ქართველმა მორაგბეებმა გამარჯვებებით გაგვანებივრეს და იმედია, საქართველოს ნაკრები ახლაც წარმატებას აღნისნავს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აშშ-ს უკვე ელოდება და მათთან “ჩერჩილის თასზე” 13:31 განცდილი მარცხისთვის, ღირსეულ რევანშზე ზრუნავენ. თამაში “ბორის პაიჭაძეზე” 14:00 საათზე დაიწყება და იმედია, მაყურებელი ტრიბუნაზე მრავლად შეიკრიბება.
ედი ოსალივანი: “საქართველოში საუცხოოდ მიგვიღეს, სასტუმროთი და სავარჯიშო პირობებით ძალიან კმაყოფილი ვარ. საქართველოსთან თამაშამდე მიკროტრავმები გვქონდა, მაგრამ ახლა ყველა მწობრშია. საქართველოს ნაკრების თამაში ჯერ კიდევ 2007 წლის მსოფლიო თასიდან მახსოვს, როდესაც ირლანდიას სისხლი გაუშრეთ. თქვენს წინააღმდეგ გასულ წელს “ჩერჩილის თასზეც” ვითამაშეთ. ახლა თქვენი და კანადელების დაპირისპირება ვიხილეთ და ზუსტად ვიცით, ამ სამი ნაკრების დონე ერთმანეთის ტოლფასია. ვიცით, მძიმე თამაში გველის, უწინარესად რეიტინგის გამო. ამასთან, ჩვენ მსოფლიოს 2011 წლის თასისთვის ვემზადებით და მომავალი წლის ივნისამდე ვეღარ შევიკრიბებით. დღეისათვის უძლიერესი შემადგენლობა შევკრიბეთ და გვაინტერესებს, ისინი რას შეძლებენ. საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარე შერკინებაა, მათ ბურთის შენარჩუნება და მატჩის შეტევაში გაგრძელება შეუძლიათ. გამკლავება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით”.
ტოდ კლევერი (აშშ-ს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნათამაშები მაქვს და მიხარია, მათ მოედანზე კიდევ რომ შევხვდები. თქვენი ნაკრების სათამაში სტილს ვიცნობ და მოგების იმედი მაქვს”.
რიჩი დიქსონი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ტრავმების გამო ორი ცვლილება მოგვიწია. ლაბაძე ნეკნებმა შეაწუხა და დასვენება ჭირდება, ხოლო ურჯუკაშვილს მხრის პრობლემა აქვს. მომავალი მატჩი ძლიერ აშშ-ს ნაკრებთან გველის, რომელიც ხაზის თამაშის სიძლიერით გამოირჩევა და ამიტომ, მაქსიმალური კონცენტრირება გვმართებს. მოწინააღმდეგეს შეტევის განვითარების შანსი არ უნდა მივცეთ. ამერიკელები ამ ტურნირს სელექციის თვალსაზრისით უდგებიან და ყველა მორაგბე ცდილობს, რომ თავის მაქსიმუმი აჩვენოს. ჩვენ მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, შანსები კი 50-50-ზეა. საქართველოს ნაკრების შერკინების პირველი ხაზით კმაყოფილი ვარ, უბრალოდ ამ პოზიციის იმდენი მორაგბე გვყავს, რომ შანსი ყველას უნდა მივცეთ. აუცილებელია, რომ შეცვლაზე სათანადო დონის მორაგბეები გვყავდეს, რადგან მსოფლიო თასზე სწრაფი თამაში გვმართებს და ბიჭებს სათანადო ცვლილება სჭირდებათ. ბურთის კონტროლი უნდა შეგვეძლოს, ამისათვის კი ფიზმომზადება აუცილებელია.”.
ლექსო გუგავა: “ამერიკელთა წინააღმდეგ შარშან ჩერჩილის თასზე ვითამაშე. ახლა ეს გუნდი თითქმის იგივე შემადგენლობითაა წარმოდგენილი. მაშინ ჩვენ შესუსტებული შემადგენლობით ვითამაშეთ, ახლა კი, საბრძოლოდ გავდივართ. ამერიკის ნაკრებს ახლაღა გავიცნობთ და იმედია, გამარჯვებას მოვიპოვებთ”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია