ევროპაში გამეფებულმა ციკლონმა, ხელი დაატყო მორაგბეთა შორის ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფსაც”. უამინდობის გამო ორი შეხვედრა გადაიდო, რომელთაგან ერთ-ერთში დავით ხინჩაგიშვილის “ბრივს” უნდა ეთამაშა.
ინგლისში “სეილის” წინააღმდეგ გასამართი მატჩი, შესაძლოა, გადამწყვეტი ყოფილიყო. ქართველი ლეგიონერის კლუბს, II ჯგუფში სამი მოგება აქვს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. მისი უახლოესი მდევარი სწორედ ინგლისური კლუბია და თუკი ფრანგები სტუმრად მათ დამარცხებას მოახერხებდნენ, 1/4-ფინალის საგზური პრაქტიკულად უკვე განაღდებული ექნებოდათ, მაგრამ...
V ჯგუფში სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა ბექა შეყლაშვილის “აჟენი”. ფრანგები ჯგუფის აუტსაიდერ, იტალიურ “როვიგოს” მასპინძლობდნენ და მეტოქე 61:11 გაანადგურეს. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 54 წუთი გაატარა. მისი შეცვლისას ანგარიში უკვე 47:11 იყო და ფრანგებს პრემიალური ქულაც დაბევებული ჰქონდათ. პრემიის მომტანი ოთხი ლელო “აჟენმა” 29-ე წუთისთვის მოაგროვა, შესვენებამდე კი, მონაგარს კიდევ ორი ლელო შემატა და ტაიმი 40:6 მოიგო. ფრანგებმა ჯამში 9 ლელო გაიტანეს. მომდევნო ტურში შეყლაშვილის გუნდი “ლა როშელს” მასპინძლობს და ლიდერობის შესანარჩუნებლად უცილობლად გამარჯვება სჭირდება. პირველ წრეში “ლა როშელმა” 30:23 იმარჯვა და “აჟენს” ერთგვარი რევანშიც წყურია.
სამი გამარჯვების შემდეგ, სტუმრად “ბურგონთან” 18:36 დამარცხდა ყველაზე “ქართული” ფრანგული კლუბი “მონპელიე”, მაგრამ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა და 1/4-ფინალში გასვლის კარგი შანსიც აქვს, თუკი მომდევნო დაპირისპირებას მობილიზებული შეხვდება. “მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველმა ითამაშა. პირველხაზელებმა გოდერძი შველიძემ და გიორგი ჟღენტმა, მოედანზე 58 წუთი გაატარეს და მწვრთნელმა ერთდროულად შეცვლა. ამ დროს ქართველთა გუნდი სულ რაღაც სამ ქულას აგებდა - 15:18. შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა მამუკა გორგოძემ, ამასთან, “გულივერა” გუნდის კაპიტანი იყო. შეუცვლელად იასპარეზა, ოღონდ შერკინების მესამე ხაზში, გიორგი ჩხაიძემ.
პირველი ტაიმი “მონპელიესთვის” წარმატებული გამოდგა. გუნდი ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ მალევე მდევრის როლში აღმოჩნდა, რადგან ლელო გაუშვა და რეალიზაციაც ზუსტი იყო. მე-14 წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს, 24-ე წუთამდე ორი ჯარიმა გაიტანეს და 9:7 დაწინაურდნენ. შესვენებამდე, “ბურგონის” ერთს, “მონპელიემ” ორი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 15:10 მოიგო. მეორე ნახევრის მე-7 წუთზე, სინბინი უკვე სტუმართა გუნდის მორაგბემ მიიღო და ამ 10 წუთში, მასპინძლებმა ჯერ ჯარიმა გაიტანეს, ხოლო 56-ე წუთზე ლელო მიითვალეს - 18:15. ექვს წუთში “ბურგონმა” კიდევ ერთი ლელო გაიტანა და მალევე ჯარიმაც მიაყოლა. “მონპელიემ” გაიბრძოლა და ჯარიმით 68-ე წუთისთვის ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა - 18:26, მაგრამ მატჩის ბოლომდე ჯერ ჯარიმა გაუშვა, ხოლო ბოლო წუთზე მასპინძლებს მეოთხე ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა.
ახლა სარაგბო ევროთასებს დასვენების დრო დაუდგა და ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ორი ტური უკვე იანვრის შუა რიცხვებში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ “ჩელენჯ ქაფის” 1/4-ფინალში, ხუთი ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად, “ჰეინეკენის თასის” სამი მეორეადგილოსანი ითამაშებს (ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი 1/4-ფინალში “ჰეინეკენის თასზე” რჩება, “ჩელენჯ ქაფზე” კი მესამე-მეხუთე მეორეადგილოსნები გადადიან).
“ჩელენჯ ქაფი”. მეოთხე ტური
I ჯგუფი
კონახტი - ჰარლექუინსი 9:15
კავალიერსი - ბაიონი (გადაიდო)
1 | ჰარლექუინსი | 4 | 3 | 0 | 1 | 102-51 | 14 |
2 | ბაიონი | 3 | 2 | 0 | 1 | 94-35 | 10 |
3 | კონახტი | 4 | 1 | 0 | 3 | 55-71 | 6 |
4 | კავალიერი | 3 | 1 | 0 | 2 | 47-141 | 4 |
მომდევნო ტური
ბაიონი - კონახტი, კავალიერი - ჰარლექუინსი
II ჯგუფი
ელ სალვადორი - პეტრარკა 37:16
სეილი - ბრივი (გადაიდო)
1 | ბრივი | 3 | 3 | 0 | 0 | 166-18 | 14 |
2 | სეილ შარქსი | 3 | 2 | 0 | 1 | 162-38 | 10 |
3 | პეტრარკა | 4 | 1 | 0 | 3 | 68-135 | 5 |
4 | ელ სალვადორი | 4 | 1 | 0 | 3 | 61-266 | 4 |
მომდევნო ტური
ბრივი - ელ სალვადორი, სეილ შარქსი - პეტრარკა
III ჯგუფი
ბურგონი - მონპელიე 36:18
ნიუკასლი – ექსეტერი26:24
1 | მონპელიე | 4 | 3 | 0 | 1 | 109-71 | 13 |
2 | ექსეტერი | 4 | 2 | 0 | 2 | 107-75 | 11 |
3 | ნიუკასლი | 4 | 2 | 0 | 2 | 66-108 | 8 |
4 | ბურგონი | 4 | 1 | 0 | 3 | 85-113 | 6 |
მომდევნო ტური
ექსეტერი - ბურგონი, ნიუკასლი - მონპელიე
IV ჯგუფი
სტად ფრანსე - ბუქარესტი 35:7
კროსიატი - ლიდსი 6:46
1 | სტად ფრანსე | 4 | 4 | 0 | 0 | 143-46 | 19 |
2 | ლიდსი | 4 | 3 | 0 | 1 | 137-43 | 14 |
3 | ბუქარესტი | 4 | 1 | 0 | 3 | 56-106 | 4 |
4 | კროსიატი | 4 | 0 | 0 | 4 | 37-178 | 1 |
მომდევნო ტური
კროსიატი - ბუქარესტი, სტად ფრანსე - ლიდსი
V ჯგუფი
აჟენი - როვიგო 61:11
გლოსტერი - ლა როშელი 18:24
1 | აჟენი | 4 | 3 | 0 | 1 | 143-70 | 15 |
2 | ლა როშელი | 4 | 3 | 0 | 1 | 98-57 | 15 |
3 | გლოსტერი | 4 | 2 | 0 | 2 | 140-63 | 11 |
4 | როვიგო | 4 | 0 | 0 | 4 | 31-222 | 0 |
მომდევნო ტური
აჟენი - ლა როშელი, როვიგო - გლოსტერი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია