ამბები

18:39 | 29.11.2010 | ნანახია 2347 - ჯერ

კარტერი რეკორდსმენია

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების “ათიანმა” დენ კარტერმა, გასულ შაბათს უელსთან 37:25 მოგებულ შეხვედრაში, საკუთარ გუნდს 12 ქულა შემატა (2 ჯარიმა, 3 რეალიზაცია) და ქვეყნის უპირველესი გუნდის კვართით ჩატარებულ მატჩებში დაგროვილი ქულებით, მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა.
აღსანიშნავია, რომ კარტერისთვის უელსთან მატჩი საუკეთესო სულაც არ იყო, პირიქით, მას ცხრა დარტყმიდან ოთხი გაუცუდდა, მაგრამ სარეკორდო მაჩვენებელს პირველი გატანილი ჯარიმის შემდეგვე უწია, რომელიც მე-7 წუთზე 49 მეტრიდან შეასრულა. აქამდელი რეკორდი ინგლისელ ჯონ უილკინსონს ეკუთვნოდა, რომლის ანგარიშზეც 1178 სანაკრებო ქულაა და ახლა მას ზელანდიელი მთელი 10 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ კარტერმა ინგლისელთან შედარებით 8-ით ნაკლები სანაკრებო მატჩი ჩაატარა.
კარტერი თავისი საფირმო დარტყმებით კია ცნობილია, მაგრამ მას ქულების დაგროვებაში 29 ლელოც დაეხმარა. სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ზელანდიელი არა მხოლოდ თანამედროვეობის, არამედ ყველა დროის საუკეთესო “ათიანია”. ისიც სათქმელია, რომ “ოლ ბლექსის” ლიდერი ჯერ მხოლოდ 28 წლისაა და ამ მაჩვენებლის გაუმჯობესა კიდევ შეუძლია.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074686