ქართველი მორაგბეები ბრძო¬ლისუნარიანობით, მიზანსწრაფულობით, ჟინითა და თავდაუზოგავი თამაშით მუდამ გამორჩეულები რომ იყვნენ, სიახლე არავისთვისაა. ეს ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, რომლებიც “ბორჯღალოსნების” წარმატებას მუდამ განაპირობებდნენ და გამონაკლისი არც კანადასთან მატჩი აღმოჩნდა.
ჯერ კიდევ შეხვედრის წინა დღეს, საქართველოს ახალი მთავარი მწვრთნელი, შოტლანდიელი რიჩი დიქსონი ამბობდა, რომ გუნდის გაცნობის პროცესში ყველაფერი ურთიერთნდობაზე იყო დამყარებული, სიახლეების დანერგვას და თამაშის სტილის შეცვლას არ აპირებდა და აქცენტი შედეგზე კეთდებოდა. ჰოდა, ახალ სამწვრთნელო შტაბს ნდობა არც “ბორჯღალოსნებმა” გაუმტყუნეს, კანადელებს ჯანში გვარიანად აჯობეს და 22:15 გამარჯვებით, მათთან ერთი წლის წინათ, შესუსტებული შემადგენლობით, “ჩერჩილის თასზე” განცდილი მარცხისათვის, ღირსეული რევანში აიღეს. ამასთან, ტესტ-მატჩში მოპოვებული წარმატება საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვან სარეიტინგო ქულებს შემატებს და ერთი საფეხურით დაწინაურების საშუალებას მისცემს, მეტი წინსვლის შანსი კი, კვირის თავზე, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ძლევის შემთხვევაში გვექნება.
ის, რომ საქართველოს ნაკრების შერკინება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამჯერადაც თვალნათლივ გამოჩნდა, თუმცა, გარჯა არც უკანახაზელებს უნდა დაეკარგოთ. შესაძლოა, ისინი შეტევებში სათანადოდ ვერ ერთვებოდნენ და ფორვარდების მიერ შექმნილ უპირატესობას საჭიროებისამებრ ვერ ავითარებდნენ, მაგრამ დაცვაში კლდესავით იდგნენ და ლამაზი ბოჭვებით მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, თორემ შედეგი ამგვარი არ იქნებოდა. სწორედ უკანახაზელთა დამსახურებაა კანადელთა რამდენიმე იერიშის შეკავება, განსაკუთრებით ბოლო ოც წუთში, როდესაც მეტოქემ და რეფერიმ მაგრად შემოგვიტია. მასპინძლები არც თავს ზოგავდნენ და არც მეტოქეს და საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე, ქართველ გულშემატკივარს მორიგი სიხარული მოუტანეს. არ უნდა დაგვავიწყდეს “ბორჯღალოსანთა” მიერ გატანილი მე-3 ლელოც, რომლის შემოქმედებიც თავიდან ბოლომდე სწორედ უკანახაზელები იყვნენ.
ვფიქრობ, ქართველი მორაგბეების გასაცნობად და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების დასანახად, მწვრთნელებისთვის ეს საუკეთესო შეხვედრა იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები იყო. სწორედ ძლიერ გუნდთან ჩანს ყველაზე კარგად პლუსები და მინუსები. ახლა მწვრთნელების ამოცანა შერკინებისა და უკანა ხაზის შეტევაში თამაშის დაბალანსებაა. როცა შერკინების უპირატესობას უკანა ხაზი კარგად გამოიყენებს, მსოფლიოს ათ წამყვან სარაგბო ქვეყნის გუნდებთან წარმატების იმედიც გვექნება და სწორი მუშაობის შემთხვევაში, ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.
პრობლემაა არეული თამაშიც, რომელიც კანადამ დასკვნით ოც წუთში შემოგვთავაზა და ამ მონაკვეთში სრული უპირატესობა მოიპოვა, “ბორჯღალოსნებმა” კი, მისი დალაგება და ჩვეულ რიტმში დაბრუნება ვერ მოახერხეს. შესაძლოა, შერკინებით მოპოვებული სათამაშო უპირატესობის ქულებში ასახვის შემთხვევაში, ანგარიშში სხვაობა იმდენად დიდი ყოფილიყო, რომ მეტოქის ავანტიურისთვის ყურადღება არ მიგვექცია, მაგრამ საქმე სანერვიულო გაგვიხდა და პრობლემამ საკუთარი თავი ნათლად დაგვანახა. ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ტიმ ლეინის ხელმძღვანელობითაც, შეხვედრის დასკვნით ნაწილს “ბორჯღალოსნები” თითქმის ყველა შეხვედრაში აგდებდნენ და ესეც გამოსასწორებელია.
ახალ მწვრთნელებს მომავალ თამაშამდე კიდევ ერთი კვირა აქვთ და ვფიქრობ, აშშ-ს ნაკრებთან შეხვედრებში გარკვეული სიახლეებიც გამოჩნდება. ძნელია, მწვრთნელებს ცვლილებები ასეთ მოკლე ვადაში მოსთხოვო, თუმცა, გარკვეული კონტურები, სავარაუდოდ, უკვე გამოისახება. მომავალ მატჩში “ბორჯღალოსანთა” მიზანი კვლავ გამარჯვება იქნება, მაგრამ, შანსი იმისა, რომ მწვრთნელებმა საქმეში შეკრებაზე გამოძახებული სხვა მორაგბეების ხილვაც ისურვონ, ძალიან დიდია. მით უმეტეს, რომ ცვლილებებს ნაწილობრივ ტრავმებიც განაპირობებს. უკვე ცნობილია, რომ მალხაზ ურჯუკაშვილი, რომელმაც კანადელებთან მატჩში მხარი ამოიგდო, აშშ-ს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ლაშა მალაღურაძეს ფეხის კუნთი დაეჭიმა, თუმცა, ეცდება 27 ნოემბერს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
ზემოთაც ვთქვით, რომ თბილისს სარაგბო საზომებით ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ეწვია. თუ მხოლოდ ეროვნულ ნაკრებებს მივიღებთ მხედველობაში, ის მართლაც უძლიერესი სტუმარი იყო, ისე კი, მათზე ნაკლები არც შარშან ნასტუმრები არგენტინის “იაგუარები” (A ნაკრები) და 2006 წელს ჩამოსული “ბარბაროსები” იყვნენ. ცნობისათვის, საქართველოს ნაკრებს “ბარბაროსებთან” 19:28 მარცხის შემდეგ, თბილისში შეხვედრა არ წაუგია და იმედია, ეს ტრადიცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ საკვირველი ისაა, რომ მორაგბეთა ასეთი თავდადების მიუხედავად, ტრიბუნები სანახევროდაც არ ივსება, არადა, ეს ვაჟკაცები სავსე ტრიბუნებს და მხურვალე ოვაციებს აშკარად იმსახურებენ.
კანადასთან მატჩს დაახლოებით 12 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე სრულად დაჩაგრა ჯანსა და სტატიკაში. მეტოქის შერკინება “ბორჯღალოსნების” მიძალებას ვერ უმკლავდებოდა, რამდენჯერმე კანადელთა დერეფანი მოვიგეთ, მაგრამ თითქოს ამას ქართველები არ ელოდნენო და მისი გამოყენება სათანადოდ ვერ მოხერხდა. დერეფანში საქართველოს ნაკრების თამაში მხოლოდ დასკვნით წუთებში აირია, როდესაც რეფერიმ აქვსენტი გიორგაძე ორჯერ არასწორ მოწოდებაში დაადანაშაულა. ამან მასზე იმოქმედა და მესამე მოწოდება კანადელებმა უკვე პირწმინდად მოიგეს. საწყის 60 წუთში, როდესაც ბურთზე კონტროლი მასპინძლებისა იყო, რაქიდან ბურთი სწრაფად თავისუფლდებოდა და ისინი მოკლე დარტყმებით ცდილობდნენ კანადელთა დაცვის ზღუდის გარღვევას. სამწუხაროდ, ბევრი იყო ტექნიკური წუნი, რამაც რიგი უპირატესობების გამოყენების საშუალება არ მოგვცა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანადამ მხოლოდ არეულ თამაშში გვაჯობა, სადაც მათი უპირატესობა – სისწრაფე - თვალსაჩინო გახდა. მათი უკანახაზელები ფინტებით ცდილობდნენ დაცვის გარღვევას, “ბორჯღალოსნები” ხაზის დაწყობას ვეღარ ასწრებდნენ და სივრცეები თავისუფალი რჩებოდა, მაგრამ თავგანწირული თამაშით კანადელთა მიძალებების შეჩერება მოხერხდა, ამან კი, საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანა. და ერთიც, სტუმრებს ფეხით თამაში არ წაუვიდათ, რაც მათ კოზირად ითვლება, მაგრამ, ამ კომპონენტში დიდად ვერც ქართველებმა იხეირეს, ასე რომ, ამ კომპონენტში ერთგვარი თანაფარდობა დაფიქსირდა...
თამაშში ბურთი კანადელებმა შეიყვანეს, მას ქართველები დაეუფლნენ, წინ წაიწიეს, მალაღურაძემ ბურთი ფეხით გადაკიდა, მაჩხანელმა ბოლომდე იბრძოლა და მისი შენარჩუნება მოახერხა, კანადელები დაჯარიმდნენ და მალაღურაძემ დაახლოებით 26 მეტრიდან ანგარიში გახსნა. ნელ-ნელა ქართველთა უპირატესობა გამოიკვეთა და თამაშმა ოკეანისგაღმელთა ნახევარზე გადაინაცვლა. “ბორჯღალოსნებმა” 5 მეტრიდან მოლით შეუტიეს, მერე მეტოქეს შერკინებით მიაწვნენ, სტუმრებმა ის ორჯერ ჩააქციეს, მესამე ჯერზე აბუსერიძემ შერკინებიდან გამოტანილი ბურთი აიტაცა, შეუტია და ჩათვლის მოედანში შეაღწია. რეფერიმ ვიდეორეფერი მოითხოვა, მაგრამ რადგან ის არ იყო, კანადელებს შერკინებიდან ადრე წამოდგომისთვის შენიშვნა მისცა და განმეორებითი ჯარიმა დანიშნა, რასაც “ბორჯღალოსნებმა” კვლავ შერკინება ამჯობინეს. სტუმრები ქართველთა მიძალებას ვერ უძლებდნენ, შერკინება კიდევ ორჯერ ჩააქციეს, ყოველივე ეს კი ფრანგს ყელში ამოუვიდა და ტექნიკური ლელო დააფიქსირა, ხოლო მალაღურაძემ კარის გასწვრივიდან გარდასახა - 10:0.
განახლდა თამაში და ხაზის გაჭრა გუგავამ სცადა, არ გამოუვიდა, კანადელებმა ბურთი ფეხით გადაკიდეს, ზირაქაშვილმა მისი დამორჩილება ვერ მოახერხა, მეტოქე ფლანგზე უმეტესობაში დარჩა და კიდესთან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მარშალმა საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო პრიჩარდმა რეალიზაცია ვერ გამოიყენა.
ცოტა ხნით საქართველოს ნაკრები აირია, შეუთამაშებლობამ თავი იჩინა და სტუმრებმა დაახლოებით 5 წუთი მეტოქის ნახევარზე გაატარეს, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი შეუქმნიათ, მერე სიტუაცია გამოსწორდა და მალაღურაძემ თითქმის ცენტრიდან არეკნი სცადა, მაგრამ ძელებს დიდი მანძილით ააცილა.
კანადელებმა საკუთარი 22-დან ბურთი პირდაპირ აუტში გაგზავნეს და საქართველოს ნაკრებმა შერკინების უფლება მოიპოვა. მიწოლისა და დაახლოებით 10 მეტრით წინ წაწევის შემდეგ, ბურთი უდესიანმა აიტაცა და დარტყმით წინ წაიწია, ამას აქვსენტი გიორგაძის დარტყმა მოჰყვა, ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით ორ მეტრში, რაქიდან ქართველებმა მოლი ააგორეს, კანადელები გადაჯეგეს და ზირაქაშვილმა ბურთი დაამიწა, რითაც თავის შეცდომა გამოასწორა. მალაღურაძეს კი რეალიზაცია გაუფუჭდა. ტაიმის ბოლოს ქართველებმა მეტოქის დერეფანი მოიგეს, მაგრამ მისი აღება ვერ მოახერხეს და კანადელებმა შეტევა წამოიწყეს, ფლანგები ორჯერ შეცვალეს, თუმცა, წინ ვერ წაიწიეს. საქართველოს ნაკრები დაჯარიმდა, პრიჩარდმა კარის გასწვრივ დაახლოებით 27 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და ტაიმი მასპინძლებმა 15:8 მოიგეს.
შესვენებისას, მოედანს საპატიო წრე საქართველოს 19, 17 და 15-წლამდე მორაგბეებმა დაარტყეს. 19-წლამდელები ცოტა ხნის წინათ ევროპის ჩემპიონები გახდნენ, 17-წლამდელებს წარმატებული ტურნე ჰქონდეთ უკრაინასა და მოლდოვაში, ხოლო 15-წლამდელებმა 7-კაცა რაგბიში `დედაქალაქების ტურნირში” მე-2 ადგილი დაიკავეს. მაყურებლებმა ღირსეული მომავალი თაობა ტაშით დააჯილდოვა და თამაში განახლდა.
მე-2 ტაიმი ქართველთა იერიშებით დაიწყო, მოლით დაახლოებით 8 მეტრი წაიწიეს, მეტოქეს დაჯარიმება აიძულეს, მაგრამ მალაღურაძემ გასატანი ჯარიმა ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და ლამის გუნდური ჩხუბი ატყდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ნელ-ნელა სტუმრებმა თამაშის საქართველოს ნახევარზე გადატანა მოახერხეს, მაგრამ 22-ში შეღწევას ვერ ახერხებდნენ. კანადელებმა ხაზზე სცადეს თამაშის გაშლა და შეტევა, ერთგვარი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მაჩხანელმა ერთ-ერთი მეტოქე ისე შებოჭა, რომ მას ბურთი დააგდებინა. ამით შეტევაც ჩაშალეს და გაგრძელება ხომ უკეთესი ჰქონდათ. დაგდებული ბურთი კვირიკაშვილმა ფეხით სწრაფად წინ გაისროლა, მას ურჯუკაშვილი მიჰყვა, შონ ვაითს სისწრაფეში დაახლოებით 5 მეტრი “ამოუქაჩა” და ისევ ფეხით ითამაშა, ბოლო ძალები მოიკრიბა, ბურთს მეტოქის ჩათვლის მოედანში შეჰყვა და ალამთან დაამიწა. რეფერი შეყოყმანდა და ისევ ვიდეოგამეორების არარსებობის გამო, კონსულტაცია გვერდით მსაჯთან გამართა, ლელო კი ჩათვალა. ისე, გამეორებაზე ნათლად ჩანდა, რომ ქართველს გვერდითი ხაზი არ გადაუკვეთავს და ლელო სუფთად დადო. კვირიკაშვილმა რთული რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და ანგარიში 22:8 გახდა.
ოკეანისგაღმელებმა ეს იუკად¬რისეს და კლებერგერმა წაქცეულ მაჩხანელს ჩხუბი წამოუწყო. ეს კაჭარავამ არ აპატია და მომხვდურს სამი-ოთხი უთავაზა, მაგრამ კანადელმა მიზანს უწია, რეფერიმ ის და მაჩხანელი გაასინბინა და არეული თამაში გაჩაღდა, სადაც სტუმრებმა გაილაღეს. მანამდე, 61-ე წუთზე ოკეანისგაღმელები შერკინებაში კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ, მაგრამ კვირიკაშვილმა გასატანი პოზიციიდან ააცილა, არადა, ამ სამ ქულას ბევრი რამის შეცვლა შეეძლო. შემდეგ კვირიკაშვილის არცთუ კარგ გადაცემას ზირაქაშვილი ვერ მისწვდა და კანადელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, ფლანგზე უპირატესობა შექმნეს და ლელოს საშიშროება შეიქმნა, თუმცა, ლექსო გუგავა მეტოქეს ბოლო მომენტში მისწვდა და გვერდით ხაზს იქით გადაათრია.
კანადელთა გააქტიურებას მსაჯმაც აუბა მხარი, გიორგაძე აუტების არასწორად მოწოდებაში დაადანაშაულა და ბურთი სტუმრებს გადაულოცა. საქართველოს ნაკრები ხშირ შემთხვევაში ხაზის დაწყობას კი ვერ ასწრებდა, მაგრამ თავგანწირვის ხარჯზე, მიძალების შეჩერებას ახერხებდა. რეფერიმ შექმნილ სიტუაციას ალღო აუღო და ახლა 77-ე წუთზე ჩხიკვაძე გაასინბინა. კაცნაკლულმა ქართველებმა სტუმრებს ბურთი ჩაუჭრეს და კვირიკაშვილმა ის ფეხით შორს გადაგზავნა, მაგრამ სამწუხაროდ, ის მოედანს გადასცდა და შერკინების უფლება კანადელებმა მიიღეს. კარპენტერმა ბურთი აიტაცა, უდესიანს გაექცა და სისწრაფე აკრიფა, მაჩხანელმა კი შებოჭა, მაგრამ კანადელმა ინერციით ხაზი გადაკვეთა და მე-80 წუთზე ლელო დადო. სხვათა შორის, კარპენტერმა ლელოთი საქართველოსთან გასულ წელს, “ჩერჩილის თასზეც” გამოიჩინა თავი. პრიჩარდმა რეალიზაცია გამოიყენა და მსაჯის მიერ დამატებული უმძიმესი წუთების დრო დადგა. მაჩხანელის გარღვევის შემდეგ, კვირიკაშვილმა ბურთი აუტში სტუმართა 22-ის ხაზთან გადაიტანა. კანადელებმა თავიანთი მოწოდება ორიგინალურად შეასრულეს, ბურთი დერეფანს გადააცილეს და მას მაკქენზი დაეუფლა. ამას ქართველები არ ელოდნენ და სტუმრებმა მწვავედ შეუტიეს, ვან დერ მერვემ ხაზი გაჭრა, თანაგუნდელს უპასა, თუმცა, ის მცველების ხელში აღმოჩნდა, ბურთი დაკარგა და საქართველოს ნაკრებმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა - 22:15.
პრესკონფერენცია
ქიარან ქრაული (კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას. საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოდგა. მეტოქემ ჩვენი თამაშის ჩვენების საშუალება მხოლოდ ბოლო 20 წუთი მოგვცა, მაგრამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად დრო აღარ გვეყო. სტრატეგიული შეცდომა დავუშვით და ქართველთა მძლავრ შერკინებას არასწორად დავუპირისპირდით. პირველი 2 ლელო სწორედ შერკინებაში სუსტი თამაშის გამო მივიღეთ. სათანადოდ ვერ ვითამაშეთ ფეხით, ამ ყველაფერმა კი, ჩვენი მარცხი განაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ რეიტინგში ახლოს მყოფი გუნდების თამაში შევისწავლოთ. საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყოლია”.
პეტ რიორდანი (კანადის ნაკრების კაპიტანი): “საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა და ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება არ მოგვცა. მეტოქის შერკინება იმდენად მძლავრი იყო, რომ მის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდით. გილოცავთ გამარჯვებას, ვფიქრობ, საინტერესო მატჩი გამოვიდა და გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო”.
რიჩი დიქსონი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მადლობა კანადის ნაკრებს თავდადებული თამაშისათვის. მათ ძალიან დიდი გზა გამოიარეს იმისათვის, რომ ასეთი უშეღავათო და დაძაბული მატჩი ეთამაშათ. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ, როგორც მორაგბეების გარჯით, ასევე მწვრთნელთა შტაბის მუშაობით, თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, რათა ჩვენმა თამაშმა სრულყოფილი სახე მიიღოს. ძნელია, ასე მოკლე დროში მორაგბეები იმ სათამაშო სტილს გადააჩვიო, რომელსაც მთელი ცხოვრება თამაშობდნენ. ახლა გუნდი უკეთ გავიცანით. სიახლეები გვქონდა და ისინი მომავალში უფრო თვალსაჩინო გახდება. ბევრი მუშაობისთვის მზად ვართ. დღეს მთავარი მოგება იყო და არა მეტოქის გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხება”.
ირაკლი აბუსერიძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “კანადის ნაკრებს ჩვენამდე რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა გამართული და უკეთ იყვნენ მომზადებული. შეთამაშების მხრივ პრობლემები გვქონდა, რადგან ერთად მხოლოდ 5 დღე ვივარჯიშეთ, მომავალ მატჩს კი უკეთ მომზადებული შევხვდებით. კანადის ნაკრები რეიტინგში ჩვენზე წინაა და ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათთან დიდი მონდომებით ვითამაშეთ და გამარჯვებას სულისკვეთების ხარჯზე მივაღწიეთ. აშშ-სა და კანადის ნაკრებები თითქმის თანაბარი დონის გუნდები არიან, მათ შორის სხვაობა ძალიან მცირეა. ახლა მეტი დრო გვაქვს, უკეთ მოვემზადებით და ვეცდებით, უფრო წარმატებულად ვითამაშოთ”.
ირაკლი მაჩხანელი (საქართველოს ნაკრების უკანახაზელი): “5 დღის განმავლობაში უდიდესი სამუშაო გავწიეთ, მონდომება არ დავაკელით და მიზანს მივაღწიეთ. ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. ისინი სწრაფები იყვნენ, მაგრამ მათ კოლექტიური გარჯა დავუპირისპირეთ. მომავალი მატჩისთვის ჩვენი მზადყოფნის კონდიციებს კიდევ უფრო გავზრდით და მჯერა, მომავალში ნებისმიერი ნაკრების დამარცხებას მოვახერხებთ”.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს, კვლავ “ბორის პაიჭაძეზე” გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და “ბორჯღალოსანთა” მეტოქე აშშ-ს ეროვნული გუნდი იქნება, რომელიც შაბათს, შოტლანდიის A ნაკრებთან 0:25 დამარცხდა.
20 ნოემბერი. საერთაშორისო ტესტმატჩი
თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. 12000 მაყურებელი
საქართველო - კანადა 22:15 (15:8)
საქართველო: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი (20. ბიძინა სამხარაძე 68), 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. თედო ზიბზიბაძე (21. დავით კაჭარავა 56), 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა მალაღურაძე (22. მერაბ კვირიკაშვილი 49), 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ.); 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი (17. გოდერძი შველიძე 68), 4. შალვა სუთიაშვილი, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე (19. სიმონ მაისურაძე 68), 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესიკ უდესიანი.
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი, 18. გიორგი ნემსაძე.
3 ლელო: საჯარიმო, ზირაქაშვილი, ურჯუკაშვილი
2 გარდასახვა: მალაღურაძე, კვირიკაშვილი
1 ჯარიმა: მალაღურაძე
2 სინბინი: მაჩხანელი, ჩხიკვაძე
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
მწვრთნელის ასისტენტები: დონალდ კასკი, ილია მაისურაძე
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექნიკური მრჩეველი: მაიკლ ბრედლი
ფიზმომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
კანადა: 15. კირან ჰერნი, 14. ჯასტინ მენზა-კოკერი, 13. ვან დერ მერვე, 12. ფილიპ მაკქენზი (22. ნიკ ბლევინსი 44), 11. ჯეიმს პრიჩარდი, 10. კონორ ბრეიდი, 9. შონ ვაითი; 1. კევინ ტკაჩუკი (16. ტომ დოლეზელი 61), 2. პეტ რიორდანი (კაპ.) (17. ენდრიუ ტიდმენი 72), 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯოშ ჯექსონი (19. ტაილერ ჰოტსონი 50), 5. ჯებ სინკლერი, 6. ჩონსი ოტოლე (20. სეან მიხაელ სტეფენი 58), 7. ადამ კლებერგერი, 8. აარონ კარპენტერი.
სათადარიგოები: 18. ჯონ პელანი, 21. ჯეიმი მაკქენზი.
2 ლელო: მარშალი, კარპენტერი
1 გარდასახვა: პრიჩარდი
1 ჯარიმა: პრიჩარდი
1 სინბინი: კლებერგერი
მთავარი მწვრთნელი: ქიარან ქრაული (ზელანდია)
მწვრთნელები: ნეილ ბარნსი, კლივ გრიფიტსი
რეფერი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)
ფლანგებზე: უჩა ნარიმანიძე, გია ამირხანაშვილი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია