ამბები

15:20 | 21.12.2010 | ნანახია 2210 - ჯერ

“კასტრი” ბოლოში გატყდა

ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის “კასტრი”, “ედინბურგის” ბოლო მიძალებას ვეღარ გაუმკლავდა, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლელო გაუშვა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა და ფრანგული კლუბი 22:24 დამარცხდა.
“ჰეინეკენის თასის” ეს შეხვედრა კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო გადაიდო. უამინდობამ, 67 ათასიან “მირეფილდზე” გამართულ მატჩზე გულშემატკივრებს მისვლის საშუალება არ მისცა და შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში არ იყო გიორგაძე, ხოლო ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და მოედანზე 52 წუთი გაატარა. ფრანგები ადრეული ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ ხუთ წუთში ლელო მიიღეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა. “კასტრმა” მყის უპასუხა, მე-13 წუთზე საპასუხო ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და 10:7 დაწინაურდა. “ედინბურგმა” თავისი თამაში განაგრძო და 21-ე წუთზე შეხვედრის მეორე ლელო გაიტანა, რეალიზაცია ამჯერადაც გამოიყენა და ტაიმი 14:10 მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში შოტლანდიელებმა ჯარიმა გაიტანეს და უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდეს. ეს, 47-ე წუთზე მოხდა, მერე კი, გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს და 65-ე წუთამდე საინტერესო აღარაფერი მომხდარა. ამ დროისთვის მასპინძელთა გამთამაშებელმა ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთით თანაგუნდელები კაცნაკლული დატოვა. “კასტრი” მეტოქეს 5-მეტრა შერკინებიდან მიეძალა, “ედინბურგმა” ის რამდენჯერმე განზრახ ჩააქცია და ინგლისელი რეფერისგან საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. იოლად გასატანი რეალიზაცია ზუსტი იყო და ანგარიში გათანაბრდა. შოტლანდიელთა უბედურება ამით არ დასრულებულა. 72-ე წუთზე ფრანგებმა მორიგი ლელო გაიტანეს და შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე 5 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მათ სამწუხაროდ, რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა. ამან “ედინბურგს” შანსი დაუტოვა, მანაც გაიბრძოლა და 77-ე წუთზე გატანილი ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო ზუსტმა რეალიზაციამ ედინბურგს “ჰეინეკენის თასის” მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოუტანა.
“კასტრი” მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა და ახლა ლიდერ “ნორთჰემპტონს” 6 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ფრანგები სტუმრად “კარდიფს” ეთამაშებიან, ჯგუფის დასკვნით მატჩს კი საკუთარ მოედანზე “ნორთჰემპტონთან” გამართავენ.
 

“ჰეინეკენის თასი”.
I ჯგუფი

ედინბურგი - კასტრი 24:22
 

1   ნორთჰემპტონი 4 4 0 0 95-75 16
2 კასტრი 4 2 0 2 84-78 10
3 ედინბურგი 4 1 0 3 84-92 7
4 კარდიფი 4 1 0 3 72-90 6


 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.119102