საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეებმა ბოლოში ძალიან მოინდომეს, თამაშში, რომელშიც თითქმის არაფერი გამოსდიოდათ, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბოლო ძალა მოიკრიბეს, მეტოქეს შერკინებიდან ბურთის გატანა და შეხვედრის დასრულება არ დაანებეს, თავისსავე შერკინებაში ამერიკელები ჩათვლის მოედანში შედენეს, ბურთი წაართვეს, მერაბ კვირიკაშვილმა მარჯვნივ მარტო მდგომ ლექსო გუგავას უპასა და მანაც ლელო გაიტანა, რითაც წონასწორობა აღადგინა. ჯერი კვირიკაშვილზე მიდგა, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში ნერვებმა არ უმტყუნა, რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და “ბორჯღალოსნებმა” “არწივები” 19:17 დაამარცხეს.
ეს იყო უმძიმესი შეხვედრის ბედნიერი დასასრული. საქართველოს ნაკრებს თამაში არ წაუვიდა, ცოტა შოტლანდიელმა რეფერიმაც აურია, მაგრამ მონდომების ხარჯზე ამ ბიჭებმა იმდენი მაინც მოახერხეს, რომ ტრიბუნაზე შეკრებილი 20 ათასამდე გულშემატკივარი გაწბილებული არ დატოვეს. სწორედ ქართველი მორაგბეების თავდადება გახდა იმის წინაპირობა, რომ საქართველოს ნაკრებმა ამერიკელებზე, გასულ წელს “ჩერჩილის თასზე” განცდილი მარცხისითვის შური იძიას, რეიტინგში დაწინაურება გაინაღდა და რაც მთავარია, თბილისში დაუმარცხებელი მატჩების სერია, კიდევ უფრო გაახანგრძლივეს.
“ბორჯღალოსნები” მალაღურიძის ჯარიმით მალევე დაწინაურდნენ, მერე აშშ-ს ნაკრები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა - ყელში ბოჭვისათვის სმიტი დაისაჯა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ მოხერხდა. საწყისმა 20-მა წუთმა, მთლიანობაში, ქართველთა უპირატესობით კი ჩაიარა, მაგრამ ცხადი გახდა, რომ დერეფანში ვერ ვვარგოდით და არც მეტოქის შერკინება იყო ისეთი ჯაბანი, როგორიც ერთი კვირის წინ კანადის ნაკრებისა. სტუმრებს წონასწორობის აღდგენის შანსი მე-17 წუთზე მიეცათ, მაგრამ მალიფამ გასატანი დარტყმა გააცუდა, 26-ე წუთზე კი, მალაღურაძემ ქართველთა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და უპირატესობა გაზარდა.
ნელ-ნელა, ამერიკელებმა თამაში გაათანაბრეს, ქართველთა შეცდომებით კარგად იხეირეს და 30-ე წუთზე, ემერიკმა ლელო გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი კი იყო, მაგრამ ზედ შესვენების წინ, მალიფამ ჯარიმით სტუმრები დააწინაურა, ხოლო პირველ ტაიმს დამატებულ ბოლო წამზე, მან არეკნიც მიითვალა და “არწივებმა” ტაიმი 11:6 მოიგეს. მეორე ნახევრის დასაწყისშივე, ქართველთა შემადგენლობაში ერთბაშად სამი ცვლილება მოხდა და 44-ე წუთზე, მალაღურაძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მალევე, მას გასატანი ჯარიმა გაუფუჭდა. 51-ე წუთზე, ჯარიმის შესრულების უფლება ამერიკელებმა მიიღეს და უპირატესობა გაზარდეს, მაგრამ კვირიკაშვილმა, მეორე ნახევრის შუაწელს, შორეული ჯარიმით ჩამორჩენა კვლავ 2 ქულამდე დაიყვანა.
დასკვნით 20 წუთში, მასპინძლები მეტოქეს მაგრად მიეძალნენ, თუმცა, რეფერი მათ შეტევების განვითარების საშუალებას არ აძლევდა, ხოლო რიგ ეპიზოდებში, თავის სიტყვას ტექნიკური წუნი ამბობდა. სიტუაცია იმან კიდევ უფრო გაართულა, რომ ვაილესმა არეკნით, სხვაობა კვლავ 5 ქულა გახადა, თანაც, რეფერიმ აბუსერიძე გაასინბინა. თითქოს, თავს ზევით ძალა აღარ იყო, მაგრამ ბიჭებმა მოინდომეს, თითქმის უიმედო სიტუაციიდან ბურთი დაიბრუნეს და ქართველ ხალხს მორიგი სიხარული განაცდევინეს.
თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. ტესტ მატჩი. 18000
საქართველო - აშშ 19:17 (6:11)
საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. ირაკლი მაჩხანელი (20. ბიძინა სამხარაძე 58), 13. ირაკლი ჩხიკვაძე (21. დავით კაჭარავა 41), 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა მალაღურაძე (22. მერაბ კვირიკაშვილი 52), 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. გოდერძი შველიძე (17. დავით ზირაქაშვილი 41), 2. აქვსენტი გიორგაძე (16. ირაკლი ნატრიაშვილი 41)), 3. დავით ქუბრიაშვილი (გოდერძი შველიძე 79), 4. შალვა სუთიაშვილი, 5. ლევან დათუნაშვილი (18. გიორგი ნემსაძე 65), 6. სიმონ მაისურაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესიკ უდესიანი (19. ვიტო კოლელიშვილი 73).
1 ლელო: გუგავა
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
4 ჯარიმა: მალაღურაძე (3), კვირიკაშვილი
სინბინი: აბუსერიძე (61)
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
მწვრთნელის ასისტენტი: დონალდ კასკი, ილია მაისურაძე
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექნიკური მრჩეველი: მაიკლ ბრედლი
ფიზმომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
აშშ: 15. კრის ვაილესი, 14. ნგვენია ტაკუძვა, 13. პოლ ემერიკი, 12. ენდრიუ სუნიულა, 11. კევინ სვირინი, 10. ვალენეზე მალიფა, 9. ტიმ უსაზი (20. მაიკ პეტრი 80+5); 1. მათე მოეკოლა (17. მაიკ მაკდონალდი 61), 2. ფილიპ ტიელი (16. კრის ბილერი 65), 3. შონ პიტმანი, 4. სამუ მანოა, 5. ჰაიდენ სმიტი, 6. ლოუ სტანფილი (შონ სთივენი 58), 7. ტოდ კლევერი (კაპიტანი), 8. ინაკი ბასაური (19. ნიკ ჯონსონი 65).
1 ლელო: ემერიკი
2 ჯარიმა: მალიფა
2 არეკნი: მალიფა, ვაილსი
1 სინბინი: სმიტი
მთავარი მწვრთნელი: ედი ოსალივანი
რეფერი: პიტერ ალენი (შოტლანდია)
კიდეებზე: ალან ფორესტი, ენდრიუ ჰილი (ორივე შოტლანდია)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია