საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქემ 2011 წლის მსოფლიოს თასზე შოტლანდიის ნაკრებმა, პლანეტის მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთ აფრიკა 21:17 დაამარცხა და გასულ კვირაში ზელანდიასთან 3:49 განადგურების შემდეგ, ხასიათი მნიშვნელოვნად გამოიკეთა.
სკოტებს აფრიკელებისთვის 2002 წლის შემდეგ არ მოეგოთ და აპარტეიდის რეჟიმის დასრულების შემდეგ, “სპრინგბოკთან” გამართულ მე-13 შეხვედრაში მე-2 გამარჯვება იზეიმა. ამასთან, შოტლანდიელებმა ბოლო 5 ტესტიდან ოთხში გამარჯვება მოიპოვეს, ეს კი, მათ სიძლიერეზე მეტყველებს.
შეხვედრის დებიუტში, აფრიკელებმა გარკვეული უპირატესობა მოიპოვეს და მორნი სტეინის 2 ჯარიმის წყალობით, მე-12 წუთისთვის, 6:0 დაწინაურდნენ. ამას მასპინძელთა იერიშები მოყვა, თამაშმა სტუმართა ნახევარზე გადაინაცვლა, “სპრინგბოკმა” მათი მიძალება ჯარიმების ხარჯზე შეაჩერა და უდისციპლინობის გამო დაისაჯა - 29-ე წუთისთვის დანიელ პარკსმა 3 ჯარიმა გამოიყენა, ერთხელ არეკნით იხეირა და საკუთარი გუნდი 12:6 დააწინაურა. შესვენებამდე, სტუმრებმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, ხოლო მე-2 ნახევრის დასაწყისში წონასწორობა აღადგინეს. ამას კვლავ აფრიკელთა უხეში თამაში მოჰყვა და პარკსმა, 3 ჯარიმის გამოყენებით, მასპინძლები, 68-ე წუთზე, 21:12 დააწინაურა. აფრიკელებმა სწრაფად უპასუხეს და 70-ე წუთზე, შეხვედრის ერთადერთი ლელო გავიდა, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენეს, რამაც ისინი აიძულა ლელოზე ეთამაშათ, რადგან ჯარიმა აღარ ჰყოფნიდათ. შოტლანდიელთა დაცვამ გაძლო, შემდეგ თამაში საკუთარი ჩათვლის მოედნიდან შორს გადაიტანეს, დრო გაიყვანეს და გაიმარჯვეს.
იმარჯვა ზელანდიაში ქართველთა კიდევ ერთმა მეტოქემ, ინგლისის ნაკრებმა, რომელმაც ამჯერად სამოას უმასპინძლა და ის 26:13 დაამარცხა. პირველმა ტაიმმა დიდ ბრძოლაში განვლო, ოკეანელებმა ჯარიმიდან იხეირეს, ინგლისმა 2 ჯარიმით უპასუხა, მაგრამ ზედ შესვენების წინ ლელო გაუშვა და ტაიმი 6:8 დათმო. მასპინძლებმა თავისი წილი ლელო 47-ე წუთზე გაიტანეს და რეალიზაცია გამოიყენეს, ამას 2 ჯარიმა მიაყოლეს, ხოლო 72-ე წუთზე მე-2 ლელო დაურთეს და რეალიზაცია კვლავ ზუსტად შეასრულეს - 26:8. ბოლოსკენ მასპინძლები მოეშვნენ და სამოამ მე-2 ლელო დადო, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის კიდევ ერთი ბინადარი არგენტინა საფრანგეთში 9:15 დამარცხდა. პირველ ტაიმში მასპინძელთა სამ ჯარიმას სტუმრებმა ერთით უპასუხეს. მე-2 ნახევრის დასაწყისში ჯარიმით სხვაობა კი შეამცირეს, მაგრამ მალევე არეკნი მიიღეს. ტაიმის შუაწელს ფრანგებმა ჯარიმით უპირატესობა 15:6-მდე გაზარდეს, რაზეც არგენტინამ სამ წუთში ჯარიმითვე უპასუხა და მეტად ანგარიში აღარ შეცვლილა.
წარმატებულ ევროტურს განაგრძობს ახალი ზელანდია, რომელმაც სტუმრად ირლანდიას 38:18 აჯობა. ირლანდიელები 31-ე წუთზე 13:9-ს იგებდნენ, მაგრამ ტაიმი 13:19 დათმეს. ზელანდიელებმა უპირატესობა ეტაპობრივად გაზარდეს და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.
გამარჯვება იზეიმა ავსტრალიამაც, რომელიც იტალიაში მე-10 წუთისთვის 10:0-ს იგებდა, ტაიმი კი 13:9 მოიგო. 67-ე წუთისთვის “კენგურუები” 25:9 დაწინაურდნენ და იტალიამ საპასუხო ლელოს გატანა ამის შემდეგ მოახერხა, მაგრამ ბოლო სიტყვა კვლავ სამხრეთელებისა იყო და ავსტრალიამ 32:14 იმარჯვა.
ევროპის “ერთა თასზე” საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე პორტუგალიამ ნამიბიას უმასპინძლა და მომხვდური 24:12 წააქცია. აფრიკელებმა მხოლოდ პირველი ტაიმი გაძლეს. საწყის 40 წუთში გუნდებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს და ტაიმი პორტუგალიამ 12:9 მოიგო. მეორე ტაიმის დებიუტში პორტუგალიამ ლელო გაიტანა, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენა, მერე 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩა და ნამიბიამ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა - 12:17. ასეთი ანგარიში ბოლო წუთამდე შენარჩუნდა, მერე კი, ევროპელებმა თავისი მეორე ლელო გაიტანეს და რეალიზაციით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.
სენსაციურად დასრულდა უელსისა და ფიჯის დაპირისპირება. ბრიტანელებმა მეტოქე არ დააფასეს და ტაიმი 6:13 დათმეს. მეორე ნახევარში მათ მდგომარეობა გამოასწორეს და 63-ე წუთზე უკვე 16:13-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთზე ჯარიმა გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ - 16:16.
მორიგი ტესტ-მატჩები 27-28 ნოემბერს გაიმართება და მსოფლიოს თასზე ქართველთა მეტოქეთაგან, შოტლანდია სამოას დაუხვდება, ინგლისი სამხრეთ აფრიკას, ხოლო არგენტინა 28 ნოემბერს ირლანდიას შეერკინება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია