ამბები

10:33 | 6.12.2010 | ნანახია 2875 - ჯერ

ზირაქაშვილმა ლიდერს სძლია

სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული ერთთვიანი პაუზის შემდეგ, საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის ლეგიონერები საკუთარ კლუბებს დაუბრუნდნენ და XIII რაუნდის შეხვედრები გამართეს.
გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფმა დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივმა”, ბექა შეყლაშვილის “აჟენს” უმასპინძლა, უშუალო კონკურენტთან 12:30 დამარცხდა, მეტოქეს პრემიალური ქულაც გაატანა და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციამდე დაქვეითდა. “ბრივი” ბოლო პერიოდში შიდა ჩემპიონატში ძალიან ცუდად ასპარეზობს და მე-6 ტურის შემდეგ ერთი გამარჯვებაც ვერ იზეიმა. ამ 7 შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი ითამაშა ფრედ, ორჯერ კი ნაკლები ანგარიშით მარცხისათვის პრემიალური ქულა აიღო. თავის მხრივ, საგრძნობლად მოუმატა “აჟენმა”, რომლისთვისაც “ბრივთან” მოპოვებული გამარჯვება ზედიზედ მე-3 იყო და წინსვლამაც არ დააყოვნა.
მასპინძლები მე-12 წუთისთვის, 2 ჯარიმით 6:0-ს კი იგებდნენ, მაგრამ მე-15 წუთზე ლელო გაუშვეს და ზუსტი გარდასახვის შემდეგ მდევრის როლში აღმოჩნდნენ. შესვენებამდე სტუმრებმა არეკნით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს, თუმცა, “ბრივმა” მათ ჯარიმით უპასუხა და ტაიმი ერთი ქულით დათმო. მე-2 ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა შეხვედრაში მე-4 ჯარიმა გაიტანეს და 12:10 დაწინაურდნენ. 53-ე წუთამდე სტუმრებმა 2 ჯარიმა გამოიყენეს და დაწინაურდნენ. 55-ე წუთზე “აჟენი” ლელო-გარდასახვით კიდევ უფრო წინ გაიჭრა, ხოლო 76-ე წუთზე პრემიის მომტანი მე-3 ლელო გაიტანა და რეალიზაციით, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 30:12.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ლელოს გაშვებისას, მასპინძლები მოედანზე კაცნაკლულნი იყვნენ. რეფერიმ 70-ე წუთზე პირველხაზელი კაკოვინი გაასინბინა. ის თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და რადგან 10 წუთი დასჯილთათვის განკუთვნილ სკამზე გაატარა, თამაშმა სულ 30 წუთი მოუწია. განაცხადში არ იყო “ბრივის” მეორე პირველხაზელი ხინჩაგიშვილი. “აჟენის” ძირითად შემადგენლობაში იყო შეყლაშვილი და მწვრთნელმა ის მე-60 წუთზე შეცვალა. პრემიალური ქულის აღების წყალობით, “აჟენმა” თავი ოც ქულას მოუყარა და მე-11 საფეხურამდე აღზევდა.
კიდევ ერთ ქართულ დერბიში “ტულონმა” “მონპელიეს” უმასპინძლა და 29:13 იმარჯვა. ეს გუნდები საჩემპიონო ექვსეულში მოხვედრისთვის იბრძვიან და ჯახიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, მაგრამ მასპინძელთა ინგლისელი ლეგიონერის - ჯონ უილკინსონის მეცადინეობით, “ტულონმა” დამაჯერებლად იმარჯვა. თავიდანვე გეტყვით, რომ მასპინძელთა შემადგენლობაში შეცვლაზე ითამაშა დავით ქუბრიაშვილმა, ის მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა. “მონპელიეს” რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და შერკინების მესამე ხაზში (8 ნომერზე) სრულად გაისარჯა დისკვლიფიკაციამოხდილი მამუკა გორგოძე, 56-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა შერკინების პირველხაზელმა გიორგი ჟღენტმა, ასევე პირველხაზელი გოდერძი შველიძე და გიორგი ჩხაიძე კი, განაცხადში ვერ მოხვდნენ. შესვენებამდე უილკინსონის მიერ გატანილ ოთხ ჯარიმას, სტუმრებმა მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხეს. “ტულონმა” უპირატესობა ლელო-გარდასახვით მე-2 ნახევრის დასაწყისშივე გაზარდა, მერე ჯარიმა გაიტანა, რაზეც საპასუხო ჯარიმა მყისვე მიიღო. თამაშის ბედი 58-ე წუთზე გადაწყდა, როცა მასპინძელბმა მეორე ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და 29:6 დაწინაურდნენ. “მონპელიემ” საპასუხო ლელო 73-ე წუთზე გაიტანა და რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა, მაგრამ ამით მხოლოდ საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მიუხედავად მარცხისა, “მონპელიე” 41 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 საფეხურზე იმყოფება და ლიდერ “ტულუზას” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ტულონმა” ამ მოგებით 36 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზე გამაგრდა.
ზემოთნახსენები “ტულუზა” ქვეყნის ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” 32:25 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ქართველმა პირველხაზელმა 80-წუთიანი წვლილი შეიტანა - ის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა. “კლერმონი” მე-3 წუთზე ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ მე-7 წუთისთვის უკვე 3:10-ს აგებდა - სტუმრებმა ჯერ ჯარიმით აღადგინეს წონასწორობა, მერე კი ლელო გაიტანეს და რეალიზაცია გამოიყენეს. მასპინძლებმა ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, მე-18 წუთზე ლელო თავად გაიტანეს და წინ გაიჭრნენ, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი 13:10 დაწინაურდნენ. 28-ე და 32-ე წუთებზე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 35-ე წუთზე “კლერმონმა” თავისი მეორე ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და უპირატესობა გაზარდა. “ტულუზამ” შესვენებამდე ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 16:23 დათმო, მაგრამ მე-2 ნახევრის დასაწყისშივე ჯარიმა თავად მიიღო. შეხვედრის დასრულებამდე მასპინძლებმა 3 ჯარიმა გაუშვეს, მაგრამ 2 თავადაც გაიტანეს და ლიდერი მხოლოდ პრემიალური ქულის ამარა დატოვეს. მიუხედავად მოგებისა, “კლერმონმა” საუკეთესო ექვსეულში შესვლა ჯერ ვერ მოახერხა, მას 34 ქულა აქვს, მე-7 ადგილზეა და მე-6 პოზიციას ერთი ქულა აშორებს.
ამ მე-6 ადგილს აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” იკავებს, რომელმაც “პერპინიანს” 23:13 აჯობა. მასპინძლებმა დებიუტშივე ჯარიმა კი მიიღეს, მაგრამ შესვენებამდე მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს, მხოლოდ ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და ტაიმი 17:3 მოიგეს. მე-2 ტაიმში “კასტრმა” მონაგარს 2 ჯარიმით 6 ქულა შემატა, თავად ჯარიმა, ლელო და რეალიზაცია გაუშვა და 10 ქულით იმარჯვა. ქართველი ლეგიონერები თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთვნენ - ფეიქრიშვილი მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გიორგაძე 76-ეზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ (ფეხი ორ ადგილზე მოიტეხა), გიორგაძე მიმდინარე სეზონში მოედანზე პირველად გამოჩნდა (“კასტრის” შემადგენლობაში). “კასტრს” 35 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა.
ტურის დანარჩენ შეხვედრებში “მეტრო რასინგმა” “სტად ფრანსე” 15:13 დაამარცხა, “ბაიონმა” “ლა როშელს” 23:14 სძლია, ხოლო “ბიარიცმა” “ბურგონს” 37:20 მოუგო. ქართული ფესვების მქონე ფრანგმა დიმიტრი იაშვილმა, ამ შეხვედრაში 3 რეალიზაცია და 2 ჯარიმა გამოიყენა.
ახლა თოპ 14-ში კიდევ ერთი დიდი შესვენება გამოცხადდება, რადგანაც ფრანგული კლუბები ევროტურნირებში გადაერთვებიან და შიდა ასპარეზს 29 დეკემბრიდან დაუბრუნდებიან.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 43, 2. მონპელიე - 41, 3. მეტრო რასინგი - 39, 4. ბიარიცი - 38, 5. ტულონი - 36, 6. კასტრი - 35, 7. კლერმონი - 34, 8. ბაიონი - 32, 9. სტად ფრანსე - 29, 10. პერპინიანი - 28, 11. აჟენი - 20, 12. ლა როშელი - 19, 13. ბრივი - 19, 14. ბურგონი - 10.

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.142853