თბილისის “ლელოს” უკანახაზელი ლექსო გუგავა, ერთ-ერთი იყო იმ სამეულიდან, რომელიც რიჩი დიქსონმა აშშ-ს წინააღმდეგ ქართული კლუბებიდან ათამაშა. 29 წლის უკანახაზელმა, მწვრთნელს ნდობა დაუფასა და მეტოქეს ბოლო წუთზე გადამწყვეტი ლელო გაუტანა, რამაც “ბორჯღალოსანთა” გამარჯვება განაპირობა. გუგავა ამ ლელოს, შერკინების დამსახურებად მიიჩნევს, რომელშიც ჩაბმულმა ბიჭებმა “წარმოუდგენელი შეძლეს”. ლექსომ მანამდე კანადელთა წინააღმდეგაც სრულად ითამაშა და დაცვაში თავდაუზოგავად გაისარჯა.
წლევანდელი წელი გუგავასთვის მხოლოდ სანაკრებო მატჩებით არაა გამორჩეული. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და “შავი ზღვის თასზე” დაღვრილმა ოფლმა განაპირობა ის, რომ დიქსონმა მისი ნაკრებში დაბრუნება და ძირითად შემადგენლობაში დაყენება გადაწყვიტა. “მსოფლიო სპორტი” გუგავას სანაკრებო მატჩებზე, ახალ მწვრთნელებზე და ზოგადად განვლილ სეზონზე, “შევარდენის” სარაგბო აკადემიის ბაზაზე ესაუბრა.
- როგორ შეაფასებ განვლილ წელიწადს?
- სეზონი ძალიან კარგი გამოდგა. საქართველოს ჩემპიონატი ისეთი დაძაბული იყო, როგორც არასდროს. არ იყო გამოკვეთილი ერთი, ან ორი ლიდერი, ჩემპიონობისთვის ერთბაშად ოთხი გუნდი იბრძოდა და ბოლომდე ვერავინ იტყოდა, გამარჯვებული ვინ გახდებოდა. რაც შემეხება პირადად მე, წელს ფორმაში ვიყავი, კარგად ვითამაშე და ამან გამოწვია ნაკრებში რომ მიმიწვიეს. მომავალშიც ასე ვაპირებ გაგრძელებას და იმედი მაქვს, ეროვნულ გუნდში ადგილს დავიმკვიდრებ.
- რამდენად სახეცვლილი დაგხვდა ეროვნული გუნდი?
- ბიჭები ისევ ისინი არიან და მათთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, თუმცა, ერთად დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა ნათამაშები. ტიმ ლეინის მწვრთნელობისასაც მომიწია ნაკრებში რამდენიმე შეხვედრის ჩატარება, მაგრამ რიჩი დიქსონის და მისი სამწვრთნელო შტაბის სიტუაცია სულ სხვაა. მომეწონა ის, რომ დისციპლინა და ძალიან კარგი ურთიერთგაგებაა მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის. ეს აუცილებელი იყო საქართველოს ნაკრებისთვის და მსგავსი ურთიერთობა აქამდე ძალიან გვაკლდა.
- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რაში გამოიხატება ეს ურთიერთგაგება?
- მწვრთნელსა და მოთამაშის ურთიერთობაში ბარიერი არ არის. თუნდაც, სავარჯიშო სესიის დროს, ან მის გარეთ, მოთამაშეები უშუალო მონაწილეები ვართ პროცესის დაგეგმვისა. როცა მწვრთნელებთან რაიმე კითხვა გვაქვს, მათთან ჩვეულებრივად მივდივართ და ამომწურავ პასუხებს ვიღებთ. ტიმ ლეინის დროს მსგავსი რამ არასდროს ხდებოდა – ის, ჩაიკეტებოდა ოთახში და თამაშამდე, შეიძლება ვერც გენახა.
- კანადისა და აშშ-ს ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებს როგორ გაიხსენებ?
- ორივე ძალიან კარგი გუნდია. დღესაც მიმაჩნია, რომ კანადა აშშ-ზე ძლიერია, მაგრამ მათთან გამოგვივიდა ის თამაში, რაც დავალებული გვქონდა. კანადელებს თამაში ჩავუკეტეთ და დამაჯერებლად მოვუგეთ. ამერიკელებთან ეს არ გამოგვივიდა. მათაც ძლიერი, გამართული ნაკრები ჰყავთ, ტექნიკურები არიან, მაგრამ, ვფიქრობ, რომ დაძაბულ ბრძოლაში, სასიხარულო, გემრიელ გამარჯვებას მივაღწიეთ.
- დიახ! და ბოლო, გადამწყვეტი ლელო თქვენ გაიტანეთ.
- ეს, ბიჭების უდიდესი თავდადების შედეგი იყო. მე, ასე ვთქვათ, ჩემთვის ვიდექი და იოლი ლელო გავიტანე, მაგრამ მანამდე, ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს და მეტოქის შერკინებაში ისეთი ბურთი მოიგეს, რომლის წარმოდგენაც კი ძალიან ძნელი იყო. ასეთი რამ, თანამედროვე რაგბში უიშვიათესი მოვლენაა და ეს ლელოც მათი დამსახურებაა.
- კანადასთან დამაჯერებლად კი იმარჯვეთ, მაგრამ ბოლო 20 წუთი ძალიან გაგიჭირდათ.
- ალბათ, სწორედ იმის ბრალი იყო, რომ დამაჯერებლად ვიგებდით. პირველ ტაიმში გატანილ ორ ლელოს, მეორეში მესამე მოჰყვა, ანგარიში გაიზარდა და მერე ცოტა ავირიეთ. ინდივიდუალურად დავიწყეთ თამაში. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში, ახალ მწვრთნელებს შევეჩვევით და მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდება.
- აშშ-სთან, თამაშის ხარისხი კანადელებთან მატჩზე უარესი იყო, ვერ ხერხდებოდა დერეფნების მოგება და მოლის დაყენება...
- რაც კანადასთან ძალიან კარგად გამოგვივიდა, ის ამერიკასთან ვერ შევძელით. მეტოქე კარგად იყო მომზადებული და მიმაჩნია, რომ უპირველესი დაველება სწორედ ის ჰქონდათ, რომ ჩვენთვის ძალისმიერი თამაშის საშუალება არ მოეცათ.
- ამ გუნდების წინააღმდეგ გასულ წელს თქვენ “ჩერჩილის თასზეც” ითამაშეთ. რამდენად განსხვავდებოდა ის კანადა და ამერიკა დღევანდელი ნაკრებებისგან?
- ზუსტად იგივე გუნდები იყო, მაგრამ მაშინ ჩვენ ვიყავით ძალიან შესუსტებული შემადგენლობით და ამიტომაც, დიდი სხვაობებით დავმარცხდით.
- მთლიანობაში, ჩვენს ნაკრებს თუ გადავხედავთ, შერკინებისა და უკანა ხაზის სათამაშო დონე, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. იგივე თოპ 14-ში, მხოლოდ შერკინების მოთამაშეები ხვდებიან, ხოლო ქართველ უკანახაზელებზე, მოთხოვნა არაა. თქვენი აზრით, რისი ბრალია დონეთა ასეთი სხვაობა?
- ქართველებს ჯანი ბუნებრივად მოგვდევს და ცოტაოდენი ტექნიკის დახვეწის ხარჯზე, კარგ გუნდებში მოხვედრას ახერხებენ. ჩემი აზრით, კარგი უკანა ხაზის მოთამაშე ბავშვობიდან უნდა გაიზარდოს. ახლა, როდესაც რაგბის აკადემია შეიქმნა, ბავშვთა რაგბს და მათ გამართულ თამაშს მეტი ყურადღება ექცევა. მჯერა, რომ 5-6 წელიწადში, ჩვენი უკანახაზელები მაღალ დონეზე ითამაშებენ.
- წლევანდელი წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ საქართველომ “შავი ზღვის თასის” საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა...
- ეს ძალიან კარგი ტურნირი იყო და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელსაც ჩატარდება და რეგულარულ სახეს მიიღებს. ალბათ, მომავალში გაცილებით ძლიერი გუნდებიც ჩამოვლენ. როგორც ჩანს, რუმინელებმა არ ჩაგვთვალეს ღირსებად, რომ პირველი ორი გუნდი ჩამოეყვანათ და მეოთხე-მეხუთეადგილოსნები გამოუშვეს. შედეგად, ისეთი ანგარიშებით დამარცხდნენ, რომ უნდა მიხვდნენ ამ ტურნირის მნიშვნელობას, სიძლიერეს და ხარისხს და სავარაუდოდ, უფრო მომზადებულები ჩამოვლენ. ქართული რაგბისთვის ეს ძალიან კარგი ტურნირი იყო, რადგან ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭებმა გამოცდილება დააგროვეს და მისი გამოყენება სანაკრებო შეხვედრებში შეეძლებათ.
- წელს “ლელომ”, საქართველოს ჩემპიონის ტიტული “ლოკომოტივს” დაუთმო. რა იყო ამის მიზეზი?
- ამის მიზეზი “ლელოც” იყო და “ლოკომოტივიც”. რეგულარულ გათამაშებაში “აიასთან” და “ყოჩებთან” კი დავმარცხდით, მაგრამ “ლოკომოტივს” მოვუგეთ ყველა თამაში და ფინალშიც დარწმუნებულები გავედით. თემურ ბენდიაშვილმა კარგად იცოდა, როგორ მოეგო ჩვენთვის, შეხვედრა თავისი სცენარით წაიყვანა და ჩემპიონიც დამსახურებულად გახდა.
- მომავლისთვის რა მიზნები გაქვთ, საქართველოში რჩებით, თუ უცხოურ კლუბში ფიქრობთ კარიერის გაგრძელებას?
- ჩემი უცხოეთში წასვლა უკვე დაგვიანებულია და მირჩევნია, კვლავ საქართველოში ვემსახურო ქართულ რაგბს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია