითარებისთვის ძალებს არ ზოგავს და ქვეყანაში რაგბის ახალები კერები ჩდება. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკვე ვიცით, რომ საქართველო მზადაა დიდი ტურნირების მასპინძლობისთვის. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა თქვენს ქვეყნაში სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო განვითარდეს და მზად ვართ, ფინანსური დახმარება გავზარდოთ. IRB და FIRA  მაქსიმალურ ინვესტიციებს ჩადებს თქვენს ქვეყანაში, რათა მაღალი დონის ტურნირების ჩატარების საშუალება გქონდეთ”.
თავის მხრივ, ვარძელაშვილი სტუმარს დაპირდა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა რაგბის ხელშეწყობისთვის კიდევ უფრო მეტს იზრუნებს. ამის შემდეგ ნიჟარაძემ სტუმრებს საქართველოს რაგბის კავშირის შენობა დაათვალიერებინა, მერე კი, ყველამ ერთად გეზი მთავარი პროცედურის ჩასატარებლად, “შევარდენის” ბაზის გასახსნელად აიღო.
“შევარდენის” ბაზა სტუმრებს თითქმის სრულ მზადყოფნაში დახვდა. იქ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც. სტუმრებთან ერთად, ყველამ იხილა, რომ მწყობრშია ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ბუნებრივსაფარიან მინდორს კი, ბალახის მოსამძლავრებლად გარკვეული დასვენება სჭირდება. ლაპასეს ახალგაზრდა მოვარჯიშე ბავშვები გაესაუბრნენ და პირადად მოახსენეს მადლობა გაწეული დახმარებისთვის. შეგახსენებთ, რომ ხელოვნურსაფარიანი მოედანი სწორედ IRB-ს დაფინანსებით მოეწყო, ხოლო სამუშაოების დანარჩენი ნაწილი საქველმოქმოდო ფონდ “ქართუს” და მისი უშუალო ხელმძღვანელის კეთილი ნების წყალობით ჩატარდა.
ტრიბუნები მაყურებლის მისაღებად უკვე მზადაა, მოედნების გარშემო დამონტაჟებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი განათება. ტრიბუნის ქვეშ განთავსებულია მსაჯთა ოთახები და გუნდების გასახდელები, ასევე, მზადაა და სრულადაა აღჭურვილი სატრენაჟორო დარბაზი. ერთადერთი, რაც ბაზას საბოლოო სახის მისაღებად აკლია, 50 კაცზე გათვლილი სასტუმროა, რომლის საძირკველიც უკვე ჩაყრილია, მაგრამ მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.
“ხელოვნურსაფარიანი მოადანი IRB-ს დაფინანსებით მოეწყო, დანარჩენის ასაშენებლად კი, უშუალოდ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ იზრუნა და უახლოესი ტიპის კომპლექსი მივიღეთ. რაგბის დასახმარებლად საქართველოს მთავარობას ოთხწლიანი პროგრამა აქვს გაწერილი, რომელიც ყოველწლიურად ვითარდება. საქართველოში სპორტის ეს სახეობა პოპულარულია და ქვეყნის მთავრობა რაგბის კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. ქვეყანაში კიდევ 18 ასეთი კომპლექსის აშენებას ვგეგმავთ, ჩვენს სტუმრებთან კი, განვიხილავთ საკითხს, რათა საქართველომ 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობის უფლება მიიღოს” - განაცხადა ნიკა გილაურმა, რომელსაც ლაპასესთან დახურული შეხვედრა მოგვიანებით ჰქონდა.
ლაპასემ, “შევარდენის” ბაზის დათვალიერების შემდეგ, მისგანვე გახმოვანებული დახმარების გაზრდის პროგრამა კიდევ უფრო გაამყარა: “კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენგან გაწეული დახმარება მიზანმიმართულად იხარჯება და ამ დახმარებას კიდევ უფრო გავზრდით. 2011 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის გამართვის საბოლოო ადგილი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა. ამისათვის აუცილებელია, რომ სახელმწიფოსაგან სათანადო მხარდაჭერა იყოს, რასაც აქ ნამდვილად ვხედავთ და ვეცდებით, რომ თქვენი მხარე დავიჭიროთ. ნანახით აღფრთოვანებულები ვართ და ყველა შემთხვევაში ვეცდებით, რომ საქართველოს მაღალი დონის ტურნირის ჩატარების უფლება ვუბოძოთ”.
თუ რა არის საჭირო, რომ საქართველომ 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ალაფის მასპინძლობის უფლება მიიღოს, ამაზე სასაუბროდ გილაურმა ლაპასე თავის კაბინეტში მიიწვია. გარდა ამისა, საერთაშორისო რაგბის მაღალჩინოსნები მსგავს საკითხებზე თბილისის მერ გიგი უგულავა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს დავით ტყეშელაშვილს ესაუბრნენ, მანამდე კი, ჟან კლოდ ბაკემ, რომლის თვალწინაც “შევარდენის” ბაზა დამშვენდა, შემდეგი განაცხადა:  
“საქართველოში პირველად არ ვარ და ამ ბაზის მშენებლობას მუდამ თვალს ვადევნებდი. აქაურობა ძლიერ მომეწონა და დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საქართველოში რაგბის განვითარებაზე მართლა ზრუნავენ. აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებთ და ამაზე 18-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებების წარმატებაც მეტყველებს - აღარაფერს ვამბობ ეროვნულ გუნდზე. დიდი შანსია, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს 19-წლამდელთა ან რომელიმე სხვა ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მივანიჭოთ. საამისოდ თქვენს ქვეყანაში ყველა პირობაა შექმნილი”.

ზურა ქსოვრელი  

 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072741