ამბები

19:25 | 20.11.2010 | ნანახია 9172 - ჯერ

დიქსონს დებიუტი გამარჯვებით მიულოცეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, შოტლანდიელი რიჩი დიქსონის ხელმძღვანელობით თავისი პირველი მატჩი გამართა და კანადის ნაკრები 22:15 დაამარცხა.
ოკეანისგაღმელებთან გამართული შეხვედრის საწყისმა 20-მა წუთმა “ბორჯღალოსანთა” სრული უპირატესობით ჩაიარა და ანგარიშიც სოლიდური იყო, მაგრამ დასკვნით მეოთხედში სტუმრებმა გაილაღეს. ამაში მათ ხელი, გარკვეულწილად, რეფერის უცნაურმა გადაწყვეტილებებმაც შეუწყო და კანადელებმა ერთი საპასუხო ლელო კიდევ გაიტანეს, თუმცა, ქართველთა თავგანწირულმა დაცვამ მათ მეტის საშუალება არ მისცა და მატჩი საქართველოს ნაკრების დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.
მასპინძლები დებიუტშივე მალაღურაძის მიერ საშუალო დისტანციიდან გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ, მერე კი, ქართველთა შერკინებამ მეტოქისა აშკარად დაჩაგრა. კანადელებმა საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში, “ბორჯღალოსანთა” მიძალება რამდენჯერმე განზრახ ჩააქციეს და ტექნიკური ლელოთი დაისაჯნენ, ხოლო მალაღურაძემ ზუსტი რეალიზაციით ტაიმის შუაწელს ანგარიში 10:0 გახადა. თამაშის განახლებისთანავე, მეტოქემ მასპინძელთა შეცდომით ისარგებლა და მარშალმა მარცხენა ალამთან საპასუხო ლელო მიითვალა. საბედნიეროდ, პრიტჩარდს რეალიზაცია გაუცუდდა, მერე კი საქართველოს ნაკრებმა ძალისმიერი შეტევა წამოიწყო, მოლი ააგორა და ზირაქაშვილმა ლელო მიითვალა, თუმცა, ამჯერად, რეალიზაცია მალაღურაძემ ვერ გამოიყენა. ზედ შესვენების წინ, პრიჩარდმა საშუალო დისტანციიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 15:6 მოიგო.
მე-2 ნახევარი კვლავ ქართველთა ძალისმიერი შეტევებით დაიწყო და მათ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს - მალაღურაძეს გასატანი პოზიციიდან მიზანმა უმტყუნა. 53-ე წუთზე მაჩხანელმა კანადელს ბოჭვისას ბურთი დააგდებინა, ის ურჯუკაშვილმა ფეხით წინ გაიგდო და შეჰყვა, მეტოქეს სპრინტერულ გარბენში აჯობა, ბურთი კვლავ ფეხით მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაცურა და ლელო მიითვალა, რომელმაც რეფერიმ მხოლოდ გვერდით მსაჯთან გასაუბრების შემდეგ ჩათვალა, არადა, საეჭვო არაფერი იყო. კვირიკაშვილმა რეალიზაცია გამოიყენა. კანადელები ასეთმა მდგომარეობამ გააცხარა და ჩხუბი წამოიწყეს - წაგებულები დარჩნენ, ხოლო რეფერიმ ორივე გუნდიდან თითო-თითო მორაგბე გაასინბინა.
დასკვნითმა 20-მა წუთმა მეტოქის უპირატესობით ჩაიარა. რეფერიმ ორჯერ აუტის მოწოდება უმიზეზოდ ჩამოგვართვა, ხოლო მერე ჩხიკვაძეც გაგვისინბინა. კანადელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და კარპენტერმა ლელო გაიტანა, ხოლო პრიჩარდმა რეალიზაცია გამოიყენა. სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა და სტუმრებმა გაიბრძოლეს, ბოლოსკენ მწვევა შეტევა წამოიწყეს, მაგრამ ქართველთა დაცვამ მისი შეჩერება მოახერხა და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვა.
ქიარან ქრაული (კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მეტოქემ ჩვენი თამაშის ჩვენების საშუალება მხოლოდ ბოლო 20 წუთი მოგვცა, მაგრამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად დრო აღარ გვეყო”.
რიჩი დიქსონი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, რათა ჩვენმა თამაშმა სრულყოფილი სახე მიიღოს. ძნელია, ასე მოკლე დროში მორაგბეები იმ სათამაშო სტილს გადააჩვიო, რომელსაც მთელი ცხოვრება თამაშობდნენ”.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს, კვლავ “ბორის პაიჭაძეზე” გამართავს. ის 14:00 საათზე დაიწყება და “ბორჯღალოსანთა” მეტოქე აშშ-ს ეროვნული გუნდი იქნება, რომელიც შოტლანდიის A ნაკრებთან 0:25 დამარცხდა.
20 ნოემბერი. საერთაშორისო ტესტ მატჩი
თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. 12000 მაყურებელი
საქართველო - კანადა 22:15 (15:8)

საქართველო: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი (20. ბიძინა სამხარაძე 68), 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. თედო ზიბზიბაძე (21. დავით კაჭარავა 56), 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა მალაღურაძე (22. მერაბ კვირიკაშვილი 49), 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ.); 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი (17. გოდერძი შველიძე 68), 4. შალვა სუთიაშვილი, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე (19. სიმონ მაისურაძე 68), 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესიკ უდესიანი.
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი, 18. გიორგი ნემსაძე.
3 ლელო: საჯარიმო, ზირაქაშვილი, ურჯუკაშვილი
2 გარდასახვა: მალაღურაძე, კვირიკაშვილი
1 ჯარიმა: მალაღურაძე
2 სინბინი: მაჩხანელი, ჩხიკვაძე
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
მწვრთნელის ასისტენტი: დონალდ კასკი, ილია მაისურაძე
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექნიკური მრჩეველი: მაიკლ ბრედლი
ფიზმომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი    
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
კანადა: 15. კირან ჰერნი, 14. ჯასტინ მენზა-კოკერი, 13. ვან დერ მერვე, 12. ფილიპ მაკქენზი (22. ნიკ ბლევინსი 44), 11. ჯეიმს პრიჩარდი, 10. კონორ ბრეიდი, 9. შონ ვაითი; 1. კევინ ტკაჩუკი (16. ტომ დოლეზელი 61), 2. პეტ რიორდანი (კაპ.) (17. ენდრიუ ტიდმენი 72), 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯოშ ჯექსონი (19. ტაილერ ჰოტსონი 50), 5. ჯებ სინკლერი, 6. ჩონსი ოტოლე (20. სეან მიხაელ სტეფენი 58), 7. ადამ კლებერგერი, 8. აარონ კარპენტერი.
სათადარიგოები: 18. ჯონ პელანი, 21. ჯეიმი მაკქენზი.
2 ლელო: მარშალი, კარპენტერი
1 გარდასახვა: პრიჩარდი
1 ჯარიმა: პრიჩარდი
1 სინბინი: კლებერგერი
მთავარი მწვრთნელი: ქიარან ქრაული (ზელანდია)
მწვრთნელები: ნეილ ბარნსი, კლივ გრიფიტსი
რეფერი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)
ფლანგებზე: უჩა ნარიმანიძე, გია ამირხანაშვილი

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.167343