საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, აშშ-ს ნაკრების 19:17 დამარცხებით, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში საკუთარ მონაგარს 0.810 სარეიტინგო ქულა შემატა, ჯამში 68.21 დაუგროვდა, აშშ-ს ნაკრების მაჩვენებელი კი 67.69-მდე შემცირდა და “ბორჯღალოსნებმა” ისინი მე-16 ადგილამდე ჩამოაქვეითა.
ქართველ მორაგბეებს მეტოქე 15 ან მეტი ქულის სხვაობით რომ დაემარცხებინათ, მათ ქულებს კიდევ 0.41 დაერიცხებოდა და წინსვლა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამასთან, პორტუგალიას კანადასთან თუნდაც საყაიმო ანგარიში რომ შეენარჩუნებინა, “ბორჯღალოსნები” მე-14 ადგილზე თუნდაც მინიმალური სხვაობით მოგების შემთხვევაში აღზევდებოდნენ. არადა, ლისაბონში 78-ე წუთისათვის ანგარიში 20:20 იყო, მაგრამ კანადამ ჯარიმის გატანა მოახერხა და ჯამში 23:20 იმარჯვა, რითაც მე-14 ადგილი შეინარჩუნა. ცხრილის ზედა ნაწილში მსგავსი სიტუაცია მომავალი წლის თებერვლამდე შენარჩუნდება, მერე კი ევროპის ექვსი ერისა და ერთა თასის შეხვედრებისა და შესაბამისად, ცვლილებების დრო დადგება. საქართველოს ნაკრებს პირველი შეხვედრა ოდესაში უკრაინასთან უწევს, რომელიც “ბორჯღალოსნებს” იმდენად ჩამორჩება, რომ ნებისმიერი ანგარიშით მოგება, რეიტინგში ქართველთათვის ცვლილებას ვერ გამოიწვევს (მარცხი ან ფრე არც კი განიხილება), აი ესპანეთთან და პორტუგალიასთან დაპირისპირება ქართველ მორაგბეებს მორიგი წინსვლის საშუალებას მისცემს.
რუმინეთმა ურუგვაის ძლევით მსოფლიო თასის ბოლო, მე-20 საგზური კი მოიპოვა, მაგრამ რეიტინგში კვლავ რუსეთის უკან, მე-19 პოზიციაზე დარჩა, თუმცა, ჩამორჩენა 0.02 ქულამდე დავიდა. ბუქარესტში დამარცხების მიუხედავად, ურუგვაის ნაკრები რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა. ამის მიზეზი კანადასთან პორტუგალიის, ხოლო ესპანეთში ნამიბიის ნაკრების მარცხი აღმოჩნდა, რომლებმაც უფრო მეტი სარეიტინგო ქულა დაკარგეს, ვიდრე ურუგვაიმ. ესპანეთმა ნამიბიას 33:20 კი აჯობა, მაგრამ 23-ე საფეხურიდან წინ წაწევა მაინც ვერ მოახერხა, რადგან კონკურენტებს მნიშვნელოვანი ქულების სხვაობით ჩამორჩებოდა.
რეიტინგის ზედა ნაწილში, საუკეთესო ათეულში წინსვლა მხოლოდ ირლანდიას ჰქონდა, რომელმაც არგენტინას 29:9 აჯობა. მან საფრანგეთი და შოტლანდია უკან მოიტოვა და წელს მე-5 ადგილზე დაასრულებს. ამის მიზეზი ფრანგთა მარცხია, რომლებიც ავსტრალიასთან 16:59 შერცხვნენ. შოტლანდიამ სამოას 19:16 კი აჯობა, მაგრამ მისთვის ამ მოგებას სარეიტინგო ქულები არ მოუტანია.
სარეიტინგო ქულების გარეშე დარჩა უელსის 37:25 მძლეველი ახალი ზელანდიაც, მაგრამ ის კვლავ რეიტინგის სათავეში რჩება. მას მიუახლოვდა ფრანგების გამაწბილებელი ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა, რომელმაც ინგლისში 21:11 იმარჯვა. მიუხედავად მარცხისა, ინგლისელებმა მე-4 პოზიცია შეინარჩუნეს და ევროპული ნაკრებებიდან საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ. ქულები მოიხვეჭა იტალიამ, რომელმაც ფიჯის 24:16 სძლია, მაგრამ ის რეიტინგში კვლავ მე-12 ადგილზე რჩება.
IRB-ს მსოფლიო რეიტინგი
1 (1). ახალი ზელანდია | 93,19 |
2 (2). ავსტრალია | 87,45 |
3 (3). სამხრეთ აფრიკა | 86,44 |
4 (4). ინგლისი | 82,48 |
5 (7). ირლანდია | 81,79 |
6 (5). საფრანგეთი | 81,66 |
7 (6). შოტლანდია | 81,20 |
8 (8). არგენტინა | 78,97 |
9 (9). უელსი | 77,04 |
10 (10). ფიჯი | 74,05 |
11 (11). სამოა | 74,02 |
12 (12). იტალია | 73,31 |
13 (13). იაპონია | 71,45 |
14 (14). კანადა | 69,19 |
15 (16). საქართველო | 68,21 |
16 (15). აშშ | 67,69 |
17 (17). ტონგა | 67,35 |
18 (18). რუსეთი | 65,56 |
19 (19). რუმინეთი | 65,54 |
20 (22). ურუგვაი | 60,94 |
21 (21). პორტუგალია | 60,94 |
22 (20). ნამიბია | 60,66 |
23 (23). ესპანეთი | 58,64 |
24 (24). ჩილე | 56,68 |
25 (25). ბელგია | 56,44 |
26 (26). მაროკო | 56,11 |
27 (27). ყაზახეთი | 55,20 |
28 (28). ბრაზილია | 54,56 |
29 (29). უკრაინა | 54,35 |
30 (36). გერმანია | 53,30 |
31 ... |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია