პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო “ათიანი”, ინგლისელი ჯონ უილკინსონი, სავარაუდოდ, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას აღარ დაიცავს. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას თავად მორაგბისა და ინგლისის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებები იძლევა. ინგლისური რაგბის მმართველებმა, გასულ თვეში გამოაცხადეს, რომ 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ინგლისურ კლუბებში მობურთალ მორაგბეებს წაიყვანენ. ამასთან, 31 წლის უილკინსონმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ აღიარეს, “ტულონთან” ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის შემადგენლობაში 2013 წლის ზაფხულამდე დარჩება.
თავად მორაგბეს იმედი ჰქონდა, რომ “ტულონში” თამაშის პარალელურად, ეროვნულ გუნდს ახალ ზელანდიაშიც დაეხმარებოდა, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო, ინგლისელებს მკაცრი პოზიცია შეემსუბუქებინათ და თავიანთი უდავოდ საუკეთესო მორაგბისთვის გამონაკლისი დაეშვათ, მით უმეტეს, რომ ულკინსონის პოზიცია რაგბიში დიდ როლს ასრულებს და “ათიანის” კარგ თამაშზე დიდწილადაა დამოკიდებული გუნდის წარმატება. მაგრამ თვიქნემში ასეთი გადაწყვეტილების შესახებ არაფერი უთქვამთ. პირიქით, ინგლისელებმა გადაწყვიტეს, რომ აქცენტს 2015 წლის მსოფლიო თასის მოგებაზე გააკეთებენ, რომელსაც სწორედ ინგლისი მასპინძლობს და მომავალ მსოფლიო თასზე თავის გამოჩენის შანსი ინგლისურ კლუბებში მობურთალ ახალგაზრდებს ექნებათ.
უილკინსონი ეროვნულ გუნდში 1998 წლიდან თამაშობს. 2003 წლის მსოფლიო თასზე, ის საუკეთესო მორაგბე და ინგლისელთა წარმატების მთავარი შემოქმედი გახდა. მას ეროვნულ გუნდის კვართი 80 შეხვედრაში მოურგია და გუნდს 1111 ქულა შესძინა. 2001-2005 წლებში, უილკინსონმა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 67 ქულა ჩაიწერა. ინგლისელი მორაგბე “ტულონში” 2008 წელს, უმძიმესი ტრავმის მოშუშების შემდეგ გადავიდა და გასულ სეზონში ფრანგულ კლუბს Top 14-სა და “ჩელენჯ ქაფზე” 302 ქულა შესძინა. ის გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში და ევროთასების ფინალში გასვლაში დაეხმარა. საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში, უილკინსონმა Top 14-ში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 169 ქულა მოაგროვა, ხოლო “ჰეინეკენის თასის” 3 მატჩში გუნდს 31 ქულით შეეწია.
შეგახსენებთ, რომ “ტულონში” უილკინსონის თანაგუნდელი საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილია, ხოლო 2011 წლის მსოფლიო თასზე, ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ნაკრებიცაა. მათ გარდა, ჯგუფში არგენტინის, შოტლანდიის და რუმინეთის ეროვნული გუნდები ითამაშებენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია