მას შემდეგ, რაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი 2010 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა, ეჭვიც არავის გასჩენია, რომ ორი დღის თავზე, ის ქვეყნის უპირველესი მორაგბე გახდებოდა. 27 წლის “ზირაქამ” ეს პატივი თავისი შრომით, ოფლით და სისხლით დაიმსახურა და მისთვის ალალია ყველა ის პრიზი, რომელიც სპორტის სამინისტროსა და რაგბის კავშირისგან მიიღო, თუმცა, კაცი - დავით ზირაქაშვილი, ყველაზე დიდ ჯილდოდ ხალხის პატივისცემას მიიჩნევს და მისი ეს ქცევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევანში არავინ შემცდარა.
მამუკა გორგოძის ორწლიანი ჰეგემონიის შემდეგ, საქართველოს საუკეთესო მორაგბე ზირაქაშვილი გახდა. შესაძლოა, გორგოძეს ეს ტიტული ზედიზედ მესამედაც მიეღო (მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება), მაგრამ დისკვალიფიკაციების გამო, ეროვნულ გუნდს თებერვალ-მარტშიც გამოაკლდა და ნოემბრის ტესტებშიც, აი ზირაქაშვილმა კი - ჯერ კიდევ მარტში, მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები რუსეთთან 3:5-ს აგებდა, შერკინების პირველხაზელისთვის საოცარი გარღვევა განახორციელა და ლელოთი “ბორჯღალოსნები” კვლავ წინ გაიყვანა. ეს ლელო იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მან რუსები გატეხა და შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ამას მოჰყვა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში, თოპ 14-ის ფლეი ოფში ზირაქაშვილის ლელო, რომელმაც მისი “კლერმონი” ფინალში გაიყვანა და საბოლოოდ, ქართველი ლეგიონერი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. მერე ის მსოფლიოს ნაკრებში მიიწვიეს და “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო ნოემბერში, “ზირაქამ” ჯერ კანადის შერკინება ააწიოკა, ხოლო შემდეგ აშშ-ს ნაკრების შერკინება დაიფრინა და მნიშვნელოვანწილად სწორედ მისი დამსახურებაა, “ბორჯღალოსნებმა” ესოდენ სასახელო გამარჯვება რომ იზეიმეს.
მოკლედ, დავით ზირაქაშვილმა ცდა არ დააკლო, რათა თავისი ქვეყნისთვის სახელი გაეთქვა და მადლიერმა ერმაც, ის წლის საუკეთესო სპორტსმენად უპირობოდ აღიარა, ორი დღის შემდეგ კი, მან საქართველოს საუკეთესო მორაგბისთვის განკუთვნილი პრიზიც მიიღო - ოქროში ჩასმული ტიხრული მინანქარი, რომლის წინა მხარეს წმინდა გიორგია გამოსახული, უკან კი წარწერა ამშვენებს - “ღმერთი შეეწიოს 2010 წლის საუკეთესო მორაგბე დავით ზირაქაშვილს”!
“მადლობა ყველას, ვინც ჩემს საუკეთესოდ გახდომაში თავისი წვლილი შეიტანა. 10 წლის უკან, როდესაც რაგბის თამაში დავიწყე, არათუ ასეთ აღიარებას, იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ნაკრებში მოვხვდებოდი. ყველას მოვუწოდებ, მაქსიმუმი გააკეთოს და დასახული მიზნისკენ სწრაფვას არ მოეშვას. სწორედ ამან მიმაღწევინა ასეთ აღიარებამდე”, - თქვა ზირაქაშვილმა, რომელმაც რაგბის კავშირის საჩუქართან ერთად, სპორტის სამინისტროსგან ნაბოძები “ბრინჯაოს ლომი” და “ბაზის ბანკისგან” 5 ათასი ლარი, იქვე გადაიბარა.
ზემოთ მოყოლილი დაჯილდოების კულმინაცია იყო, მანამდე კი, რაგბის კავშირმა ტრადიცულად განვლილი წელიწადი შეაჯამა. უწინარესად, შეკრებილი საზოგადოება მამა ილიამ დალოცა, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ყოველი შეხვედრის წინ ლოცავს. შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ განვლილი წელიწადი შეაჯამა და საქართველოს ეროვნულ გუნდის წარმატებასთან ერთად, არც ასაკობრივი გუნდების გამოსვლა დაივიწყა.
“ტრაბზონში დაწყებული ზეიმი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მოგებით დააგვირგვინა. საქართველოს A ნაკრებმა, წლეულს პირველად გამართა სამხრეთაფრიკული შეკრება და იქ მოპოვებული გამარჯვებებით პატივისცემა დაიმსახურა. საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივმა ნაკრებებმა წარმატებული შეხვედრები გამართეს და ყველას აჩვენეს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. 15-წლამდელებმა დედაქალაქების საერთაშორისო ტურნირში მე-2 ადგილი დაიკავეს და სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ ერთი ლელოთი დამარცხდნენ; 17-წლამდელებს ბრწყინვალე ტურნე ჰქონდათ უკრაინასა და მოლდავეთში; 18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და ირლანდიას ტაიმნახევარი უგებდნენ, მაგრამ საკუთარი ძალების რწმენა არ ეყოთ; 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონები გახდნენ და ყველა მეტოქეს დიდი უპირატესობით სძლიეს; 7-კაცა ნაკრებმა მსოფლიო სერიებზე გამოსვლის უფლება მიიღო; დაძაბული და საინტერესო გამოდგა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. სასიამოვნოა, რომ ეროვნულ პირველობაზე მონაწილე გუნდთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ რაოდენობა ხარისხში გადავიყვანოთ”, - თქვა ნიჟარაძემ.
ამის შემდეგ, დაჯილდოება დაიწყო. ნიჟარაძე ჯერ ყველა გუნდს “მოეფერა”, მერე ბრინჯაოს მედლები “ვისოლი-ყოჩებს” გადასცა, ამას თასის მფლობელი და ვერცხლის მედალოსანი “ლელოს” დაჯილდოება მოჰყვა, მერე კი, ჩემპიონის - თბილისის “ლოკომოტივის” ჯერი დადგა. მათმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ბენდიაშვილმა, თავისი კუთვნილი მედალი დავით ზირაქაშვილს გადასცა - “ამ კაცმა ყველა მაგრად გვასახელა და უფრო მეტის ღირსია” - თქვა “ლოკომოტივის” თავკაცმა. ბენდიაშვილი საქართველოს წლის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა და საჩუქრად ტელევიზორი მიიღო. 2010 წლის ყველაზე დისციპლინირებული გუნდის წოდება “აკადემიას” ერგო, ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე, 8 ლელოს დამდები, “ვისოლი-ყოჩების” მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონ “ლოკომოტივის” კაპიტანი, “ათიანი” ბობა კვინიხიძე, რომლის ანგარიშზეც 197 ქულაა. მან საჩუქრად მობილური ტელეფონი მიიღო, ხოლო საქართველოს 2010 წლის საუკეთესო მორაგბემ, ქუთაისის “აიას” მოთამაშე-მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ლეპტოპი მიიღო.
რაგბის კავშირმა ბოლო დროის ტრადიცია არ დაივიწყა და მრგვალი თარიღი ვეტერან ქართველ მორაგბეებს მიულოცა. მალხაზ ჭეიშვილმა, პაატა ნარიმანაშვილმა და დავით ჩავლეიშვილმა (ტრიომ, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 2007 წლის მსოფლიოს თასზე გაიყვანა), დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიიღეს.
ასევე, ტრადიციის თანახმად, შედგა საქართველოს ჩემპიონატის წლის ნაკრები - 15. ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი), 14. ირაკლი გეგენავა (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), 13. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), 12. გოჩა ხონელიძე (“ბათუმი XV”, ბათუმი), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), 10. ბობა კვინიხიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), 9. ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), 8. ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (“ლელო”, თბილისი), 6. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), 5. მიხეილ არჩუაშვილი “ვისოლი-ყოჩები”, თბილისი) და გელა შალამბერიძე (“აია”, ქუთაისი) (ამ ორმა მორაგბემ ხმათა ერთი და იგივე რაოდენობა მიიღო), 4. ლაშა აზალაძე (“ლელო”, თბილისი), 3. მიხეილ სუჯაშვილი (“ლელო”, თბილისი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), 1. დავით გასვიანი (“ლოკომოტივი”, თბილისი).
ამით, საქართველოს 2010 წლის სეზონი დასრულდა. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, რაგბის კავშირს უფრო მძიმე სეზონი ელის, რადგან მის კისერზე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაა, ეროვნულ გუნდს მსოფლიოს თასი ელის და რაც მთავარია, საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რიცხვი იზრდება. 2011 წელს უმაღლეს და პირველ ლიგაში კვლავინდებურად 8-8 გუნდი კი ითამაშებს, მაგრამ ამ დროისთვის, მე-2 ლიგაში უკვე 9 განაცხადია შესული და ჭაბუკთა ლიგებში მონაწილე გუნდების რაოდენობაც ელვისებური სისწრაფით იზრდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია