“ძალიან ვწუხვარ, თბილისში თამაშის სანახავად რომ ვერ ჩამოვედი. ვაღიარებ, სავსებით მართალი იყო, რაც დენვერში მითხარით – “ეს თამაში საქართველოში რომ ყოფილიყო, ნახავდით საქართველოს ნაკრები რა ძალაა“! დიდ საქმეს აკეთებთ და თქვენი ძალისხმევა ყოველმხრივ დასაფასებელია!” – ასეთი სიტყვებით იწყება მადლობის წერილი, რომელიც კანადის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, გრემ ბრაუნმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გიორგი ნიჟარაძეს, საქართველო-კანადის საერთაშორისო ტესტ მატჩის შემდეგ გამოუგზავნა.
როგორც ცნობილია, ტესტი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით (22:15) დამთავრდა. ქვემოთ ბრაუნის წერილის სრულ ვარიანტს გთავაზობთ.
“კანადის ნაკრების მოთამაშეების, მწვრთნელების და მთელი კანადის რაგბის კავშირის სახელით მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ და საქართველოს რაგბის კავშირს გულთბილი მიღებისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩვენი კაცთა ნაკრების მიმართ თბილისში მისი სტუმრობისას.
20 ნოემბრის კანადა-საქართველოს ტესტ-მატჩი მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ ორივე რაგბის კავშირისთვის: აქამდე ხომ ჩვენი ნაკრებები მხოლოდ ერთხელ შეხვედროდნენ ერთმანეთს, საქართველოში თამაში კი კანადისთვის პირველი გახლდათ. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ბრწყინვალე გამარჯვებას. ძალიან მახარებს ქართველი რაგბის ქომაგების შესანიშნავი გულშემატკივრობა.
თამაშის შედეგის მიუხედავად, ვიცი, რომ ჩვენი გუნდი მოედნიდან მეტოქის მიმართ უდიდესი პატივისცემის გრძნობით გამოვიდა. თქვენი მორაგბეები ვაჟკაცურად, შემართებით თამაშობდნენ სამშობლოს სასახელოდ, ეს კი განსაკუთრებით საამაყოა.
ჩვენ, კანადელებს, ნაკრების თბილისში ვიზიტი დიდხანს გვემახსოვრება. ამის მიზეზი, მნიშვნელოვანწილად, შესანიშნავი პირობები, უგემრიელესი საკვები და მსოფლიო კლასის სავარჯიშო და სათამაშო ინფრასტრუქტურა გახლავთ. საქართველოში რაგბის განვითარების შთამბეჭდავ მასშტაბებზე თქვენი რაგბის კავშირის მუშაობის შედეგიანობა მეტყველებს, ისევე როგორც ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მოგება და 2011 წლის მსოფლიო თასზე გასვლა.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენს რაგბის კავშირებს შორის ახლად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობა საშუალებას მოგვცემს ერთ დღეს საქართველოს ნაკრებს ვუმასპინძლოთ კანადაში. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენ პირადად და საქართველოს რაგბის კავშირს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია