2011 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ სარაგბო ალაფას, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომი ტურნირია, საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. თუკი არაფერი შეიცვალა, მომავალი ტურნირი 24 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში შედგება.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის სარაგბო კავშირის ვებ-გვერდი ავრცელებს, სადაც ისიცაა ნათქვამი, რომ ახალგაზრდულ ალაფაზე 8 ნაკრები ითამაშებს: საქართველო, რუსეთი, სამოა, იაპონია, აშშ, ურუგვაი, კანადა და ზიმბაბვე.
შეგახსენებთ, რომ წლეულს ანალოგიური ტურნირი მოსკოვში გაიმართა და მასპინძლებმა მე-3 ადგილი დაიკავეს, ფინალში კი იტალიამ იაპონიას აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც სხვათა შორის, სწორედ აპენინებზე შედგება.
თბილისში დაგეგმილი მსოფლიოს ალაფაზე ტრადიციულად ორი ჯგუფი შეიქმნება, რომლებშიც 4-4 გუნდი მოხვდება. კენჭისყრა იანვარში შედგება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მატჩები 24 მაისს, 28 მაისს, 1 ივნისსა და 5 ივნისს შედგება. საწყის სამ ტურში ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება, დასკვნით დღეს კი ფინალური შეხვედრები შედგება პირველი, მესამე, მეხუთე და მეშვიდე ადგილებისთვის.
2011 წლის მსოფლიოს ალაფას გამარჯვებული 2012 წელს გასამართი ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია