საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, შესაძლებლობების ზღვარს ზევით მოთამაშე აშშ-ს ნაკრებს, თავადაც ზებუნებრივი თავდადება დაუპირისპირა, ბოლო წამებზე თითქმის გამარჯვებულ მეტოქეს ბურთი აართვა, საპასუხო ლელო გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მერე კი, მერაბ კვირიკაშვილმა რეალიზაცია უნაკლოდ შეასრულა და ქართველ ხალხს უდიდესი სიხარული მოუტანა.
“ბოლო მომენტში მაყურებლის თანადგომა ძლიერ დაგვეხმარა, თამაშში გარდატეხის შეტანა შევძელით და გამარჯვება მოვიპოვეთ. მანამდე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რასაც ამერიკელები კარგად იყენებდნენ. მძიმე შეხვედრა იყო”, - თქვა ნამატჩევს დავით კაჭარავამ და თუნდაც ამ მცირე კომენტარითაც დასტურდება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი მორაგბეებისათვის ტრიბუნიდან მიღებულ უზარმაზარ ენერგიას.
კანადასთან ერთი კვირის წინათ გამართულ შეხვედრასთან შედარებით, მატჩის დასაწყისში მაყურებლის დიდი რაოდენობით მატება არ შეინიშნებოდა, მაგრამ დაახლოებით 20 წუთში სტადიონი სანახევროდ შეივსო და ამან თამაშს თავისებური ხიბლი შესძინა. როგორც ბოლოსკენ აღმოჩნდა, მაყურებლის მხურვალე ქომაგობამ შედეგზეც სათანადო გავლენა იქონია. უნდა ითქვას, რომ ქართველ ქომაგებთან ერთად სტადიონზე მრავლად იყვნენ ამერიკელი გულშემატკივრებიც, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნაკრების საქომაგოდ ოჯახებით შეიკრიბნენ. მათ შორის მრავლად იყვნენ ქალები და ბავშვები, რაც ერთგვარ მაგალითადაც უნდა იქცეს, იქნებ, მომავალში “ბორჯღალოსნებმა” ტრიბუნებიდან კიდევ უფრო მეტია ენერგია მიიღონ.
ქართველმა მორაგბეებმა მაყურებელს ქომაგობა სათანადოდ დაუფასეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გაღებული უზარმაზარი თავდადებით, მეტოქის დაცვის ხაზი ბოლო წამებზე მაინც გატეხეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. ეს იყო რევანში ერთი წლის წინ “ჩერჩილის თასზე” განცდილი მარცხისათვის, მსოფლიოს რაგბის საბჭოს რეიტინგში დაწინაურებისათვის საჭირო მოგება და ტრადიცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში შეხვედრას აგერ უკვე ოთხ წელიწადზე მეტია აღარ აგებს. “ბორჯღალოსნები” თბილისში ბოლოს 2006 წლის ივნისში “ბარბაროსებთან” დაეცნენ (19:28), ხოლო თუ მხოლოდ ეროვნული ნაკრებების დონეზე გამართულ შეხვედრებს მივიღებთ მხედველობაში, 2004 წლის თებერვალში პორტუგალიასთან 14:19 წაგების შემდეგ, საქართველოში მარცხი არ გვიგემია და იმედია, ეს ტრადიცია კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.
გამარჯვება კი კარგია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა ეს შეხვედრა ძალიან ცუდად ჩაატარა. ამის მიზეზი ისიც უნდა იყოს, რომ “არწივებმა” უაღრესად კარგი მატჩი ჩაატარეს. მათ ზუსტად იცოდნენ რა სურდათ და ტაქტიკურად უკეთ იყვნენ მომზადებული, საქართველოს ნაკრებს კი, ტაქტიკურ სიახლეებს ვინ ჩივის, რაც აქამდე კარგად გამოსდიოდა იმასაც ვერ ახერხებდა. სტუმრებმა თითქმის ყველა კომპონენტში იმარჯვეს და ამერიკელმა სპეციალისტებმა მათი გუნდის თამაშს ნოემბრის საუკეთესო შეხვედრის სტატუსი უკვე მიანიჭეს. მთავარმა მწვრთნელმა ედი ოსალივანმაც აღნიშნა, რომ ბიჭები 110 პროცენტით დაიხარჯნენ და მიუხედავად მარცხისა, მათი გარჯით კმაყოფილი ვარო. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან მათი მეორე-მესამე ხაზის მოთამაშეები, თითქმის უშეცდომონი იყვნენ დერეფანში, დაცვაში, კარგად იწყებდნენ შეტევებს და მატჩის რიტმსაც, თავიანთი “ათიანთან” (ვალენეზე მალიფა) ერთად, ისინი სრულად აკონტროლებდნენ.
თუნდაც ამ კუთხით, ამ და კანადელებთან გამართულ შეხვედრებს, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ძლიერ გუნდებთან ჯახში უკეთ ჩანს შეცდომები და ახალმა სამწვრთნელო შტაბმა მათ გამოსწორებაზე სასწრაფოდ უნდა იზრუნოს. ამისათვის გამოდგება ევროპის “ერთა თასზე” თებერვალ-მარტში გასამართი თამაში, სადაც სიახლეების დანერგვა შედარებით სუსტ გუნდებთან უფრო მარტივი იქნება. მწვრთნელებმა და გუნდმა ერთმანეთი საკმარისად კარგად გაიცნეს და იმის თქმა, რომ ახალი მწვრთნელების დონე სათანადო ვერ არის, ჯერ ნაადრევია, თუმცა, სამუშაო ძალიან ბევრია და იმედია, სამსოფლიოთასოდ ყველაფერი კარგად იქნება.
ორივე მატჩს თუ ავიღებთ, ძალიან ცუდი იყო საქართველოს ნაკრების დერეფანი, რომელიც მეტოქისაზე რომ არაფერი ვთქვათ, საკუთარ მოწოდებებსაც ხშირად აგებდა. იყო შემთხვევები, როდესაც ბურთის წესივრად აგდება ვერ ხერხდებოდა და მეტოქე ბურთს უბრძოლველად იღებდა. აშშ-სთან მატჩში ვერ მოხერხდა ქართველთა ერთ-ერთი კოზირის გამოყენება და მოლის დაყენება, ამასთან, პირველ ტაიმში თითქმის არ იგრძნობოდა შერკინების უპირატესობა, ყოველ შემთხვევაში, ამ კომპონენტიდან შეტევების სათანადოდ განვითარება ვერ ხერხდებოდა. მეორე ტაიმში, მას შემდეგ რაც მოედანზე დავით ზირაქაშვილი გამოჩნდა, შერკინებაში საქარ¬თველომ უპირატესობა მოიპოვა. “კლერმონის” პირველხაზელმა ლიდერის ფუნქციები იკისრა, როგორც მას სჩვევია, მარცხს არ შეეგუა და გადამწყვეტი ლელოს გატანა სხვა მორაგბეებთან ერთად დიდიწილად სწორედ მისი დამსახურებაა. კარგად ითამაშა შეცვლაზე შესულმა მერაბ კვირიკაშვილმა, რომელიც კარგად ანაწილებდა ბურთს და შეტევების მიმართულებებს ხშირად ცვლიდა, მაგრამ კვლავ მრავლად იყი ტექნიკური წუნი, რისი დახვეწის გარეშეც, დიდი მიზნების მიღწევა, მხოლოდ თავდადების ხარჯზე შეუძლებელი იქნება.
მოკლედ, ამ ორმა თამაშმა მწვრთნელებისა და მორაგბეების ურთიერთგაცნობის ფონზე, უდიდესი გაკვეთილის როლიც შეასრულა. ახლა მთავარია, რომ გაკვეთილების სათანადო ანალიზის შედეგად, სწორი დასკვნები დაიდოს და თამაშის ხარისხმა ისეთ ზღვარს მიაღწიოს, რომელიც საქართველოს დონეს მსოფლიოში ერთიორად აამაღლებს სარაგბო ქვეყნების ნაკრებებთან ტოლსწორად თამაშის რელურ იმედებს გაგვიჩენს.
თამაშში ბურთი ქართველებმა შეიყვანეს, აშშ ბლოკისთვის დაჯარიმდა, საქართველოს ნაკრებმა ჯარიმა აუტში გადაგზავნა და მოლით შეტევა სცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მიუხედავად ამისა, დებიუტი მაინც ქართველებისა იყო, მე-4 წუთზე სტუმრები შერკინებაში დაჯარიმდნენ და მალაღურაძემ კარის გასწვრივ დაახლოებით 30 მეტრიდან გასატანი ჯარიმით ანგარიში გახსნა. როგორც ჩანს, სტუმრები ნამეტანს ნერვიულობდნენ და საწყის წუთებში შეცდომები მრავლად დაუშვეს. ცენტრიდან უდესიანის მიერ დაწყებული შეტევის შემდეგ, ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, ხამაშურიძემ წინ წაიწია და გარღვევაზე გოდერძი შველიძის გაყვანას ცდილობდა, მაგრამ მას ბურთი წინ დაუვარდა და მეტოქის ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 12 მეტრში, სალელოვე შეტევა ჩაიშალა. მე-9 წუთზე საქართველოს ნაკრებმა მარჯვენა ფლანგიდან კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოიწყო, ამჯერად გარღვევაზე ლექსო გუგავა გადიოდა, ის ჰაიდენ სმიტმა ყელით შებოჭა და თავად სინბინი დაიმსახურა, საქართველოს ნაკრებმა კი, კარში დარტყმას შერკინების აღება არჩია. სამწუხაროდ, ბურთის გაშლა ვერ მოხერხდა. რამდენიმე წუთში ხამაშურიძის წამოწყებული კიდევ ერთი გარღვევის შემდეგ, ბურთი წინ ამჯერად ქუბრიაშვილს დაუვარდა. მთლიანობაში, ქართველებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს.
პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ აშშ-ს ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ ხისტი თამაშით აპირებდა ფონს გასვლას. ამასთან, ისინი ტექნიკურად უკეთ იყვნენ მომზადებულნი, შეთამაშებაც ეტყობოდათ და მე-17 წუთზე, როდესაც პირველად გადავიდნენ საქართველოს ნაკრების ნახეარზე, ჯარიმის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ ვალენეზე მალიფამ, კარის გასწვრივ დაახლოებით 26-27 მეტრში დანიშნული ჯარიმა კარს ააცილა და ანგარიშის გათანაბრების 100 პროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. ამას ქართველთა ორი წაგებული დერეფანი მოჰყვა, რომელთაგან ერთ-ერთი მეტოქის 22-ში იყო და კარგი შეტევის განხორციელება შეიძლებოდა. რადგან არც მოლის დაყენება გამოდიოდა და ვერც გაშლილი თამაშის მცდელობამ გაამართლა, მალაღურაძემ 26-ე წუთზე ჯარიმა ძელების გასწვრივ 25 მეტრიდან კარში დაარტყა და ანგარიში 6:0 გახადა.
აქედან მოყოლებული ამერი¬კელები შეტევაში გადავიდნენ და სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. მათი სწრაფი მიძალების შეჩერება მოხერხდა, რადგან ბურთი წინ დაუვარდათ, მაგრამ შერკინებიდან ბურთის გატანისას სტუმრებმა უდესიანი აუტში გადაიყვანეს, იქიდან ბურთი თამაშში სწრაფად შეიყვანეს, მარჯვნივ სწრაფადვე ჩაათამაშეს, იქ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს, კლევერმა, ნგვენია ტაკუძვამ და პოლ ემერიკმა კომბინაცია კარგად გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა 30-ე წუთზე ლელო გაიტანა. მალიფამ რეალიზაცია ვერ გამოიყენა, თუმცა, უპირატესობა სტუმართა მხარეს საბოლოოდ გადავიდა და ტაიმის დასკვნითმა 10-მა წუთმა მათ შეტევებში ჩაიარა. მათ მოლის დაყენებაც გამოუვიდათ, ფლანგების სწრაფი და ხშირი ცვლით ქართველთა დაცვა არიეს, მასპინძლებს დაჯარიმება აიძულეს და მალიფამ კარის გასწვრივ ათიოდე მეტრიდან მე-40 წუთზე აშშ დააწინაურა. შესვენებამდე “ბორჯღალოსნებმა” აუტის მოწოდება კიდევ ერთხელ ვერ მოახერხეს, ამას ოკეანისგაღმელთა მიძალება მოჰყვა და მალიფამ დაახლოებით 35 მეტრიდან გატანილი არეკნით ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 11:6.
მეორე ტაიმის დასაწყისში რიჩი დიქსონმა ერთბაშად სამი ცვლილება განახორციელა. “ბორჯღალოსნებმა” პირველივე წუთებიდან მოკლე დარტყმებით შეუტიეს და სტუმრებს დაჯარიმება აიძულეს, რომელიც მალაღურაძემ კარის გასწვრივ დაახლოებით 25 მეტრიდან სამ ქულად აქცია. რამდენიმე წუთში ამერიკელები კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ, საქართველოს ნაკრებმა შერკინება არჩია, მეტოქის შერკინება ჩაიქცა და მალაღურაძემ დაახლოებით 37 მეტრიდან დაჰკრა, მაგრამ ამჯერად მიზანმა უმტყუნა. საწყისი 10 წუთის შემდეგ “არწივები” საქართველოს ნაკრების ნახევარზე გადავიდნენ, ახლა მათ მოიპოვეს ჯარიმის უფლება და მალიფამ 40 მეტრიდან 5 ქულიანი უპირატესობა აღადგინა. “ბორჯღალოსანთა” რიგებში მალაღურიძის ნაცვლად მერაბ კვირიკაშვილი გამოჩნდა და მალევე კარგი გარღვევა განახორციელა, მაგრამ მიმყოლებმა დააგვიანეს. შეტევა მოკლე დარტყმებით განვითარდა, მერე ქართველმა მორაგბეებმა ბურთის ხაზზე გაშლა სცადეს, მაგრამ მეტოქემ მათი შეჩერება მოახრეხა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების შერკინების უპირატესობა გამოიკვეთა და 57-ე წუთზე აშშ ამ კომპონენტში ცენტრთან ახლოს დაჯარიმდა. კვირიკაშვილმა რთული ჯარიმა კარში დაარტყა და არც შემცდარა - 12:14.
როგორც კი სხვაობა ორ ქულამდე დავიდა, სტუმრები შეტევაზე გადავიდნენ და 61-ე წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, თანაც აბუსერიძემ ყვითელი ბარათი მიიღო და “ბორჯღალოსნები” მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. მალიფამ გასატანი ჯარიმა კი გააცუდა, მაგრამ სტუმრებმა ტერიტორიული უპირატესობა შეინარჩუნეს და კრის ვაილესმა არეკნით სტუმართა უპირატესობა კვლავ 5 ქულამდე გაზარდა. შეივსო თუ არა ქართველთა შემადგენლობა, მათ უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და შეტევების კასკადი წამოიწყეს, მაგრამ კანადასთან მატჩის მსგავსად, რეფერი ახლაც არ გვწყალობდა და საეჭვო სიტუაციებში გვაჯარიმებდა. ამასთან, გვერდითი მსაჯი აუტის მოწოდების უფლებას მეტოქის ჩათვლის მოედნიდან იმაზე უფრო შორს გვაძლევდა, ვიდრე ბურთის გადაკვეთის ადგილი იყო. მოკლე დარტყმებით თუ ფლანგების ხშირი ცვლით შეტევებმა, შედეგი არ გამოიღო, რადგან აშშ-ს დაცვა თავდაუზოგავად თამაშობდა. მხოლოდ ერთხელ მოხერხდა ხაზის კარგად გაშლა, მაგრამ ზიბზიბაძემ ბურთი ვერ მიიღო, ის სახეში მოხვდა და წინთამაში დაფიქსირდა.
აქ ძირითადი დრო უკვე ამოწურული იყო და საკმარისი იყო, ამერიკელებს თავიანთი შერკინება მოეგოთ და ბურთი აუტში გაეტანათ, რომ შეხვედრა დასრულდებოდა. მაგრამ ზირაქაშვილმა თანაგუნდელებს შეუძახა, ისინი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში, აშშ-ს შერკინებას მძლავრად მიაწვნენ, ბურთზე კონტროლი დააკარგვინეს, აბუსერიძემ სტუმარს მისი აღების საშუალება არ მისცა, ზედ ხაზზე შექმნილი რაქიდან, კვირიკაშვილმა გრძელი გადაცემით მარჯვენა ფლანგზე ეული ლექსო გუგავა მოძებნა, რომელმაც სტუმართა ჩათვლის მოედანში დაუბრკოლებლად შეაღწია. ლელო ისეთ ადგილას გავიდა, რომ რეალიზაციის დარტყმის ადგილი ურთულესთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა, კვირიკაშვილმა ნერვები მოთოკა, დარტყმა ძელებსშუა გააძვრინა და უმძიმეს მატჩში “ბორჯღალოსნებს” 19:17 მოაგებინა.
ედი ოსალივანი (აშშ-ს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “შესანიშნავი თამაში იყო. მთელმა შეხვედრამ უდიდესი დაძაბულობის ფონზე ჩაიარა და ორივე გუნდის მორაგბეებმა მაქსიმალური თავდადებით ითამაშეს. ვიცოდით საქართველოს ნაკრების ძალა და მოედანზე საბრძოლველად გავედით. მართალია დავმარცხდით, მაგრამ ვამაყობ ჩემი ბიჭებით, რომლებმაც საოცარი თამაში აჩვენეს. მათ ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ასეთი რამ ხდება. ბოლო წუთებზე ლელო მივიღეთ და მარცხი განვიცადეთ. მოწინააღმდეგე რომ ჟინით ითამაშებდა, კარგად ვიცოდი და გადავწყვიტეთ, მათთვის იგივე დაგვეპირისპირებინა. ასეთი თამაში არც ჩვენთვისაა უცხო და ვფიქრობ, მაყურებელმა სიამოვნება მიიღო. ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ქართველებისათვის დერეფანში წინააღმდეგობა არ გაგვეწია, მათ მიწაზე დავხვედროდით და მოლის შექმნის საშუალება არ მიგვეცა. მადლობა საქართველოს მასპინძლობისათვის და ნაკრებს შესანიშნავი თამაშისათვის. მათ გამარჯვებას ვულოცავ და იმედია, მოედანზე კიდევ ბევრჯერ შევხვდებით”.
ტოდ კლევერი (აშშ-ს ნაკრების კაპიტანი): “ძალიან დაღლილი ვარ. ბოლომდე დავიხარჯეთ და გახარებული ვარ იმით, რომ ორივე გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა. ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც ძალ-ღონე არ დაზოგა. ვფიქრობ, მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო”.
რიჩი დიქსონი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საწყის წუთებზე დაჟინებით ვცდილობდით რაღაცის გაკეთებას და პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც თითქოს დაგვავიწყდა რა გეგმა დავსახეთ თამაშის დაწყებამდე. ამით მეტოქემ ისარგებლა და თამაშზე კონტროლი დაამყარა. მეორე ტაიმში გუნდი შედარებით დალაგდა და დასკვნით 20 წუთში მატჩზე კონტროლი დავიბრუნეთ, ხოლო ბოლო შერკინებამ, ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნა. აშშ-სთან თამაში ძნელი და კარგი გამოცდა იყო. ხარვეზები გვქონდა, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო. თებერვლიდან ვეცდებით, რომ უკეთ ვიმუშაოთ. ახლა უკვე ვიცით რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბიჭებმა საკუთარი პოტენციალი ბოლომდე უნდა გამოიყენონ და ემოციები აკონტროლონ. ზეწოლის პირობებში თამაშს უნდა მივეჩვიოთ და მსგავსი შეხვედრები ამ კუთხით მნიშვნელოვნად წაგვადგება. ახლა თამაშის ხარისხი კარგი არ იყო, შერკინებაში მოპოვებული უპირატესობა სათანადოდ ვერ განვავრცეთ, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ და სიხარულის მიზეზი გვაქვს. მსაჯისთვის ასეთი შეხვედრების განსჯა ძალიან ძნელია. შესაძლოა, მან გარკვეული შეცდომები დაუშვა, მაგრამ ჩვენი საზრუნავი ჩვენივე თამაშია და არა მსაჯის მოქმედება”.
აქვსენტი გიორგაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელი): “ჩვენი მთავარი პრობლემა დროის უქონლობაა. გუნდი ხშირად არ იკრიბება და შეთამაშება ვერ ხერხდება. ზედგინიძე და ლაბაძე გვაკლდა, ისინი მაღალი ბიჭები არიან და დერეფანში პრობლემები ამის გამო შეგვექმნა. ნაკლის აღმოფხვრა დერეფანში გადაადგილებებით ვცადეთ, რაც კარგად არ გამოგვდიოდა. მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად მეტი დრო გვექნება და ვეცდებით, პრობლემები მოვაგვაროთ”.
თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. ტესტ-მატჩი. 18000
საქართველო - აშშ 19:17 (6:11)
საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. ირაკლი მაჩხანელი (20. ბიძინა სამხარაძე 58), 13. ირაკლი ჩხიკვაძე (21. დავით კაჭარავა 41), 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა მალაღურაძე (22. მერაბ კვირიკაშვილი 52), 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. გოდერძი შველიძე (17. დავით ზირაქაშვილი 41), 2. აქვსენტი გიორგაძე (16. ირაკლი ნატრიაშვილი 41)), 3. დავით ქუბრიაშვილი (გოდერძი შველიძე 79), 4. შალვა სუთიაშვილი, 5. ლევან დათუნაშვილი (18. გიორგი ნემსაძე 65), 6. სიმონ მაისურაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესიკ უდესიანი (19. ვიტო კოლელიშვილი 73).
1 ლელო: გუგავა
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
4 ჯარიმა: მალაღურაძე (3), კვირიკაშვილი
სინბინი: აბუსერიძე (61)
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
მწვრთნელის ასისტენტები: დონალდ კასკი, ილია მაისურაძე
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექნიკური მრჩეველი: მაიკლ ბრედლი
ფიზმომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
აშშ: 15. კრის ვაილესი, 14. ნგვენია ტაკუძვა, 13. პოლ ემერიკი, 12. ენდრიუ სუნიულა, 11. კევინ სვირინი, 10. ვალენეზე მალიფა, 9. ტიმ უსაზი (20. მაიკ პეტრი 80+5); 1. მათე მოეკოლა (17. მაიკ მაკდონალდი 61), 2. ფილიპ ტიელი (16. კრის ბილერი 65), 3. შონ პიტმანი, 4. სამუ მანოა, 5. ჰაიდენ სმიტი, 6. ლოუ სტანფილი (შონ სთივენი 58), 7. ტოდ კლევერი (კაპიტანი), 8. ინაკი ბასაური (19. ნიკ ჯონსონი 65).
1 ლელო: ემერიკი
2 ჯარიმა: მალიფა
2 არეკნი: მალიფა, ვაილესი
1 სინბინი: სმიტი
მთავარი მწვრთნელი: ედი ოსალივანი
რეფერი: პიტერ ალენი (შოტლანდია)
კიდეებზე: ალან ფორესტი, ენდრიუ ჰილი (ორივე შოტლანდია)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია