რაგბის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს 20-წლამდე მორაგბეთა შორის, თბილისი უმასპინძლებს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის ცნობით, ტურნირი,სახელწოდებით - მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფა (Junior Rugby World Trophy) ჩვენს დედაქალაქში, 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, “შევარდენისა” და “ავჭალის” ახალ სტადიონებზე გაიმართება. 2011 წლის მსოფლიოს ალაფის გამარჯვებული, 2012 წელს იტალიაში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.
ასეთი დონის სარაგბო ტურნირს საქართველო პირველად უმასპინძლებს.
თბილისის კანდიდატურას რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ხელმძღვანელებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ დაუჭირეს მხარი. როგორც ცნობილია, წლეულს, 18-19 ნოემბერს, საბჭოს პრეზიდენტმა, ბერნარ ლაპასემ, განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა და რაგბის ევროპული ასოციაციის (FIRA-AER) პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ ბაკემ “შევარდენისა” და “ავჭალის” სტადიონები დაათვალიერეს. ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან რაგბის მხარდაჭერის პროგრამასაც გაეცნენ. მაშინ, ლაპასემ საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა და უახლოეს გეგმად, სწორედ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის თბილისში ჩატარება დასახა.
თბილისში მსოფლიო რაგბის მმართველთა სტუმრობის შემდგომ, სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა სამინისტრომ, რაგბის საერთაშორისო საბჭოში გაგზავნილი წერილით ოფიციალუირად დაადასტურა მსოფლიო ალაფის სრული ფინანსური მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსა და რაგბის საერთაშორისო საბჭოს დიდი თანადგომის შედაგად, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში თბილისი მსოფლიოს შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს.
14 დეკემბერს, თბილისში “ახალგაზრდული ალაფის” დირექტორი, ფილიპ ბურდარიასი ჩამოვიდა. 15 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გასამართ პრესკონფერენციაზე, ფილიპ ბურდარიასი ოფიციალურად გამოაცხადებს საქართველოს 2011 წლის მსოფლიო ალაფის მასპინძლად.
ბურდარიასის გარდა, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე შეხვდებიან.
ახალგაზრდული ალაფის საგზური, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა წლეულს, ბელგიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა: ახალგაზრდა მორაგბეებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს ყველა შეხვედრაში, ფინალში რუსეთის ნაკრებს სძლიეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
ალაფაში მონაწილეობას საკონტინენტო ჩემპიონატების ფინალისტები მიიღებენ: ევროპის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები, მეორეადგილოსანი რუსეთი, აზიის ჩემპიონი იაპონია, ჩრდილო ამერიკის ფინალისტები - კანადისა და აშშ-ს ნაკრებები, სამხრეთ ამერიკიდან - ურუგვაი, აფრიკიდან - ზიმბაბვე და წინა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის ბოლოადგილოსანი - სამოა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია