ამბები

19:32 | 19.11.2010 | ნანახია 7617 - ჯერ

კანადასთან სარეიტინგო და სარევანშო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 20 ნოემბერს შემოდგომის ტესტების პირველ მატჩს გამართავს. “ბორჯღალოსნები”, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, კანადის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამ უმნიშვნელოვანეს თამაშს, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, დატვირთვა რამდენიმე კუთხით ექნება:
ჯერ ერთი, გასული წლის ივნისში “ჩერჩილის თასზე” 10:42 მარცხისათვის, ქართველ მორაგბეებს ღირსეული რევანში სწყურიათ და ერთი სული აქვთ, მოედანზე როდის გავლენ; მეორე - ეროვნული გუნდების დონეზე გამართულ ჯახს სარეიტინგო მნიშვნელობა აქვს და მისი მოგება საქართველოს ნაკრებს ერთი საფეხურით აღზევებასთან ერთად, მეორე მატჩის წინ კიდევ უფრო წინსვლისთვის კარგ პლაცდარმს შეუქმნის; მესამე - მომავალი მსოფლიო თასისათვის მზადება იწყება და გუნდის შესაძლებლობები და ნაკლი, უკეთ სწორედ ასეთ ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ჩნდება და მეოთხე - თბილისში ნამსტუმრებმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელებმა ქართველთა რაგბისადმი მიდგომა კი დაინახეს, მაგრამ ამას თან შედეგიც თუ არ დაერთო, მათგან დიდი დახმარების მიღების იმედი არ უნდა გვქონდეს. ქართველმა მორაგბეებმა თავიანთი თამაშით და შედეგით უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი IRB-სგან მეტ პატივისცემას და თანადგომას იმსახურებენ.
ახალ მწვრთნელთა საბჭოს გუნდთან შეხება პირველად მოუწია და მათთან სულ რამდენიმე დღე დაჰყო. უშუალოდ ამ მატჩებისთვის და უფრო მეტად 2011 წლის მსოფლიო თასისათვის კანდიდატების შესარჩევად, მათ შეკრებაზე 40-ზე მეტი მორაგბე გამოიძახეს. ეს ის ბირთვია, რომელიც რეალურად საქართველოს ეროვნულსა და A ნაკრებს შეადგენს და წვრთნებიც ერთობლივად ჩატარდა. მწვრთნელებს საქმეში ნანახი ეყოლებათ იმ მორაგბეთა ძირითადი ჯგუფი, რომლის კისერზეც მომავალმა “ერთა თასმა”, 2011 წლის მსოფლიო თასმა და მისმა შემდგომმა პერიოდმა უნდა გადაიაროს.
ქართველთა წარმატებაში დიდი როლის თამაში შეუძლია სავსე ტრიბუნებს და გულმხურვალე ქომაგობას. ბილეთების გაყიდვა “ბორის პაიჭაძის” სტადიონის სალაროებში ოთხშაბათიდან დაიწყო და მისი ღირებულებმა 3 და 5 ლარია. თუ ვინმემ სტადიონზე მისვლა ვერ მოახერხა, პირდაპირი ტელეტრანსლიაციის ხილვა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საშუალებით ექნება.
კანადის ნაკრებმა თბილისში სტუმრებამდე ევროპაში უკვე ორი მატჩის გამართვა მოასწრო - ბელგიას 43:12, ხოლო ესპანელებს 60:22 აჯობა. კანადელთა მთავარმა მწვრთნელმა ქიარან ქრაულმა, ესპანეთში თავგამოჩენილ შემადგენლობაში, მხოლოდ რამდენიმე ცვლილება განახორციელა. იმ თამაშში მონაწილეობა მხოლოდ კონორ ბრეიდის არ მიუღია, ხოლო კევინ ტკაჩუკი და ჯებ სინკლერი შეცვლაზე შევიდნენ. დანარჩენი 12 მორაგბე მაშინაც ძირითად შემადგენლობაში იყო. აღსანიშნავია, რომ ბრეიდმა იმ ტეილორ პარისი ადგილი დაიკავა, რომელმაც ესპანეთს ორი ლელო გაუტანა და ახლა განაცხადში საერთოდ არაა. მთლიანობაში, ოკეანისგაღმელებმა ესპანელებს 8 ლელო გაუტანეს და ხუთი მათგანის ავტორი ძირითად შემადგენლობაშია - რიორდანი, მარშალი, ოტოლე, კარპენტერი და ვან დერ მერვე, ხოლო სეან სტეპანი სათადარიგოთა შორისაა. აღსანიშნავია, რომ კარპენტერიმ და ვან დერ მერვემ თითო-თითო ლელო შარშან საქართველოს ნაკრებსაც გაუტანეს. “ჩერჩილის თასის” იმ შეხვედრაში მობურთალთაგან ქართველთა წინააღმდეგ ამჯერად მოედანზე 9 მოთამაშე გავა, მათგან 7 ძირითად შემადგენლობაშია, ხოლო ორი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან იწყებს.
2010 წელს, კანადის ნაკრებმა სულ 5 შეხვედრა გამართა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - “ჩერჩილის თასზე” ინგლისის A ნაკრებთან 18:38. იმავე ტურნირზე მანამდე მათ ურუგვაის 48:6 მოუგეს, ხოლო საფრანგეთის A ნაკრებს - 33:27. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე წელს ევროპის “ერთა თასზე” ოთხი მატჩი მოიგო და მხოლოდ რუმინეთში დამარცხდა, ხოლო ივნისში, IღB-ს “ერთა თასზე” შოტლანდიის A ნაკრები კი სძლია, მაგრამ მერე იტალიის A ნაკრებთან და ნამიბიის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა, რასაც მწვრთნელთა ცვლილებაც მოყვა.
და აქვე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც, მალხაზ ურჯუკაშვილისთვის ეს შეხვედრა ეროვნული გუნდის მაისურით 65-ე იქნება და თუ 10 ქულის მოგროვება მოახერხა, მეორე ქართველი გახდება, რომელიც ნაკრებში 300 ქულიან ზღვარს ასცდება.

 

ურთიერთნდობაზე დამყარებული შედეგის მოლოდინში
მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სანამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი, კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, მორკინალი დავით ზირაქაშვილი და უკანახაზელი ირაკლი მაჩხანელი ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხებდნენ, საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გორგასლიძემ და მერიის ბიგბენდის დირექტორმა კახა მარკოზაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დღეიდან ეს მუსიკოსები “ბორჯღალოსნებს” გვერდში უდგანან და მათთვის კარგი განწყობის შესაქმნელად მესამე ტაიმებზე იზრუნებენ.  
ახალი სამწვრთნელო შტაბი, ამ კონკრეტულ თამაშში, მოსამზადებელი დროის სიმცირის გამო, მაყურებელს განსაკუთრებულ სიახლეებს ვერ პირდება, თუმცა, გარკვეული ნოვაციები იქნება, აქცენტი კი შედეგზე, ანუ გამარჯვებაზე კეთდება.
რიჩი დიქსონი: “კანადასთან ძნელი თამაში იქნება. საინტერესო გამოწვევაა და პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. მწვრთნელები და მორაგბეები ერთმანეთს ჯერ კარგად არ იცნობენ და ამ ეტაპზე ყველაფერი ურთიერთნდობაზეა აგებული. თუ მეტოქე ისეთი ძლიერი იქნება, რომ ჩვენს თავდადებულ თამაშს გადაწონის, ვერაფერს ვიზამთ და მარცხისათვის მკაცრად ნუ გაგვსჯით. ჩვენ მხოლოდ გამარჯვების მისაღწევად გავდივართ მოედანზე, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.  
იმ მცირე პერიოდით, რაც გუნდთან ერთად გავატარეთ კმაყოფილნი ვართ. მარტის შემდეგ გუნდის ეს შემადგენლობა ერთად პირველად შეიკრიბა და ბიჭებს შეთამაშება აკლიათ. დასახული გვაქვს ახალი თამაშის სტილი და ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით, რათა მსოფლიო თასს მაქსიმალურად მომზადებულნი შევხდეთ. ამ ეტაპზე მხოლოდ მცირე კორექტივები შევიტანეთ და ახალი იდეების დანერგვა ნელ-ნელა მოხდება.
-    ამიერიდან, ყველა შეხვედრა მსოფლიო თასისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია. მოთამაშეთა გამაძახების კუთხით, ფრანგული კლუბებისგან დაბრკოლებები ხომ არ იქნება?
-    დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით პრობლემა არ შეგვექმნება. ყველას კარგად ესმის, მათ შორის ფრანგულ კლუბებსაც, რომ მოთამაშეთა ნაკრებში გაშვების მხრივ დაბრკოლებები არ უნდა შეგვიქმნან. კანადასთან და ამერიკასთან მხოლოდ თითო-ოროლა მორაგბე მოვისაკლისეთ და ისინიც დისკვალიფიკაციისა და ტრავმების გამო ვერ ჩამოვიდნენ.  
- შეკრებაზე ეროვნულ ჩემპიონატში მობურთალი მორაგბეები მრავლად იყვნენ, მაგრამ განაცხადში მხოლოდ ორი მათგანი მოხვდა...
- შეკრებაზე ეროვნულთან ერთად A ნაკრების კანდიდატებიც გამოვიძახეთ და ამით საშუალება მოგვეცა, რომ ადგილობრივი მორაგბეებისა და ლეგიონერების მზადყოფნის დონე შეგვედარებინა. ამასთან, ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებს მოტივაცია და დონის ამაღლების საშუალება მივეცით. 2011 წლის მსოფლიო თასით, ქართული რაგბი არ მთავრდება და მსგავსი დაკვირვება გრძელვადიან ჭრილშიც დადებითად წაგვადგება. მატჩისწინა შეკრებაზე, ერთობლივი ვარჯიშის გარდა, A ნაკრებს ერთი ვარჯიში ცალკე ჩავუტარეთ და ასევე იქნება აშშ-ს შეხვედრისთვის მზადების ციკლის წინაც. ამით მათ ჩვენგან ყურადღება უნდა იგრძნონ, ამ ეტაპზე კი, მთავარი აქცენტი მაინც ლეგიონერებზე კეთდება.
- რის ხარჯზე უნდა აჯობის საქართველოს ნაკრებმა კანადას?
- შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდი თანაბარი ძალისაა. ქართველთა უპირატესობა შერკინების ხაზშია, თუმცა, ვცდილობთ, რომ უკანა ხაზის თამაშიც დავხვეწოთ.

ამის შემდეგ კითხვებს ქართველმა მორაგბეებმა უპასუხეს:
ირაკლი აბუსერიძე: დრო ძალიან მცირე იყო, რათა ერთმანეთი კარგად გაგვეცნო. ცვლილებები დიდი არაა, თუმცა, მწვრთნელები მცირე ტაქტიკური სიახლეების დანერგვას მაინც ცდილობენ. ვეცდებით, რომ მათი ჩანაფიქრი ხარისხიანად განვახორციელოთ და გამარჯვებას მივაღწიოთ.
- რა დონის შერკინება ჰყავს კანადის ნაკრებს?
დავით ზირაქაშვილი: ესპანეთთან მათი მატჩი არ გვინახავს, თუმცა, სხვა შეხვედრების  ჩანაწერები ვიხილეთ. საქმე ისე არ იქნება, რომ მეტოქის შერკინებას სხვების მსგავსად უკან დავახევინოთ. მიუხედავად ამისა, აქცენტი მაინც შერკინებაზე გაკეთდება. რიჩი შეუძლებელს არ გვთხოვს, მხოლოდ მცირე ტაქტიკური სიახლეები შემოგვთავაზა, რათა უკეთ და უფრო ხარისხიანად ვითამაშოთ. ამ შეხვედრაში უდიდესი მნიშვნელობა შედეგს ენიჭება, რათა რეიტინგში ავიწიოთ და იქ ჩვენი პოზიცია დავიბრუნოთ.
ირაკლი მაჩხანელი: პირველივე დღიდან ჩანს, რომ პროფესიონალი მწვრთნელები არიან და უკანა ხაზისგან მობილურ თამაშს ითხოვენ. მათი სურვილი შერკინებისა და ხაზის მოთამაშეების თამაშის დაბალანსებაა. ამდენ ცვლილებას ასეთ მცირე დროში არ მოველოდი. სწრაფი რაგბი იქნება და ისე ვითამაშებთ, როგორც სიტუაცია მოითხოვს.
პრესკონფერენციის ბოლოს გიორგი გორგასლიძემ IRB-ს მაღალჩინოსნების სტუმრობზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2011 წლიდან ისინი სპეციალურად საქართველოსათვის, ანუ ჩვენს ქვეყანაში რაგბის უკეთ განვითარებისთვის სპეციალურ პროგრამას შექმნიან და დაფინანსება მინიმუმ რუმინეთის დაფინანსებას გაუტოლდება. მისი თქმით, ეს დიდწილად მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის დამსახურებაა და ბერნარ ლაპასე ხელისუფალთა ასეთ თანადგომას ძლიერ მოუხიბლავს.

ქრაულის ქართველების შეშურდა
კანადის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში თავისი ვარჯიშები დახურა და ჟურნალისტებს მხოლოდ მატჩის წინა დღეს, “რედისონში” უმასპინძლა. პრესკონფერენციას ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი ქიარან ქრაული და კანადის ნაკრების კაპიტანი პეტ რიორდანი დაესრნენ.
ქიარან ქრაული: “საქართველოსთან შეხვედრამდე ბელგიასთან და ესპანეთთან ორი შეხვედრა გავმართეთ და ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. საქართველოს ნაკრები უხერხული მეტოქე იქნება და მათთან რთული შეხვედრა გველის. სამწუხაროდ, წინა მატჩებში ჩვენი ორი მორაგბე დაშავდა და მათ შინ დაბრუნება მოუწიათ, ორმაც მცირე დაზიანება თბილისში ვარჯიშისას მიიღო, ხოლო ერთი მოთამაშე ფრანგულმა კლუბმა არ გაათავისუფლა. მთლიანობაში, დღევანდელი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და შეიძლება ითქვას, რომ უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ. საქართველოში ნანახით გაკვირვებული ვარ და თქვენი ცოტათი მშურს კიდეც. სტადიონები, სადაც ვვარჯიშობდით (“მიხეილ მესხი”) და სადაც უნდა ვითამაშოთ (“ბორის პაიჭაძე”), იდეალურია. ახლა ამ ყველაფერს ახალი ბაზაც დაემატა. ვისურვებდი, რომ რაგბს მსგავსი ინფრასტრუქტურა კანადაშიც ჰქონდეს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს და მოთამაშეებს არ ვიცნობ. თქვენს გუნდს ერთადერთხელ ვეთამაშეთ და მაშინ იოლად მოვიგეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. თქვენი გუნდის მწვრთნელებსა და მორაგბეებს გამოცდილება არ აკლიათ და მჯერა საინტერესო თამაში გამოვა”.
პეტ რიორდანი: “ორი ერთი დონის გუნდის შეხვედრაა და საინტერესო ორთაბრძოლა უნდა გამოვიდეს. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ კი ვითამაშე, მაგრამ მათ შესახებ თითქმის არაფერი ვიცი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თქვენ ჯანიანი და ძლიერი მორაგბეები გყავთ, უკეთ კი, ერთმანეთს მოედანზე გავიცნობთ”.   
 
20. ნოემბერი. 14:00 საათი. თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. ტესტ მატჩი
საქართველო - კანადა

საქართველოს ნაკრები: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ.); 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. შალვა სუთიაშვილი, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესიკ უდესიანი.
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. გოდერძი შველიძე, 18. გიორგი ნემსაძე, 19. სიმონ მაისურაძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. დავით კაჭარავა, 22. მერაბ კვირიკაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
მწვრთნელის ასისტენტი: დონალდ კასკი, ილია მაისურაძე
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექნიკური მრჩეველი: მაიკლ ბრედლი
ფიზმომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი    
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე


კანადის ნაკრები: 15. კირან ჰერნი, 14. ჯასტინ მენზა-კოკერი, 13. ვან დერ მერვე, 12. ფილიპ მაკქენზი, 11. ჯეიმს პრიჩარდი, 10. კონორ ბრეიდი, 9. შონ ვაითი; 1. კევინ ტკაჩუკი, 2. პეტ რიორდანი (კაპ.), 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯოშ ჯექსონი, 5. ჯებ სინკლერი, 6. ჩონსი ოტოლე, 7. ადამ კლებერგერი, 8. აარონ კარპენტერი.
სათადარიგოები: 16. ტომ დოლეზელი, 17. ენდრიუ ტიდმენი, 18. ჯონ პელანი, 19. ტაილერ ჰოტსონი, 20. სეან მიხაელ სტეფენი, 21. ჯეიმი მაკქენზი, 22. ნიკ ბლევინსი.
მთავარი მწვრთნელი: ქიარან ქრაული (ზელანდია)
მწვრთნელები: ნეილ ბარნსი, კლივ გრიფიტსი
 

რეფერი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)
ფლანგებზე: უჩა ნარიმანიძე, გია ამირხანაშვილი
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098774