ამბები

21:45 | 20.11.2010 | ნანახია 4385 - ჯერ

აშშ საქართველოში დაჩაგრული მოდის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქე აშშ-ს ნაკრებმა, თბილისში გამომგზავრებამდე, შოტლანდიაში, ამ ქვეყნის A ნაკრებთან წაიბურთავა და 0:25 დამარცხდა.
“არწივების” მთავარმა მწვრთნელმა ედი ოსალივანმა, რამდენიმე საკვანძო მორაგბე დაასვენა და ისინი საქართველოსთან 27 ნოემბერს გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემოინახა. გადახალისებული იყო სქოთთა გუნდიც, რომლის რიგებშიც 8 დებიუტანტმა ითამაშა. მასპინძლების მშრალი ანგარიშით გამარჯვება მათი შერკინების უდიდესმა უპირატესობამ განაპირობა. ამ უპირატესობას კარგად იყენებდა უკანა ხაზი და ხელდახელ შეტევებს ცდილობდა, მაგრამ ტექნიკური წუნის გამო, იერიშების დიდი ნაწილი უქულოდ დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიელთა შერკინებამ მეტოქისას აშკარად აჯობა, სალივანს სწამს, რომ მისი გუნდი მაინც საკმარისად ძლიერია. შესაძლოა, მას ამის თქმის უფლებას ის ფაქტი აძლევს, რომ ლელოები კაცნაკლულებმა გაუშვეს.
მასპინძლებმა უპირატესობა შეხვედრის დებიუტშივე მოიპოვეს და გასატანი ჯარიმა კარში გაგზავნეს. ამას სტუმრებმა საპასუხო მიძალებით უპასუხეს, შოტლანდიელთა ჩათვლის მოედანს ხუთ მეტრამდე მიუახლოვდნენ, მაგრამ ვერ ისარგებლეს, ხოლო მასპინძლებმა კონტრშეტევისას ჯარიმის შესრულების უფლება ერთხელაც დაიმსახურეს და 6:0 იმარჯვეს. სქოთთა შერკინების უპირატესობამ, სულ მალე ის გამოწვია, რომ მოიკაიოლამ ის განზრახ ორჯერ ჩააქცია და რეფერისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა. მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და ლელო გაიტანეს, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა და ტაიმი 11:0 დასრულდა.
მე-2 ტაიმი კვლავ სქოთთა უპირატესობით დაიწყო და 56-ე წუთზე სინბინი ინაკი ბასაურიმ მიიღო, ხოლო ექვს წუთში, ყელს ზევით ბოჭვისთვის, მისი ბედი პოლ ემერიკმა გაიზიარა. 13 კაცის ამარა დარჩენილმა არწივებმა სწრაფ შოტლანდიელებს სივრცეები ვეღარ დაუხშეს და ლელო გაუშვეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა. სანამ მეორე გასინბინებული მოედანს დაუბრუნდებოდა და შემადგენლობა შეივსებოდა, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელო მიითვალეს და რეალიზაციით ანგარიში 25:0 გახადეს. აღსანიშნავია, რომ სალივანმა ტრადიციას არ უღალატა და შეხვედრაში მხოლოდ ერთი შეცვლა გამოიყენა, ისიც 71-ე წუთზე, მატჩის შემდეგ კი განაცხადა: “შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მაგრამ მალე მეტოქეს 0:6 ჩამოვრჩით. შოტლანდიელები ჩვენს შერკინებაზე დიდ ზეწოლას ახორციელებდნენ, მაგრამ ლელოები მხოლოდ მაშინ მივიღეთ, როდესაც კაცნაკლულები ვიყავით”.
შოტლანდია A - აშშ 25:0 (11:0)
აშშ: 15. კოლინ ჰაულეი, 14. ალიპატე ტუილევუკა, 13. პოლ ემერიკი, 12. ენდრიუ სუნიულა, 11. ზაჩარი ტესტი, 10. ტაივალუ ენოსა, 9. მიკ პეტრი; 1. მეიტ მოიკაიოლა, 2. კრის ბილერი, 3. ერიკ ფრაი, 4. სამუ მანოა (ლავალა 71), 5. ჰეიდენ სმიტი, 6. პატრიკ დანაი, 7. ინაკი ბასაური, 8. ჯონათან გაგანიო.
ზურა ქსოვრელი
 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083185