ამბები

10:47 | 13.12.2010 | ნანახია 2262 - ჯერ

ქართველთა კლუბები "ჰეინეკენზე" ყოჩაღობენ

წარმატებული გამოდგა ქართველი ლეგიონერების ფრანგული კლუბებისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასის” მესამე ტური. “კლერმონმა”, “კასტრმა” და “ტულონმა”, თავ-თავიანთი შეხვედრები მოიგეს, ჯგუფში მეორე ადგილებზე მო-კალათდნენ და ფლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებენ.
საფრანგეთის ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, საკუთარ მოედანზე 16106 მაყურებლის თანდასწრებით ირლანდიურ “ლინსტერს” დაუხვდა და მე-3 წუთზევე მდევრის როლში აღმოჩნდა. სტუმრებმა ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, მაგრამ მასპინძლებმა მათ ლელოს ოთხ წუთში ლელოთივე უპასუხეს, ხოლო რეალიზაციით წონასწორობა აღადგინეს. შესვენებამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 10:10 დასრულდა.
ქართველი პირველხაზელი განაცხადში იყო და მოედანზე 41-ე წუთზე გამოჩნდა. “კლერმონმა” შერკინებით შეუტია, რამდენიმე ფაზის შემდეგ ბურთი ჩაათამაშა და 53-ე წუთზე ლელო გაიტანა. მასპინძლებმა რეალიზაცია გამოიყენეს, მაგრამ მალევე ჯარიმა თავად მიიღეს. 61-ე წუთზე ფრანგებმა ჯარიმით უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდეს, სტუმართა მიძალებას გაუძლეს და 20:13 იმარჯვეს. ერთ კვირაში ეს გუნდები ერთმანეთს დუბლინში შეერკინებიან და თუ “კლერმონმა” იქაც იმარჯვა, ჯგუფიდან გასვლის კუთხით დიდ ნაბიჯს გადადგამს.
ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, რომელიც შოტლანდიურ “ედინბურგს” დაუხვდა და 7570 მაყურებელი გაახარა. პირველ ტაიმში გუნდებმა სამ-სამი ჯარიმა გაიტანეს და შესვენებაზე გასვლისას ანგარიში 9:9 იყო. მასპინძლებმა სტუმრები მე-60 და 54-ე წუთებზე გატეხეს, როდესაც ორი ლელო გაიტანეს, ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და 21:9 დაწინაურდნენ. ამაში მათ ხელი იმანაც შეუწყო, რომ ამ პერიოდში სტუმრები კაცნაკლულები იყვნენ. “ედინბურგმა” ერთი საპასუხო ლელო 73-ე წუთზე გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და 16:21 დამარცხდა. ამრიგად, 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისათვის, მათ ერთი პრემიალური ქულა აიღეს. ამ შეხვედრაში ქართველ ლეგიონერებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ისინი განაცხადშიც არ იყვნენ. “კასტრი” ერთი კვირის თავზე “ედინბურგს” შოტლანდიაში შეხვდება.
ლონდონში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, მაგრამ ქართველი ლეგიონერი განაცხადში არც აქ იყო. ფრანგებმა შეხვედრა მძლავრად დაიწყეს და “ლონდონ აირიშს” 26-ე წუთისთვის უკვე 13:0 უგებდნენ - ერთ ლელოს რეალიზაცია და ორი ჯარიმა დაურთეს. მასპინძლებმა სხვაობა ტაიმის მიწურულს ლელო-რეალიზაციით შეამცირეს, ხოლო 53-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს - 10:13. უილკინსონმა 66-ე და 76-ე წუთებზე ჯარიმიდან ორჯერ იხეირა და უპირატესობა საგრძნობი გახადა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, “ლონდონ აირიშმა” ჯარიმით სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა, 13:19 დამარცხდა და ერთი პრემიალური ქულა მიიღო. “ტულონი” ინგლისელებს ერთი კვირის თავზე უმასპინძლებს.   

“ჰეინეკენის თასი”.
მესამე ტური
I ჯგუფი

ნორთჰემპტონი - კარდიფი 23:15
კასტრი - ედინბურგი 21:16
 

1 ნორთჰემპტონი  3 3 0 0 72-56 12
2 კასტრი 3 2 0 1 62-54 9
3 კარდიფი 3 1 0 2 53-67 5
4 ედინბურგი 3 0 0 3 60-70 3


მომდევნო ტური
19 დეკემბერი:
ედინბურგი - კასტრი, კარდიფი - ნორთჰემპტონი

II ჯგუფი

სარაცინი - მეტრო რასინგი 21:24
კლერმონი - ლინსტერი 20:13

 

1 ლინსტერი 3 2 0 1 76-65 10
2 კლერმონი 3 2 0 1 54-39 9
3 მეტრო რასინგი 3 2 0 1 62-68 8
4 სარაცინი 3 0 0 3 54-74 2


მომდევნო ტური
17 დეკემბერი:
მეტრო რასინგი - სარაცინი; 18 დეკემბერი: ლინსტერი - კლერმონი

III ჯგუფი
მანსტერი - ოსპრეი 22:16
ლონდონ აირიში - ტულონი 13:19

1 მანსტერი 3 2 0 1 84-57 10
2 ტულონი 3 2 0 1 56-72 8
3 ოსპრეი 3 1 0 2 57-57 6
4 ლონდონ აირ. 3 1 0 2 52-63 5

 


მომდევნო ტური
18 დეკემბერი:
ოსპრეი - მანსტერი, ტულონი - ლონდონ აირიში

IV ჯგუფი
აირონი - ბიარიცი 28:27
ოლსტერი - ბათი 22:18

1 ბიარიცი 3 2 0 1 74-54 11
2 ოსლტერი 3 2 0 1 67-59 9
3 ბათი 3 1 0 2 51-40 7
4 აირონი 3 1 0 2 40-79 4

 

მომდევნო ტური
17 დეკემბერი:
ბიარიცი - აირონი; 18 დეკემბერი: ბათი - ოლსტერი

V ჯგუფი
პერპინიანი - ლესტერი 24:19
სკარლეტსი - ბენეტონი 35:27

1 ლესტერი 3 2 0 1 99-63 11
2 პერპინიანი 3 2 0 1 93-76 10
3 სკარლეტსი 3 2 0 1 88-107 10
4 ბენეტონი 3 0 0 3 70-104 1


მომდევნო ტური
18 დეკემბერი:
ბენეტონი - სკარლეტსი; 19 დეკემბერი: ლესტერი - პერპინიანი

VI ჯგუფი

გლაზგო - ტულუზა 16:28
ნიუპორტი - უოსპსი 16:23

1 ტულუზა 3 3 0 0 86-51 12
2 უოსპსი 3 2 0 1 77-60 10
3 გლაზგო 3 1 0 2 63-79 4
4 ნიუპორტი 3 0 0 3 48-84 1


მომდევნო ტური
18 დეკემბერი:
ტულუზა - გლაზგო; 19 დეკემბერი: უოსპსი - ნიუპორტი

 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087867