ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მესამეხაზელი რიჩი მაკქოუ, რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB), Emirates Airline-ს ეგიდით, 2010 წლის საუკეთესო მორაგბედ აღიარა.
29 წლის მაკქოუ გახდა პირველი, რომელიც წლის საუკეთესო მორაგბედ სამჯერ აღიარეს. აქამდე მან პრესტიჟული ჯილდო 2006 და 2009 წლებში მიიღო. ამასთან, ახალმა ზელანდიამ წლის საუკეთესოების ნომინაციაში ერთგვარი ჰეთ თრიკი შეასრულა, რადგანაც საუკეთესო მორაგბის ტიტულის გარდა, “ოლ ბლექსმა” წლის გუნდის ჯილდო დაისაკუთრა, ხოლო მათი მთავარი მწვრთნელი გრეჰემ ჰენრი, 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. აღსანიშნავია, რომ ჰენრი საუკეთესო მწვრთნელი მეოთხედ გახდა (2005, 2006 და 2008 წლები), ასევე, უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში, “ოლ ბლექსმა” მეოთხედ მოიპოვა წლის გუნდის ტიტული (2005, 2006 და 2008).
მაკქოუს წლის მორაგბის ტიტულისთვის კონკურენციას უწევდნენ მისივე თანაგუნდელი მილს მულიაინა, სამხრეთ აფრიკელი ვიქტორ მეტფილდი, ფრანგი იმანოლ არინორდოგი და ორი ახალგაზრდა ავსტრალიელი ვარსკვლავი - დევიდ პოკოკი და კერტლი ბილი. ყველა ზემოთჩათვლილმა მორაგბემ ბრწინვალე სეზონი ჩაატარა, თუმცა, მაკქოუს ხელმძღვანელობით, “ოლ ბლექსმა” წლის განმავლობაში ჩატარებული 14 მატჩიდან 13 მოიგო, არცერთხელ დამარცხებულა “სამი ერის” შეხვედრებში და ასევე, დაუმარცხებლად ჩაამთავრა ევროპული ტურნე.
“ეს იყო ბრწყინვალე წელიწადი. როგორც მწვრთნელებმა, ასევე უკლებლივ ყველა მორაგბემ, მაქსიმუმი გაიღო, რათა ასეთი შედეგისთვის მიგვეღწია. მაღალკვალიფიციური მორაგბეების მხარდამხარ თამაში, უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებდა. მე ეს თამაში ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საერთაშორისო მატჩებს ვატარებ. ეს პრიზი განსაკუთრებულია, მაგრამ კარგი თანაგუნდელების გარშე, მისი მიღება წარმოუდგენელი იქნებოდა” - თქვა მაკქოუმ.
“ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღებით ძალიან ამაყი ვარ. ის სრულად ასახავს გუნდის მიერ გაწეულ უზარმაზარ სამუშაოს და მოხარული ვარ, რომ წლის გუნდის ტიტული ახალმა ზელანდიამ მოიპოვა. ეს პრიზი ჩემთან ერთად ეკუთვნის გუნდის მენეჯერ დარენ შენდს და ჩვენი სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრს, რომლებიც ჩემთან ერთად მოღვაწეობენ. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი მაღალი დონის მორაგბეებთან მიწევს მუშაობა. რიჩი მაკქოუ ფენომენალური კაპიტანია. მას და მილს ეროვნულ გუნდში 94-94 შეხვედრა დაუგროვდათ, 9 მორაგბეს კი, 50-ზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული და ძალიან გამოცდილი კოლექტივი გვყავს” - თავის მხრივ განაცხადა ჰენრიმ.
რაგბის საერთაშორისო საბჭო წლის მორაგბეებს, გუნდებს და მწვრთნელებს 2001 წლიდან ასახელებს. გთავაზობთ ყველა გამარჯვებულს წლების და პოზიციების მიხედვით.
წლის მორაგბე:
2010 - რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია)
2009 - რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია)
2008 - შეინ უილიამსი (უელსი)
2007 - ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა)
2006 - რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია)
2005 - დენ კარტერი (ახალი ზელანდია)
2004 - შალკ ბურგერი (სამხრეთ აფრიკა)
2003 - ჯონ უილკინსონი (ინგლისი)
2002 - ფაბიენ გალტიე (საფრანგეთი)
2001 - კეიტ ვუდი (ირლანდია)
წლის გუნდი:
2010 - ახალი ზელანდია
2009 - სამხრეთ აფრიკა
2008 - ახალი ზელანდია
2007 - სამხრეთ აფრიკა
2006 - ახალი ზელანდია
2005 - ახალი ზელანდია
2004 - სამხრეთ აფრიკა
2003 - ინგლისი
2002 - საფრანგეთი
2001 - ავსტრალია
წლის მწვრთნელი:
2010 - გრეჰემ ჰენრი (ახალი ზელანდია)
2009 - დეკლან კიდნი (ირლანდია)
2008 - გრეჰემ ჰენრი (ახალი ზელანდია)
2007 - ჯეიკ ვაითი (სამხრეთ აფრიკა)
2006 - გრეჰემ ჰენრი (ახალი ზელანდია)
2005 - გრეჰემ ჰენრი (ახალი ზელანდია)
2004 - ჯეიკ ვაითი (სამხრეთ აფრიკა)
2003 - კლივ ვუდვარდი (ინგლისი)
2002 - ბერნარდ ლაპორტე (საფრანგეთი)
2001 - როდ მაკქვინი (ავსტრალია)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია