რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB), საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს თასის ალაფის მასპინძლობის უფლება რამდენიმე დღის წინ უბოძა, მაგრამ სანამ ინფორმაციას ოფიციალურად გაახმოვანებდა, ჩვენს ქვეყანაში IRB-ს ტურნირების დირექტორი ფილიპ ბურდარიასი აფრინა, საკუთარი თვალით ნანახი და ყურით გაგონილი, კიდევ ერთხელ გადაამოწმა და ინფორმაცია საქვეყნოდ მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა.
რადგან ყველა საკითხი უკვე მოგვარებულად ჩათვალა, IRB-ს საიტზე საქართველოსთვის საამაყო ამბისადმი მიძღვნილი სტატია გამოაქვეყნა:
“რაგბის საერთაშორისო საბჭომ დაადასტურა, რომ საქართველო 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ალაფას უმასპინძლებს, რომელიც 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც IRB-მ საქართველოს ასეთი მასშტაბური ტურნირის ჩატარების უფლება მისცა. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ უდიდეს წინსვლას, რომელიც ქართულმა რაგბმა 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ განიცადა. საქართველოს რაგბის კავშირის მუშაობის შედეგად, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სპორტის ეს სახეობა უსწრაფესი ტემპით ვითარდება.
ტურნირის ფორმატი უცვლელი იქნება. რვე მონაწილე ორ ოთხგუნდა ჯგუფად გაიყოფა და მისი დასრულების შემდეგ, გუნდები საბოლოო ადგილებისათვის იბრძოლებენ. ჯგუფური ეტაპის თამაშები 24 და 28 მაისს, ასევე 1 ივნისს ჩატარდება, ხოლო გადამწვეტი შეხვედრები 5 ივნისს შედგება. თბილისში, მასპინძელთა გუნდის გარდა, კანადის, იაპონიის, რუსეთის, სამოას, ურუგვაის, აშშ-სა და ზიმბაბვეს ნაკრებები იბრძოლებენ და მათ შორის საუკეთესო, 2012 წელს მსოფლიო თასზე 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება”.
“მსოფლიო თასის ალაფას IRB-ს ყოველწლიურ კალენდარში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მასში მონაწილე გუნდებს, განვითარების კუთხით ფასდაუდებელ სამსახურს უწევს. მაგრამ ტურნირის მნიშვნელობა მხოლოდ ამ კუთხით არ ფასდება. მისი მასპინძლობა, ქვეყანაში რაგბის განვითარებას უწყობს ხელს და ადგილობრივი რაგბის საბჭოს ხელმძღვანელობაც, მსგავსი ტურნირების ორგანიზების უდიდეს გამოცდილებას იძენს. მოხარული ვარ, რომ 2011 წლის მსოფლიო თასის ალაფა საქართველოში ჩატარდება და მინდა მადლობა ვუთხრა ამ ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას ამხელა ენთუზიაზმისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალი ტურნირი, მინდვრებზე გამართული ბრძოლის გარდა, ორგანიზაციული კუთხითაც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება” - ამბობს IRB-ს პრეზიდენტი ბერნარდ ლაპასე.
“საქართველოსთვის, ამ ტურნირის მასპინძლობა რაგბის პოპულარიზაციის ზრდის ტენდეციის გაგრძელების საშუალება იქნება, რომელიც 2007 წლის მსოფლიო თასზე ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის საოცარმა თამაშმა გამოიწვია. ამან ერში სპორტის ამ სახეობისადმი დამოკიდებულება შეცვალა. გასულ თვეში, ლაპასე თბილისს ეწვია, რათა IRB-ს დაფინანსებით აშენებული თანამდეროვე სარაგბო აკადემია გაეხსნა, ცენტრი, რომელიც მომავალ საერთაშორისო ვარსკვლავებს გაზრდის. ამასთან, საქართველოს მთავრობამ რაგბის მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციისთვის 6 მილიონი გირვანქა გამოყო”.
“ახლა საქართველოში რაგბისათვის საოცარი დრო დგას, რომელსაც ზურგს 2007 წლის მსოფლიო თასსა და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე წარმატებული გამოსვლა უმაგრებს. 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ალაფა, ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციას და განვითარებას, ძველი პროგრამების დასრულების პროცესს, კიდევ უფრო დააჩქარებს” - დაამატა ლაპასემ.
“მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ მესამედ გადალახა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. მსგავსი მიღწევა საქართველოში არცერთ სათამაშო სახეობაში არ ჰქონია და ამან რაგბისადმი ინტერესი გაზარდა. სახელმწიფოსა და IRB-ს დაფინანსება, თბილისსა და ქუთაისში ორი სარაგბო აკადემიის გახსნას ითვალისწინებს. იქ მოთამაშეები საკუთარ კლასს აიმაღლებენ, მიიღებენ კონსულტაციებს საკუთარი კონდიციებისა და სწორი კვების შესახებ. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირის მასპინძლობა გვიწევს და მოუთმენლად ველით რვე ქვეყნის ნაკრებების მონაწილეობით დიდი სარაგბო ფესტივალის გამართვას” - აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე.
“საქართველო საუკეთესო ადგილია ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის ჩასატარებლად, რომელიც ხელს უწყობს მორაგბეების, მწვრთნელებისა და ოფიციალური პირების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ყველა მონაწილე ქვეყნის ყველა მორაგბე, მისთვის განსაკუთრებულად ემზადება. დამატებითი სტიმული ისიცაა, რომ მსოფლიო თასის ალაფიდან ოთხ თვეზე ნაკლებ დროში, მსოფლიო თასი იწყება და აქ თავგამოჩენილ სპორსმენებს, იქ მოხვედრის შანსი ექნებათ. დარწმუნებული ვარ, ამ ტურნირის შემდეგ, საქართველოში მორაგბეთა, მწვრთნელთა, მსაჯთა და გულშემატკივართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება” - ეს სიტყვები ფილიპ ბურდარიასს ეკუთვნის.
ამრიგად, მორაგბეებთან ერთად, საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო მოხელეებს რამდენიმე თვე რჩებათ საიმისოდ, რომ ტურნირის უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის მაქსიმალურად მოემზადონ და IRB-ს მაღალჩინოსნებს იმედები არ გაუცრუონ.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია