ამბები

11:01 | 30.12.2010 | ნანახია 6844 - ჯერ

დავით კაჭარავა: "შოტლანდია და არგენტინა ფიზიკურად უნდა დავჩაგროთ"

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების უკანახაზელი დავით კაჭარავა, ახალმა მწვრთნელებმა კანადასა და აშშ-ს ნაკრებთან გამართულ შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში არ დააყენეს.
25 წლის მორაგბემ თავკაცებთან ურთიერთობა პირადად გაარკვია და დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო - “შენი გვჯერა და სხვების შემოწმებაც გვინდაო”. ამასთან, “კაჭიმ” ისიც გაამხილა, რომ
მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრები შოტლანდიისა და არგენტინის ნაკრებების ფიზიკურ დაჯაბნას გეგმავს; მწვრთნელები მორაგბეებს იმის გაკეთებას სთხოვენ, რაც ყველაზე კარგად გამოსდით და
“ბორჯღალოსანთა” კოზირი ახალ ზელანდიაში შერკინების ხაზი უნდა იყოს.
საფრანგეთის ფედერალ 1-ის “ნიცაში” მობურთალი კაჭარავა, გუნდთან ერთად მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში აღსაზევებლად იბრძვის. ფედერალ 1-ში 4 ჯგუფია და რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ფლეი ოფში თითოეული ჯგუფიდან ოთხ-ოთხი საუკეთესო გადის. ბრძოლები
1/8-ფინალებით გრძელდება, 2 ფინალისტი კი, საგაისოდ ზედა დივიზიონში ადის. “ნიცა” პირველი წრის შემდეგ მე-3 ადგილზეა და ფლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს. ქართველმა უკანახაზელმა
11-დან 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 8 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა, ერთხელ კი, შეცვლაზე შევიდა. კაჭარავა ეროვნულ გუნდში 2006 წლიდან თამაშობს, ნაკრების კვართი აქამდე 38 შეხვედრაში მოირგო და 7 ლელოს გატანა მოახერხა.  

- როდის დაიწყეთ რაგბის თამაში და რატომ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?
- რაგბის თამაში 1994 წელს დავიწყე. მანამდე ვერის ბაღში ჩოგბურთზე დავდიოდი. ზამთრის პერიოდი იყო, კორტები საშინელ მდგომარეობაში იყო და წესიერად ვერ ვვარჯიშობდი. ერთ დღეს ჩემმა ძმამ მითხრა, რომ სკოლელები რაგბიზე აპირებდნენ სიარულს და მეც გავყევი. მანამდე, სპორტის ამ სახეობის არსებობა არც ვიცოდი და რაგბის ბურთიც არ მენახა. “ლოკომოტივის” ძველ სტადიონზე, ასფალტის საფარზე ვივარჯიშეთ. ყველაზე პატარა ვიყავი, ზოგი 7-8 წლით იყო ჩემზე უფროსი. პატარა ასაკში ეს სერიოზული სხვაობაა და პირველი ვარჯიში საშინლად არ მომეწონა. რამდენჯერმე მაინც წავედი და ნელ-ნელა ეს თამაში მომეწონა, ჩოგბურთი კი აღარ მომწონდა. რაგბი შემიყვარდა და ასე დავიწყე თბილისის “ყოჩებში” თამაში.
- მერე რუსეთში წახვედით და “ენისეის” შემადგენლობაში თამაშობდით.
- 2007 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ, საფრანგეთიდან ერთი-ორი შემოთავაზება მქონდა. უკეთეს წინადადებას ველოდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამ დროს რატი ურუშაძემ დამირეკა, რომელიც იმ დროს “ენისეიში” თამაშობდა და მითხრა, რომ ეს რუსული კლუბი ჩემით იყო დაინტერესებული. მათ შეკრება ჰქონდათ თურქეთში და იქ ჩავედი, მალე კი, კონტრაქტი შემომთავაზეს. რუსეთში ერთი სეზონი გავატარე, მე-2 ადგილზე გავედით და მე 13 ლელოთი საუკეთესო მელელოვე გავხდი. მერე, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ტიმ ლეინი დაინიშნა, “ნიცას” ვარიანტი შემომთავაზა. ამ გუნდში ავსტრალიელი მენეჯერი იყო, ის ტიმთან მეგობრობდა და ასე აღმოვჩნდი საფრანგეთში.
- როგორ ფიქრობთ, “ნიცაში” გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი იყო?
- სპორტული თვალსაზრისით კი, იმიტომ, რომ ფრანგები რუსებზე უკეთეს რაგბის თამაშობენ, თანაც, იქიდან უკეთეს გუნდში მოხვედრის მეტი შანსია. “ენისეი” რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და იმაზე ზევით წასვლის შანსი არ იყო, მეტად ვეღარ განვვითარდებოდი და რაც ვიყავი, იგივედ დავრჩებოდი. საფრანგეთში უფრო მეტი შესაძლებლობაა, რაგბსაც უკეთესს თამაშობენ და მოსამზადებელი პირობებიც უკეთესია.
- ფედერალ 1-ში უფრო მაღალი დონეა, ვიდრე რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში?
- დიახ, ბევრად ძლიერია. იქ უფრო მეტი გუნდია და უფრო თანამედროვე რაგბის თამაშობენ. ისეთ მოთამაშეებს შეხვდები, რომელთა წინააღმდეგ თამაშის შანსი სხვაგან არასდროს მოგეცემა. ელიტარული გუნდების ვეტერანები, კარიერის დასასრულს სწორედ ფედერალ-დივიზიონის კლუბებში ატარებენ, ან თუ ვინმეს ტრავმა ჰქონდა, ფორმის აღსადგენად თამაშს ჯერ ამ დივიზიონის გუნდებში იწყებს. ისედაც, საფრანგეთში ძალიან ბევრი ლეგიონერია, რადგანაც სარაგბო თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქვეყანაა. ფედერალ 1-შიც კი, ძალიან დიდი კონკურენციაა და ზევით ხომ საერთოდ.
- რატომაა, რომ საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის კლუბებში მხოლოდ ქართველი მორკინალები ხვდებიან და უკანახაზელებს იქ თამაშის შანსი პრაქტიკულად არ ეძლევათ?
- ეს იმან განაპირობა, რომ თავიდანვე ქართველმა მორკინალებმა გაითქვეს სახელი. ჯერ “ლეონსიო” იყო, მერე გოდერძი შველიძე... ძველი რაგბი უფრო ძალისმიერი იყო და არა მარტო ქართველი პირველხაზელები, არამედ უკანახაზელებიც თითქმის იგივე ფიზიკურ კონდიციებს ფლობდნენ. ფრანგული რაგბი უფრო სწრაფია. ახლა ეს მიდგომა შეიცვალა და ადრე თუ უკანახაზელებს მხოლოდ სისწრაფე სჭირდებოდათ, ახლა გამძლეობას მათთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ფრანგებს მაგრად უჭირთ 3 ნომრები, რომელზეც ქართველები კარგად თამაშობენ. ქართველი მორკინალებისთვის, განსაკუთრებით პირველხაზელთათვის, საქართველოს ნაკრებში მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე იმავე პოზიციის მოთამაშეთათვის - საფრანგეთის ნაკრებში. ბევრი ისეთი მორაგბეა, რომელიც ელიტარული გუნდების ძირითად შემადგენლობებში მუდამ თამაშობენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებში არ იწვევენ, რადგანაც ამ პოზიციაზე ძალიან ბევრი მაღალი კლასის მორაგბე გვყავს.
- მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კარიერას უფრო ძლიერ გუნდში ხომ არ გააგრძელებთ?
- “ნიცაში” მეორე სეზონს ვატარებ, კონტრაქტი კი, 31 ივლისს მეწურება. ამ ეტაპზე, უკეთესი გუნდიდან შემოთავაზება არ მაქვს, მაგრამ კლუბთან კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში განვაგრძობ, თუ Pro D2-ში აღზევებას მოვახერხებთ. კლუბს სერიოზული მიზნები აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, ისეთი მაგარი გუნდი გვყავს, ამას აუცილებლად მოვახერხებთ-თქო. ისე, ცუდი გუნდიც არ გვყავს და ვნახოთ, რა იქნება. კლუბს ახალი მეპატრონე ჰყავს. ინგლისელები წავიდნენ და მათი ადგილი ფრანგებმა დაიკავეს. ნიცას მერია აქტიურ მხარდაჭერას გვიწევს, სერიოზული მიზნები აქვთ, ახალ სტადიონს გვპირდებიან. თუმცა, წარმატების გარეშე, შესაძლოა, მათ ამ მიზნების განხორციელებაზე უარი თქვან. თუ ზედა ლიგაში ვერ ავედით, მაშინ სერიოზული დაფიქრება მომიწევს და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ.
- ახლა “ნიცა” მე-3 ადგილზეა და ფლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს...
- დიახ, ფლეი ოფში ჯგუფის 4 მოწინავე გადის და წესით, იქ მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს. მთავარი მერე იწყება, ფინალში უნდა მოვხვდეთ, რათა ზედა დივიზიონის საგზური მივიღოთ. “ნიცა” ხასიათის გუნდია - ძლიერ მეტოქეებს მოვუგეთ, მაგრამ ბოლო სამ ადგილზე მყოფებთან დავმარცხდით. ბოლო ტურში ბოლოადგილოსანმა დაგვამარცხა, არადა, ეს თამაში რომ მოგვეგო, ახლა პირველ ადგილზე ვიქნებოდით. სეზონის წინ, 15 ახალი მორაგბე მოვიდა და გარკვეულწილად, შეთამაშება გვაკლია, მაგრამ როდესაც რაღაც გვაქვს დასამატკიცებელი, მაშინ ძალიან კარგად ვთამაშობთ. “ბეზიესთან” და “მონპელიესთან” ყველას უნდა თავის გამოჩენა, ბოლოადგილოსანთან კი, თითქოს თამაში გვეზარება. თანაც, ნაციონალ-ლიგებში მსაჯობის მხრივ დიდი პრობლემაა. ბოლო ადგილთან წაგებულ შეხვედრაში მსაჯმა 2 ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა, არადა, მეტოქის შერკინება ვერ გვაწვებოდა და თუ ვინმე წესს არღვევდა, მისთვის ყვითელი უნდა ეჩვენებინა, მაგრამ ლელო არ ჩათვალა, თანაც 2 კაცი გაგვიგდო.
- ნიცას როგორ შეეჩვიე?
- საცხოვრებლად კარგი ქალაქი სულაც არაა. ბევრი ეროვნების ხალხი ცხოვრობს და კრიმინალიც ხშირია. ერთი-ორი კვირით ჩასვლა კარგია, მაგრამ საცხოვრებლად უფრო მშვიდი ქალაქი მირჩევნია.
- გუნდში როგორი პირობები გაქვთ?
- “ნიცა” ნახევრადპროფესიული კლუბია. იქ მხოლოდ 17 პროფესიონალი ვართ, დანარჩენები მოყვარულები არიან. პროფესიონალებს დღეში ორჯერ, ან ხანდახან სამჯერაც გვავარჯიშებენ. მხოლოდ ერთ დღეს ვისვენებთ. თუ შაბათს ვთამაშობთ კვირას გვასვენებენ, თუ კვირას გვიწევს შეხვედრა, მაშინ შაბათს ვისვენებთ. ყველაზე დატვირთული დღეები სამშაბათი და ხუთშაბათია.  
- სანამ “ენისეიში” იყავი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად თამაშობდი, “ნიცაში” გადასვლის შემდეგ კი, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგე...
- “ენისეი” და “ნიცა” არაფერ შუაშია, უბრალოდ, ეროვნულ გუნდში მწვრთნელები შეიცვალნენ. ლეინი წავიდა და რიჩი დიქსონი მოვიდა თავისი გუნდით, მათ კი, ასე გადაწყვიტეს. მე მათ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. მწვრთნელებს ვესაუბრე, დადებითად მელაპარაკნენ – მსოფლიოსთვის ვემზადებითო, შენ ამდენი ხანი თამაშობ და რა შეგიძლია, კარგად ვიცითო. სხვების შემოწმება უნდათ, რადგან ახალ ზელანდიაში 2 გუნდით უნდა წავიდეთ, ყოველ მეოთხე დღეს თამაში გვიწევს და გადაწყვეტილება ამით ახსნეს.
- ახალმა მწვრთნელებმა გუნდში რა სიახლეები დანერგეს?
- მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში არცერთხელ დამაყენეს, ვარჯიშებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეტყობათ, რომ ამ ხალხს რაღაცის გაკეთება უნდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტიმ ლეინთან პირადად მე კარგი ურთიერთობა მქონდა, თითქოს მუშაობა ეზარებოდა, ასეთი აქტიური არ იყო.
- ლეინი ამბობდა, რომ მისი მიზანი უკანა ხაზის ათამაშება იყო, ახალი მწვრთნელები რა მიზანს ისახავენ?
- ლეინი თვითონ იყო უკანა ხაზის სპეციალისტი. რაც მას სურდა, რომ გვეჩვენებინა, უფრო არ გამოგვდიოდა და პრობლემა ეს იყო. ესენი უფრო ქართულ რაგბს გვათამაშებენ, ძალისმიერ თამაშს გვთხოვენ და ალბათ, ეს უფრო სწორი მიდგომაა. ერთ წელიწადში ფრანგები ვერ გავხდებით. არ შეიძლება ძალისმიერ თამაშზე, რაც კარგად გამოგდის, უარი თქვა და ახლებურად თამაში დაიწყო. საჭიროა, რომ ჩვენს სტილს სწორი ტაქტიკა მოვუძებნოთ. ცდილობენ, რომ უკანა ხაზი აამუშაონ, მაგრამ კანადასთან და ამერიკასთან პირდაპირ გვითხრეს, რომ თუ ახლებურად თამაში არ გამოგივათ, ისევ ძალისმიერ სტილს დაუბრუნდითო და ასეც გავაკეთეთ. ამ მწვრთნელებს ძალიან ბევრ გუნდთან და მორაგბესთან ჰქონდათ შეხება და გვეუბნებიან, რომ ფიზიკურად ასეთი ძლიერი გუნდი არასდროს უნახიათ. მათ იმედი აქვთ, რომ მსოფლიოს თასზე ფიზიკური ძალით შოტლანდიას და არგენტინას დავჩაგრავთ, აი ინგლისზე კი, იგივეს ვერ იძახიან.
- არგენტინაც ხომ ძალისმიერ რაგბს თამაშობს?
- დიახ, მაგრამ არც ისე ძლიერები არიან.
- მსოფლიოს თასზე რისი შანსი გვაქვს?
- შანსი არ ვიცი, მაგრამ მიზანი შოტლანდიისა და რუმინეთის დამარცხებაა. გასულ მსოფლიოს თასზე ერთი შეხვედრა მოვიგეთ და ახლა ამ შედეგის გაუმჯობესება უნდა ვცადოთ. სხვათა შორის, რუმინელებთან ახალ ზელანდიაში ურთულესი თამაში გვექნება. მათაც ბევრი ლეგიონერი ჰყავთ საფრანგეთში და ჩვენს მსგავსად, ძალისმიერ რაგბის თამაშობენ.
- კანადასთან და აშშ-ს ნაკრებებთან მატჩებს როგორ გაიხსენებთ?
- კანადის თითქმის ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. მხოლოდ ბოლო 20 წუთი გაგვიჭირდა. საერთოდ, ბოლო 20 წუთი ჩვენი გუნდის პრობლემაა და ვფიქრობ, ეს ფიზიკური კონდიციების ბრალი უნდა იყოს. 60 წუთი კარგად ვთამაშობთ, აი ბოლოს კი, გვიჭირს. ეროვნულ გუნდში ყველა ბოლომდე იხარჯება და მერე ძალა აღარ გვყოფნის. ელიტარული ლიგის გუნდების მორაგბეები, ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში არიან, მაგრამ ქვედა დივიზიონის გუნდებში მოთამაშეებს ის გამძლეობა არ გვაქვს, რაც ნაკრებს სჭირდება. მთლიანობაში, კანადასთან მწვრთნელების დავალებები მაინც კარგად შევასრულეთ და ვფიქრობდით, რომ ამერიკასთან ამას უკეთ მოვახერხებდით, მაგრამ პირიქით გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, ეს ტესტ-მატჩი სხვა ქვეყანაში რომ ყოფილიყო, ვერ მოვიგებდით.
- თქვენის აზრით, ახალ მწვრთნელებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოს თასზე დასახული მიზნების მიღწევა მოხერხდეს?
- ვარჯიშებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, პროგრესი აუცილებლად იქნება. მათ არც მონდომება აკლიათ, შეიძლება ითქვას, მოთამაშეებზე არანაკლებ მოტივირებულნი არიან. მსოფლიოზე გასული გუნდის ჩაბარება, ამ მწვრთნელებისთვის დიდი საჩუქარი იყო. ახლა მათ უნდა აჩვენონ, რა შეუძლიათ.
- რამდენად ლოგიკური იყო ტიმ ლეინის დაკავებული თანამდებობიდან გაშვება მაშინ, როდესაც მან გუნდს მსოფლიოს თასის საგზური მოუტანა?
- ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, რომ ის ერთი წლით ადრე გაეშვათ. ლეინი გასაშვები იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ეს რომ ადრე მომხდარიყო, ახალ მწვრთნელებს გუნდის მოსამზადებლად მეტი დრო ექნებოდათ. ვფიქრობ, ლეინი ვერ შეძლებდა გუნდის ისე მომზადებას, ახალ ზელანდიაში კარგი შედეგი რომ გვეჩვენებინა.
- თებერვალ-მარტში საქართველოს ნაკრებს “ერთა თასის” შეხვედრები ელის. ამას მწვრთნელები გუნდის მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ თუ შედეგზე იზრუნებენ?
- ჩემი აზრით, აუცილებლად მოსამზადებლად უნდა გამოიყენონ. იმდენად მცირე დრო აქვთ მწვრთნელებს გუნდის გასაცნობად, რომ სხვანაირად არ შეიძლება მოხდეს. აუცილებელია, რომ მათი იდეები დინამიკაში გადავიდეს, რიტმში ჩაჯდეს, ამას კი ბევრი თამაში სჭირდება.
- “ერთა თასზე” ქულათა დარიცხვის სისტემის შეცვლას როგორ აფასებ (ამიერიდან, მოგებაზე გუნდი ოთხ ქულას მიიღებს, ფრეზე ორს, 7 და ნაკლები ქულით მარცხისათვის, ან 4 და მეტი ლელოს გატანის შემთხვევაში კი, ერთ პრემიალურ ქულას)?
- სწორი გადაწყვეტილებაა. ახლა ძლიერ და სუსტ მეტოქესთანაც მთელი ძალით ითამაშებ. ყველა ეცდება, რომ სუსტს 4 ლელო გაუტანოს და პრემიელური ქულა აიღოს და ძლიერთან წაგების შემთხვევაშიც, გუნდი ბოლომდე ითამაშებს, რათა პრემიალურ ქულას გამორჩეს.
- თქვენი აზრით, ბოლო წლებში საქართველოში რაგბის დონე გაიზარდა?
- საქართველოში ორ-სამწლიანი ჩავარდნა იყო და მასთან შედარებით, საქართველოს ჩემპიონატის დონემ აშკარად მოიმატა. ისედაც, ვისაც არ უნდა ვკითხო, ყველა ბავშვი რაგბის თამაშს იწყებს. ხალხს რაგბი აინტერესებს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ინტერესი მხოლოდ რუსეთთან თამაშის წინ ჩნდებოდეს.
- საქართველომ წლეულს პირველად უმასპინძლა “შავი ზღვის თასის” გათამაშებას.
- თამაშებს ვუყურე და ჩვენების გამოსვლა ძალიან მომეწონა. ვფიქრობდი, რომ ჩემპიონები რუმინელები გახდებოდნენ, მაგრამ ვინ აცალა. ალბათ, თვითონაც არ ელოდნენ ქართველებისგან ასეთ თამაშს და ეს ტურნირი თუ მომავალშიც ჩატარდა, ვფიქრობ, უფრო მომზადებულები ჩამოვლენ.
- წლეულს რუსული კლუბები არ ჩამოვიდნენ, მაგრამ სამომავლოდ მათი მონაწილეობაც იგეგმება. იდეაში, ფრანგული კლუბის მოწვევაზეც არის საუბარი. როგორ ფიქრობ, დათანხმდებიან ფედერალ 1-ის გუნდები ამ ტურნირში მონაწილეობას?
- იცით, ჩემი გუნდი დაინტერესებული იყო, რომ საქართველოს A ნაკრებთან ეთამაშა. რატომ არ დათანხმდებიან. მთავარი აქ ფინანსური საკითხი იქნება. იქაურ კლუბებს დიდი ბიუჯეტი არ აქვთ და თუ მასპინძლობას ქართული მხარე იკისრებს, რატომაც არ ჩამოვლენ. ქართველებს კარგი გუნდები ჰყავთ, ერთგვარი ნაკრებების გაკეთებამ გაამართლა და ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში, ყველა გუნდის სურვილია. მით უმეტეს, ამ ტურნირის ვადები მოსამზადებელ პერიოდს თუ დაემთხვევა, უარს არავინ იტყვის.
- რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდით და მათ უძლიერეს კლუბებთან რა შანსი გვექნება?
- კლუბების ნაკრებები თუ გაკეთდება, შანსი იქნება, ისე კი, ძნელია. რუსეთის ჩემპიონ “ვვა-პოდმოსკოვიეს” 3 კაცი რომ დაუმატოთ, რუსეთის ნაკრებია და მათი ძალა ყველასათვის ცნობილია. თუ ითამაშეს, ძალიან გაჭირდება. მთლიანობაში, რუსული რაგბის დონემ ძალიან მოიმატა. ფული ბევრ რამეს წყვეტს. პრაქტიკულად არცერთ ტურნირს არ აკლდებიან, ბიჭებს ისეთ ხელფასებს უხდიან, რომ არსად მიდიან. მათი 7-კაცა ნაკრები მსოფლიო სერიებზე რეგულარულად თამაშობს, ეს კი, სამმეოთხედელების დონეს ამაღლებს. მოკლედ, მათი დამარცხება რთული იქნება.
- საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა მსოფლიო სერიებზე გამოსვლის უფლება მიიღო. რომ დაგიძახონ, თქვენ თუ ითამაშებთ?
- დიდი სიამოვნებით, მაგრამ მეჩვენება, რომ საქართველოს 7-კაცა ნაკრებს სათანადო ყურადღება არ ექცევა, არასერიოზული მიდგომაა. არაა შეკრებები და ტურნირებზე სამი-ოთხი დღის შეკრებილი გუნდით მიდიან. თუ სერიოზული მიდგომა იქნა და დამიძახებენ, რატომ არ ვითამაშებ.
- თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველოში რაგბის დონე კიდევ უფრო გაიზარდოს?
- პიარი. აუცილებელია, რომ მაყურებელს რაღაც შესთავაზონ და ისინი ტრიბუნაზე მიიყვანონ. საფრანგეთშიც არ დადის თამაშებზე ათასობით ადამიანი, მაგრამ აქ მაინც ნამეტანია... კარგია ქვიშის და თოვლის რაგბის ტურნირები რომ ტარდება, ამით ხალხი ინტერესდება.
- მაყურებელი რა როლს თამაშობს გუნდის წარმატებაში?
- კანადასთან და ამერიკასთან ორგანიზებულად გვქომაგობდნენ და ეს ძალიან მესიამოვნა. როდესაც მოედანზე გადიხარ და მაყურებელს ხედავ, ხვდები, რომ ხალხს მოსწონს და აინტერესებს ის, რასაც აკეთებ და ეს ძალას გმატებს. როცა ტრიბუნაზე მარტო მოთამაშეების ნათესავები და მეგობრები ზიან, გიჩნდება განცდა, რომ ქვეყანას არ აინტერესებ. ძველი ხუმრობა იყო, რაგბზე, ისე როგორც პანაშვიდზე, მარტო ოჯახის წევრები და ახლობლები დადიანო. მაყურებელი მე-16 მოთამაშეა და როცა დაძაბული სიტუაციაა, სწორედ მაყურებელი წყვეტს ყველაფერს. ირლანდიასთან მსოფლიოს თასზე გამართული შეხვედრა საქართველოში რომ შემდგარიყო, დარწმუნებული ვარ ბოლოს გადავუვლიდით. ტრაბზონშიც მაყურებელმა მოგვაგებინა. ლელო რომ გაგვიტანეს და ერთმანეთს გადავხედეთ, მივხვდით, რომ ამდენი მაყურებლის წინაშე წაგება არაფრით შეიძლებოდა და სწორედ მაყურებელმა მოგვცა იმის ძალა, რომ სიტუაცია რადიკალურად შემოგვეტრიალებინა. მაყურებელი მარტო რაგბზე კი არა, ფეხბურთსა და კალათბურთზეც უნდა მივიდეს. სპორტისათვის მაყურებელი აუცილებელია და ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა განვვითარდეთ.

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.179252