ამბები

17:05 | 15.12.2010 | ნანახია 2930 - ჯერ

ფილიპ ბურდარიასი: თბილისში მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში რაგბის კავშირისა და სამინისტროს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ორ მნიშვნელოვან ფაქტს მიეძღვნა: მომავალ წელს, თბილისში ჩასატარებელ მსოფლიოს ახალგაზრდულ ტროფისა და საქართველოში რაგბის საერთაშორისო საბჭოს ტურნირების დირექტორ  ფილიპ ბურდარიასის ვიზიტს. ეს უკანასკნელი თბილისს მსოფლიოს ალაფას მოსამზადებელი სამუშაოების დასაკვირვებლად და სარაგბო ინფრასტრუქტურის დასათვალიერებლად ესტუმრა.
დილით ბურდარიასი საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილს პირადად შეხვდა. შემდეგ კი სტუმარ-მასპინძლებმა საპრესკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს და ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
„უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საქართველო მომავალ წელს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და ამასთან, პასუხისმგებლობაა. შეგახსენებთ, საქართველოს გარდა, ამ შეჯიბრის მასპინძლობის სურვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გამოთქვა. ახლახან, თბილისს რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ და როგორც გამოჩნდა, ნანახით კმაყოფილებიც დარჩნენ. სხვა შემთხვევაში მასპინძლობის უფლებას ვერ მივიღებდით. ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ.
ლადო ვარძელაშვილმა და თბილისის მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ, რაგბის ქართველ გულშემატკივრებს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცეს. თავად საბჭოს და საქართველოს რაგბის კავშირს კი მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვეს.
კომენტარი ფილიპ ბურდარიასმაც გააკეთა:
„თბილისში ძალიან ძლიერი ტურნირი ჩატარდება. ამას მომავალი წლის შემოდგომაზეც დავინახავთ, როდესაც საქართველოში ნათამაშები ახალგაზრდა მორაგბეები ახალ ზელანდიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოჩნდებიან. ეს ბიჭები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას და ძირითად ნაკრებში დამკვიდრებას თბილისის მინდორზე შეეცდებიან. ჩემი მოკლე ვიზიტის ფარგლებში გულდასმით შევისწავლე აქაური ინფრასტრუქტურა და ნანახით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ინფრასტრუქტურით ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე მასპინძლობა შეგიძლიათ“ - განაცხადა რაგბის საერთაშორისო საბჭოს ტურნირების დირექტორმა.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086445