ამბები

1:19 | 28.11.2010 | ნანახია 4085 - ჯერ

“ბორჯღალოსნებს” ბოლო მეტოქედ რუმინეთი ერგოთ

რუმინეთის სარაგბო ნაკრებმა მსოფლიოს თასის დასკვნით შესარჩევ მატჩში ურუგვაის ეროვნული გუნდი 39:12 გაანადგურა და 2011 წელს ახალ ზელანდიაში გასამართი ფინალური ტურნირის ბოლო მონაწილე გახდა.
აღნიშნული გუნდები ერთი კვირის წინ ერთმანეთს მონტევიდეოში დაუპირისპირდნენ და მაშინ დაძაბული მატჩი 21:21 დასრულდა, ბუქარესტის “არკულ დე ტრიუმფზე” კი ბრძოლის ნასახიც არ ყოფილა.
მშობლიური ტრიბუნების მიერ გამხნევებული რუმინელები თავიდანვე დაწინაურდნენ და მეტოქისთვის თამაშის ხსნის შანსი ბოლომდე არ მიუციათ.
ცნობისთვის, მსოფლიოს თასის შესარჩევმა რაუნდმა სტარტი 2008 წლის აპრილში აიღო, რუმინულ-ურუგვაული მატჩი კი რიგით 184-ე და ბოლო საკვალიფიკაციო დაპირისპირება იყო.
დასასრულ იმასაც შეგახსენებთ, რომ რომეო გონტინეაკის მიერ დარიგებული კარპატელები ფინალურ ტურნირში B ჯგუფში არგენტინის, ინგლისის, შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ.
რუმინეთის და საქართველოს ეროვნულ გუნდთა დაპირისპირება მომავალი წლის 28 სექტემბერს პალმერსტონ ნორსის “არენა მანავატუზე” შედგება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092608