ამბები

17:41 | 5.12.2010 | ნანახია 3256 - ჯერ

“ქალს ვინც დაუწყებს გინებას, აბა თუ შეგვერკინება”

სწორედ სტატიის სათაურში მოცემული დევიზით დაუდგა გვერდში საქართველოს რაგბის კავშირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ კამპანიას. გაეროს ქალთა ფონდის მიერ წამოწყებული 16-დღიანი აქციის (რომელსაც ზურგს საქართველოში შვედეთის საელჩო უმაგრებს) ერთ-ერთი ღონისძიება, მორაგბეთა თანადგომით, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაიმართა.
ღონისძიების ეგიდით, “შევარდენის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავისუფალი და კვაკასიის უნივერსიტეტების გუნდების ჯახი გაიმართა. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლის რიგებშიც ამ სასწავლებლის სტუდენტი, პროფესიონალი მორაგბეები გამოდიოდნენ, მოწინააღმდეგეს 4 უპასუხო ლელო გაუტანეს და ჯამში 22:3 იმარჯვეს. პრესკონფერენცია ოჯახური ძალადობის საკითხებზე მომუშავე კომიტეტის ცხელი ხაზის ამოქმედებას მიეძღვნა.
16-დღიანი აქცია 25 ნოემბერს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის დღე აღინიშნება. პრესკონფერენციას დაესწრო შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ქალბატონი დიანა იანსე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მენეჯერი ვასილ აბაშიძე და საქართველოს ნაკრებთა გუნდების ფიზმომზადების მწვრთნელი მარკ დიქსონი.
“ქალთა უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც - კაცთა. ორივე სქესის წარმომადგენელს თანაბარი უფლება აქვს და თავის სხეულს ისე გამოიყენებს, როგორც მას უნდა. საქართველო ცდილობს, თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყანა გახდეს, მაგრამ როგორც ჩიტი ვერ იფრენს ცალი ფრთით, ისე ქვეყანა ვერ განვითარდება მხოლოდ ერთი სქესის ადამიანების მუშაობის ხარჯზე. ოჯახური ძალადობა საშინელი ომია, სადაც ერთი მხარე მუდამ დაუცველია და ჩვენი სურვილია, რომ ამ ქალბატონებს გვერდში დავუდგეთ. მახარებს ამ აქციაში ქართველი მორაგბეების მონაწილეობა. მათ ყველაზე კარგად იციან, თუ რას ნიშნავს იყო კაცი”, - განაცხადა იანსემ.
ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა ყველას ვასილ აბაშიძემ: “საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდი სიამაყით უერთდება ამ აქციას. ქალის დაცვა ნებისმიერი მამაკაცის ვალია. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას და ყველას მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ”.
“მე შოტლანდიელი ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ქალთა უფლებების დაცვა როგორც ჩემს ქვეყანაში, ასევე საქართველოში. ამ კუთხით, სპორტსმენებს დიდი როლის თამაში შეუძლიათ, როგორც ახალგაზრდებზე, ასევე უფრო ასაკის ადამიანებზე. ნებისმიერი კარგი კაცის უკან, კარგი ქალი დგას და ეს ყველას უნდა ესმოდეს. ერთი სქესი მეორეზე მაღალი არაა, ოჯახი კი, ერთი ორგანიზმია და ის შეხმატკბილებულად უნდა მოქმედებდეს”, - დაამატა მარკ დიქსონმა.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.124022