ამბები

21:17 | 23.11.2010 | ნანახია 6895 - ჯერ

უფრო ძლიერ მეტოქესთან მეტი მობილიზაციით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, კანადელთა დამარცხების შემდეგ ერთი დღე დაისვენა, ხოლო ორშაბათიდან მომავალი ჯახისთვის მზადებას შეუდგა. 27 ნოემბერს “ბორჯღალოსნებს” ოკეანისგაღმელების მეორე ძლიერ გუნდ, ამერიკის შეერთებული შტატების “არწივებთან” უწევს დაპირისპირება, რომელსაც რეიტინგული დატვირთვა და დიდი პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
დღეისათვის აშშ-ს ნაკრები საქართველოს რეიტინგში ერთი საფეხურით უსწრებს, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში გუნდები პოზიციებს შეიცვლიან. ამასთან, გასული წლის “ჩერჩილის თასზე”, საქართველო აშშ-სთან 13:31 დამარცხდა და რევანში სწყურია. “ბორჯღალოსნებს” კანადასთან გამარჯვებულ შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილება მოუწევთ. მხარი ამოიგდო მალხაზ ურჯუკაშვილმა, ხოლო გრიგოლ ლაბაძემ ნეკნები დაიზიანა და ვარჯიშს ამის გამო ვერ აგრძელებს.
გუნდმა ორშაბათს ერთი ვარჯიში ჩაატარა, ხოლო სამშაბათს ორჯერ ივარჯიშა. საღამოს ვარჯიშზე მწვრთნელებმა ის 24 მორაგბე გაიყვანეს, რომელთაც გუნდის ბირთვი უნდა შეადგინონ. როგორც ჩანს, ურჯუკაშვილს ადგილს ძირითად შემადგენლობაში ბესიკ ხამაშურიძე დაიკავებს, ხოლო ლაბაძეს სიმონ მაისურაძე შეცვლის. ცვლილებებია მოსალოდნელი შერკინების პირველ ხაზშიც, სადაც მწვრთნელებს დიდი არჩევანი აქვთ და შესაძლოა, ზირაქაშვილი შველიძემ, ხოლო ხინჩაგიშვილი  ქუბრიაშვილმა ჩაანაცვლოს.
მოთელვის შემდეგ მწვრთნელებმა შერკინების და უკანა ხაზი გარკვეული პერიოდით ცალ-ცალკე ავარჯიშეს, ხოლო მერე გუნდი მეტოქისა თუ თავიანთი რაქის წარმოქნის შემთხვეაში, სწრაფად გადაწყობაზე გაწვრთნეს. ამას ორმხრივი თამაში მოჰყვა ეროვნულისა და A ნაკრების წევრებს შოროს, ხოლო სულ ბოლოს ბიჭებმა აუტებში წაივარჯიშეს. წინა მატჩისგან განსხვავებით, განაცხადში მოხვედრის შანსი, ხამაშურიძისა და ქუბრიაშვილის გარდა ვიტო კოლელიშვილს და ირაკლი გიორგაძეს აქვს. თამაშამდე გარკვეული დრო კიდევ დარჩა და მწვრთნელები საბოლოო 22-ს ხუთშაბათისთვის ჩამოწერენ, მანამდე კი მთავარი მწვრთნელის და მორაგბეების კომენტარებს გაგაცნობთ.
რიჩი დიქსონი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ამერიკის ეროვნული ნაკრები მაღალი დონის გუნდია. მათ შემადგენლობაში ძალიან კარგი ბიჭები ჰყავთ, რომლებიც ევროპაში მაღალ დონეზე თამაშობენ. ჩვენს გუნდში დიდ ცვლილებებს ნუ ელით. კანადასთან ვინც კარგად ითამაშა, ისინი შემადგენლობაში აუცილებლად იქნებიან. მართალია, ურჯუკაშვილი და ლაბაძე გამოგვაკლდებიან, მაგრამ დიდი პოტენციალი გვაქვს და შემცვლელების მოძიება არ გვიჭირს. ამის გამო თამაშის სტილის შეცვლას არ ვგეგმავთ. საქართველოს ნაკრების კოზირად შერკინება რჩება, თუმცა, ვცდილობთ, რომ მათი და ხაზის თამაში დავაბალანსოთ”.
გოდერძი შველიძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელი): “კანადასთან მატჩის შემდეგ, აღდგენითმა პროცესმა ნორმალურად ჩაიარა. გვაქვს სერიოზული და მიკროტრავმები. მიკროტრავმებს ნელ-ნელა ვიშუშებთ და იმედია, თამაშისთვის 100 პროცენტით მზად ვიქნებით. ამერიკის ნაკრების ბოლო თამაშები არა, მაგრამ “ჩერჩილის თასზე” მათი გამოსვლა ვიხილეთ და ჩემი აზრით, უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე კანადა. მათთან უფრო რთულ შეხვედრას ველით და იმედია, მაყურებელი გვერდში დაგვიდგება და ისე გვიქომაგებს, როგორც საჭიროა. ისინი ჩვენთვის მე-16 მოთამაშის როლს ასრულებენ. ვერავის შევპირდებით, რომ მომავალი მეტოქის შერკინებას ისეთივე დღეში ჩავაგდებთ, როგორ დღეშიც კანადელები გვყავდნენ. მოთამაშეებს გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ უფრო ძლიერი მეტოქე და რთული მატჩი გველის. აშშ-ს შერკინება კანადელების შერკინებაზე ძლიერია. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს რა განწყობით შევხვდებით ჩვენ და მეტოქე მომავალ დაპირისპირებას, რადგანაც ყველაფრის განმსაზღვრელი სწორედ ხასიათია”.
მერაბ კვირიკაშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი): “მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. ვეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და უბრალოდ, ყველას ვთხოვ, რომ სტადიონზე მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ვეცდებით წინა შეხვედრაში დაშვებული ხარვეზები გამოვასწოროთ და ვფიქრობ, ყველაფერი სასურველი შედეგით დასრულდება. “ჩერჩილის თასზე” ორივეს წინააღმდეგ მაქვს ნათამაშები. მაშინ კანადელებს უფრო მძიმე შერკინება ყავდა და ფაზურ თამაშს აჩვენებდა, ხოლო აშშ სამმეოთხედელებით ცდილობდა თამაშის გაშლას და სავარაუდოდ, შაბათსაც იგივეს უნდა ველოდოთ. ვეცდებით გავუმკლავდეთ, მით უმეტეს, რომ აშშ-სთან წინა თამაში ცუდად მახსოვს და რევანში მწყურია. ახალი ტაქტიკური სქემები, რომლებსაც ახალი სამწვრთნელო შტაბი ნერგავს, დიდ ფიზიკურ მზადყოფნას ითხოვს. სწორედ ფიზიკური მოუმზადებლობა დაგვეტყო კანადელებთან ბოლო 20 წუთში და მათი შემოტევებისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ახლა სიახლეები უკეთ უნდა დავხვეწოთ და ბოლომდე გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ”.
საქართველოს ნაკრები: ბიძინა სამხარაძე, ირაკლი მაჩხანელი, ირაკლი ჩხიკვაძე, თედო ზიბზიბაძე, დავით კაჭარავა, ლექსო გუგავა, ლაშა მალაღურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, დავით ხინჩაგიშვილი, აქვსენტი გიორგაძე, დავით ზირაქაშვილი, გოდერძი შველიძე, შალვა სუთიაშვილი, ლევან დათუნაშვილი, სიმონ მაისურაძე, გიორგი ჩხაიძე, ბესიკ უდესიანი, ირაკლი ნატრიაშვილი, გიორგი ნემსაძე, ბესიკ ხამაშურიაძე, ვიქტორ კოლელიშვილი, დავით ქუბრიაშვილი, ირაკლი გიორგაძე.

ზურა ქსოვრელი  



 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109548