საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება “ბორჯღალოსანთა” და ფრანგული “კლერმონის” შერკინების პირველხაზელ დავით ზირაქაშვილს მიანიჭა და ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაც იყო. როგორც სამინისტრომ, ასევე, უბრალოდ ქართული სპორტის გულშემატკივარმა, 27 წლის მორაგბეს გარჯა დაუფასა და "ბრინჯაოს ლომი" მართლაც რომ ქართველმა ლომკაცმა ჩაიბარა. ამასთან, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს “ბაზის ბანკისგან” ჯილდოდ 5 ათასი ლარი გადაეცა.
რაგბი გუნდური თამაშია და იქ მარტოკაცი ვერაფერს გახდება. ზირაქაშვილის ასეთი წარმატება დიდწილად სწორედ თანაგუნდელების თანადგომამ განაპირობა, თუმცა, ნაკრების წარმატებაში თავად “ზირაქას” წვლილიც იმდენად დიდია, რომ მისი უყურადღებოდ დატოვება არაფრით შეიძლებოდა. მარტო აშშ-სთან გამართულ ამ წლის ბოლო სანაკრებო თამაშს თუ გადავხედავთ, მეორე ტაიმში მოედანზე ზირაქაშვილის გასვლის შემდეგ, ქართველთა შერკინებამ მანამდე მედგრად მდგომი მეტოქის შერკინება დააწიოკა და საბოლოოდ, სწორედ შერკინების “საოცრებამ” განაპირობა საქართველოს ნაკრების გადამწყვეტი ლელო და ორქულიანი გამარჯვება.
დავით ზირაქაშვილმა რაგბის თამაში სულ რაღაც ათი წლის წინ დაიწყო, 2003 წელს მეგობრების (რომლებიც ახლა ეროვნულ ნაკრებში მისი თანაგუნდელები არიან) დახმარებით საფრანგეთს მიაშურა და დროთა განმავლობაში Top 14-ის ერთ-ერთ ფლაგმან “კლერმონის” ვარსკვლავად იქცა. “ზირაქა” პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ახლაც მის მოქმედ გამარჯვებულად რჩება, 2010 წლის ივნისში მან მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ. ამასთან, ზირაქაშვილი ის მორაგბეა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები ტრაბზონში რუსეთის ნაკრებთან მარცხდებოდა, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო, ფანტასტიკური გარღვევით მეტოქეს ლელო გაუტანა და მატჩის ბედი, პრაქტიკულად იქვე გადაწყვიტა. ამის ფონზე, გასაკვირი სულაც არაა, რომ როგორც სპორტის მესვეურებმა, ასევე უბრალო გულშემატკივრებმა, ის ქვეყნის უპირველეს სპორტსმენად აღიარეს.
თავად ზირაქაშვილი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 5 ლელო აქვს გატანილი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ დაჯილდოვებას ვერ დაესწრო, რადგან ევროპულმა უამინდობამ მისი სამშობლოში დროულად დაბრუნება შეაფერხა. თავად სპორტსმენი, რომელიც უდიდესი ალბათობით წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულსაც მიიღებს, ყველაზე მეტად იმან გაახარა, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენად სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გულშემატკივართა გამოკითხვაში სწორედ ხალხმა აღიარა. მან ხმათა 56 პროცენტი (15669) მიიღო და კონკურენტებს მნიშვნელოვანი უპირატესობით აჯობა. “ზირაქა” უკვე თბილისშია და “მსოფლიო სპორტმაც” მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გაუშვა.
დავით ზირაქაშვილი: ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო წლის სპორტსმენად დასახელება და ამან ძალიან გამახარა. ძალიან დიდი პატივია ასეთი დაფასება და უზომოდ ბედნიერი ვარ.
- ალბათ გეცოდინებათ, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად გულშემატკივართა გამოკითხვაში ხმათა 56 პროცენტი მიიღეთ.
- სწორედ ამიტომ ვარ ასეთი ბედნიერი. არ ვიცოდი, თუ ამ გამოკითხვაში უბრალო გულშემატკივარი იღებდა მონაწილეობას. მხოლოდ სპორტის დეპარტამენტს რომ ვეღიარებინე წლის სპორტსმენად, ასე ძლიერ გახარებული არ ვიქნებოდი, ახლა კი, სულ სხვა შეგრძნებაა.
- წლის მორაგბის ტიტულსაც მიიღებ...
- ამის შესახებ არაფერი ვიცი. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ვნახე და არაფერი უთქვამთ. ალბათ სიურპრიზს მიმზადებენ და თუ ეს მართლაც ასეა, თქვენ მათ სიურპრიზი "ჩაუმწარეთ". გამოდის, რომ ამ წელიწადს ყველაფერი კარგი მხოლოდ მე შემემთხვა.
- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ზირაქაშვილის ასეთი აღიარება?
- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. თავის ქება არ მჩვევია და არც ახლა მოვყვები საკუთარ წარმატებაზე საუბარს. ეს იმ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ, რომლებმაც საუკეთესოდ მაღიარეს.
- მაშინ ასე გკითხავთ, როგორ შეაფესებს ზირაქაშვილი განვლილ წელიწადს?
- მხოლოდ განვლილ წელიწადს კი არა, უკანასკნელ 10 წელიწადს შევაფასებ პოზიტიურად. რაგბის თამაში 2000 წელს დავიწყე, იქიდან დღემდე ათი წელი გავიდა და მიხარია, რომ ღმერთის წყალობით და საკუთარი გარჯით, ამდენს მივაღწიე.
- გასული სეზონისგან განსხვავებით, “კლერმონი” საფრანგეთის Top 14-ში უპირობო ლიდერი აღარაა. წინა სეზონში 29 შეხვედრიდან მხოლოდ 8 დათმეთ, ახლა კი, 13 მატჩში უკვე 6 წაგება დაგიგროვდათ. რისი ბრალია ეს, “კლერმონი” დასუსტდა თუ მოწინააღმდეგეები მომძლავრდნენ?
- მთლიანობაში საფრანგეთის ჩემპიონატის დონე ამაღლდა. ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი ორი რამაა: პირველი - “ტულონი”, “რასინგი”, “მონპელიე” და დანარჩენი გუნდები ისე გაძლიერდნენ, რომ სერიოზულ კონკურენციას გვიწევენ. მეორე მხრივ, მიმდინარე გათამაშება ჩვენც ნაკლებ მონდომებულებმა დავიწყეთ. რადგან ჩემპიონები უკვე ვართ, ისეთი ჟინით აღარ ვთამაშობდით, ნაკლებ მოწყურებულები ვიყავით. ჩემპიონატის სტარტზე, ჩვენ ჯერ კიდევ ჩემპიონობას ვზეიმობდით. ახლა სიტუაცია შეიცალა. მაგრამ საგანგაშო არაფერია. თუ უახლოესი სამი თამაში მოვიგეთ, რომლებშიც “პერპინიანს”, “ბურგონს” და “ბრივს” ვეთამაშებით, მეოთხე პოზიციამდე აღვზევდებით და მერე იქ ადგილის შენარჩუნებაც არ გაგვიჭირდება. დარწმუნებული ვარ, რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ოთხეულში აუცილებლად ვიქნებით. არც კი ვფიქრობ, რომ მეექვსე, ან კიდევ უარესი, მეშვიდე ადგილზე დავრჩებით, მერე კი, ფლეი ოფების დრო მოვა და იქ რა მოხდება, ამაზე მარჩიელობას ამ ეტაპზე ვერავინ დაიწყებს.
- ზაფხულში, ინტერვიუსას გვითხარით, რომ წელს აქცენტს “ჰეინეკენის თასის” მოგებაზე გააკეთებდით, მაგრამ ახლა ჯგუფში რთულ მდგომარეობაში ხართ. ორი ტურით ადრე, ლიდერს ხუთი ქულით ჩამორჩებით და ვერც საუკეთესო მეორეადგილოსნებში გაქვთ კარგად საქმე (1/4-ფინალში 6 ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად ორი საუკეთესო მეორეადგილოსანიც გადის, “კლერმონი” კი, ამ ეტაპზე ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი მეორეადგილოსანია)...
- მათემატიკური გათვლებით, ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რეალურად წინსვლის შანსი აღარ გვაქვს და ჯგუფურ ეტაპს ვერ გადავლახავთ. გულდაწყვეტილები ვართ, რადგან კონკურენტებმა დამსახურებულად დიდი სხვაობით მოგვიგეს. ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. გარკვეულწილად, Top 14-ში ჩავარდნები სწორედ ამან განაპირობა, რადგან კონცენტრაციას “ჰეინეკენის თასზე” ვაკეთებდით და ისე დაგვემართა, როგორც “ორი კურდღლის მადევარს” ემართება. ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ, ალბათ, ჯგუფიდან ვერ გავალთ და საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრებზე სრულად გადავერთვებით.
-“ჩელენჯ ქაფზე” გადართვის შანსი ჯერ კიდევ გაქვთ (“ჰეინეკენის თასზე” ჯგუფის საუკეთესო მე-3-მე-5 მეორეადგილოსნები, გამოსვლას “ჩელენჯ ქაფზე” აგრძელებენ) და ამ საგზურისთვის არ იბრძოლებთ?
- არა, “ჩელენჯ ქაფი” არ გვაინტერესებს და მის შეხვედრებს ყურადღებას არ მივაქცევთ.
- მიმდინარე სეზონში თქვენ სინბინი უკვე სამჯერ დაიმსახურეთ (ორჯერ Top 14-ში, ერთხელ "ჰეინეკენის თასზე"), რაც ძალიან ბევრია. ეს რისი ბრალია?
- ასეთი რამეც ხდება. დაძაბული თამაშები გვქონდა, იყო უხეშობები და თავი ვერ შევიკავე. წელს დისციპლინის მხრივ შედარებით რთული სიტუაცია მაქვს.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორ თამაშს როგორ გაიხსენებთ (კანადასთან და აშშ-სთან)?
- დაძაბული თამაშები გვქონდა და მაგრად ვინერვიულეთ. მეტოქეებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, უფრო სწორედ, ჩვენ გავუწიეთ სერიოზული წინააღმდეგობა. ეს შეხვედრები პირველი იყო, რომლებიც ახალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით გავმართეთ და თამაშთან ერთად, მწვრთნელებთან და ვარჯიშების მათეულ სისტემასთან შეჩვევაც გვიწევდა. სულ რაღაც ორი კვირა ვიყავით ერთად, ეს კი, გინდ პიროვნებასთან, გინდ მის ვარჯიშებთან და სისტემასთან შესაჩვევად, საკმარისი არაა. გარკვეული ხარვეზები ამის გამოც გვქონდა. მთლიანობაში, საკმაოდ კარგი თამაშები გამოვიდა და მიხარია, გამარჯვება რომ მოვახერხეთ.
- კანადის ნაკრები აშშ-ზე ძლიერია, მაგრამ ამერიკასთან შეხვედრა უფრო რთული გამოდგა.
- მთლიანობაში, კანადის ნაკრები ამერიკისას მართლა ჯობია, მაგრამ კონკრეტულად იმ მომენტისთვის ასე არ იყო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ - შარშან, Top 14-ში, აღიარებულ ლიდერებს შინ თუ სტუმრად ზედიზედ მოვუგეთ, მაგრამ მერე აუტსაიდერ “მონ დე მარსანთან” 20 ქულით დავმარცხდით, არადა, ის დანარჩენებზე აშკარად სუსტი იყო. ასეთი რამ ხდება. შესაძლოა, ეს ფსიქოლოგიური პრობლემის გამო მოხდა, შესაძლოა, ისინი უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ შეხვედრას.
- ახალმა მწვრთნელებმა როგორი შთაბეჭდილება დატოვეს?
- მათთან ურთიერთობის საშუალება სულ ორი კვირით გვქონდა და ასეთ მოკლე პერიოდში რაიმეს თქმა ძალიან ძნელია. ერთადერთი, რაც პირველივე დღიდან გამოჩნდა და რამაც ძალიან გამახარა, ეს მათი საქმისადმი პროფესიული მიდგომაა. მოხარული ვარ, რომ ფედერაციის მხრიდანაც გამოჩნდა საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და ნელ-ნელა სრულფასოვანი გუნდის სახეს ვიღებთ, დანარჩენს კი, მომავალი გვიჩვენებს.
- მომავალი წელი ქართული რაგბისათვის განსაკუთრებული იქნება. რას უნდა ველოდეთ ახალი ზელანდიის მსოფლიო თასისგან და როგორ მოემზადება მისთვის დავით ზირაქაშვილი?
- მსოფლიო თასზე შანსებზე საუბარი ნაადრევია. არ შეიძლება ახლა დავიწყოთ იმაზე საუბარი, რომ ამას მოვუგებთ და იმას გავანადგურებთ, უბრალოდ, მოედანზე უნდა გავიდეთ, ვითამაშოთ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას ვეცადოთ. სანამ თამაში დაიწყება, ნებისმიერ მეტოქესთან მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადიხარ და ასე უნდა იყოს ახლაც. ინგლისი იქნება თუ რუმინეთი, ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რაც შემეხება პირადად მე, ისევ ისე მოვემზადები, როგორც აქამდე. საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე რომ არც გასულიყო, მე მაინც ასე ვივარჯიშებდი, რადგანაც ეს ჩემი მოთხოვნილებაა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია