ამბები

15:48 | 21.12.2010 | ნანახია 1956 - ჯერ

ხინჩაგიშვილი თითქმის ფლეი ოფშია

დავით ხინჩაგიშვილის და ვასილ კაკოვინის “ბრივმა”, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფის” ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, უშუალო კონკურენტს კიდევ უფრო დაშორდა და პირველი ადგილი, ანუ 1/4-ფინალში გასვლა პრაქტიკულად გაინაღდა.
ფრანგების მეტოქე ინგლისური “სეილ შარქსი” იყო, რომელიც II ჯგუფში “ბრივს” პირველობას ეცილებოდა. ეს შეხვედრა უამინდობის გამო ერთი დღით გადაიდო. თამაშის ინგლისში ჩატარება ვერ მოხერხდა, შოტლანდიაში კი, მის მსვლელობას თვალი სულ რაღაც 100-მა ადამიანმა მიადევნა. ერთი კვირით ადრე, ხინჩაგიშვილის გუნდმა “სეილი” საკუთარ მოედანზე 18:9 დაამარცხა და თუკი ახლაც იმარჯვებდა, პირველობა პრაქტიკულად განაღდებული ექნებოდა. ასეც მოხდა, ფრანგებმა 15:13 მოიგეს და სავარაუდოდ, ფლეი ოფის საგზურს უკვე მომდევნო ტურში გაიფორმებენ, როდესაც საკუთარ მოედანზე “ელ სალვადორს” მიიღებენ. “ბრივმა” ეს გუნდი სტუმრად 116:3 გაანადგურა და ძნელად სავარაუდოა, მეტოქემ წინააღმდეგობის გაწევა ახლა მაინც რომ მოახერხოს.
ნომინალურმა მასპინძლებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს, “სტუმრები” თამაშგარეზე მე-3 წუთზე გამოიჭირეს და ჯარიმით დაწინაურდნენ. ამაზე “ბრივმა” მე-11 წუთამდე ორი ჯარიმით უპასუხა და წინ გაიჭრა, 25-ე და 28-ე წუთებზე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 35-ე წუთზე, შეხვედრის ერთადერთი ლელო გავიდა. ინგლისელთა შერკინებამ მეტოქისას დაახევინა, თავისუფალი სივრცე გაჩნდა და ამით ტაიტამ იხეირა. რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა, თუმცა, ფრანგებმა ზედ შესვენების წინ მეოთხე ჯარიმა გამოიყენეს და ტაიმი მინიმალური სხვაობით დათმეს - 12:13. მეორე ტაიმის თითქმის მთელი დრო, გუნდებს შეტევაში არაფერი უჩვენებიათ, ამასობაში ბოლო წუთი დადგა, “სეილი” შერკინებაში დაჯარიმდა, კამინატიმ 30 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა და “ბრივმა” თავის აქტივს ოთხი ქულა შემატა.
ქართველი პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და მოედანზე 68 წუთი გაატარა, კაკოვინი კი განაცხადში არ იყო.
ასევე გაიმართა I ჯგუფის გადადებული შეხვედრა და იქაც ფრანგებმა იმარჯვეს. “ბაიონმა” “კავალიერსი” სტუმრად 31:7 დაამარცხა პირველ საფეხურზე აინაცვლა.
 

“ჩელენჯ ქაფი”.
I ჯგუფი

კავალიერსი - ბაიონი 7:31
 

1  ბაიონი 4 3 0 1 125-42 15
2 ჰარლექუინსი 4 3 0 1 102-51 14
3 კონახტი 4 1 0 3 55-71 6
4 კავალიერი 4 1 0 3 54-172 4



მომდევნო ტური
ბაიონი - კონახტი, კავალიერი - ჰარლექუინსი

II ჯგუფი
სეილი - ბრივი 13:15
 

1 ბრივი 4 4 0 0 181-31 18
2  სეილ შარქსი 4 2 0 2 175-53 11
3 პეტრარკა 4 1 0 3 68-135 5
4 ელ სალვადორი  4 1 0 3 61-266 4



მომდევნო ტური
ბრივი - ელ სალვადორი, სეილ შარქსი - პეტრარკა
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.548422