საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში, საშობაო არდადეგების შემდეგ, 2010 წლის დასკვნითი ტური გაიმართა და ქართველ მორაგბეთა ექვსი კლუბიდან, მასში სამმა გამარჯვება მოიპოვა, ერთმა ფრედ ითამაშა, ხოლო ორი დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ სამივე გამარჯვებული გუნდი, ახალ წელს საუკეთესო ექვსეულში ხვდება და იქ მოხვედრის კარგი შანსი მეოთხე გუნდსაც აქვს, ხოლო დანარჩენი ორი, უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. რადგან ყველაზე უკეთეს პოზიციაზე “მონპელიე” იმყოფა და მის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, მიმოხილვა ამ გუნდის შეხვედრით დავიწყოთ. “მონპელიემ” საკუთარ მოედანზე, 13323 გულშემატკივარის წინაშე, “ბიარიცს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 22:16 იმარჯვა.
გასულ წელს, “მონპელიე” Top 14-დან გავარდნის ზღვარზე იყო, წლეულს კი საოცარი სახეცვლილება განიცადა და XIV ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. “ბორჯღალოსანთა” საბაზო გუნდმა, მიმდინარე გათამაშებაში 10 გამარჯვება მოიპოვა, ოთხჯერ დამარცხდა, ჯამში 45 ქულა დააგროვა და ლიდერ “ტულუზას” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. საგულისხმოა, რომ XIV ტურის შემდეგ, თოპ 14-ში 10 გამარჯვება არცერთ გუნდს არ აქვს და “ტულუზა” “მონპელიეს” მხოლოდ იმის გამო უსწრებს, რომ გასულ ტურებში მეტოქეზე მეტი პრემიალური ქულა მოინაგრა.
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა ერთ-ერთ ლიდერ მამუკა გორგოძეს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა, მწვრთნელებმა ის შერკინების მესამე ხაზში, ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და სრულად ათამაშეს. ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს შერკინების პირველხაზელი გიორგი ჟღენტი. ასევე შერკინების პირველხაზელი გოდერძი შველიძე, თამაშში 33-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ ტრავმის გამო 67-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. განაცხადში ვერ მოხვდა “მონპელიესა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე.
რაც შეეხება თამაშს, პირველმა ნახევარმა მასპინძელთა დიდი უპირატესობით ჩაიარა და სხვაობა ისეთი იყო, ვერავინ იფიქრებდა “მონპელიეს” გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ თუ დადგებოდა. ქართველთა კლუბი მე-7 წუთისთვის ორი ჯარიმით იგებდა, მე-13 წუთზე გორგოძე უხეში ბოჭვისთვის დაჯარიმდა, მაგრამ მეტოქემ 30 მეტრიდან დარტყმა გააცუდა, ხოლო მე-16 წუთზე მასპინძლებმა ძელებსშუა ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს - 13:0. “ბიარიცმა” ერთი საპასუხო ჯარიმა ტაიმის შუაწელს გაიტანა, მაგრამ შესვენებამდე “მონპელიემ” მას ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და პირველი ნახევარი 19:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ყველაზე კარგად მასპინძელთა მესამე ხაზმა იმუშავა და მეტოქეს ხშირი დაჯარიმება აიძულა.
მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე, სტუმრებმა უდიდესი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს. უმეტესწილად, ბურთს “ბიარიცი” აკონტროლებდა და მწვავედაც უტევდა. ამას დაერთო ისიც, რომ “მონპელიე” მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, მეტოქემ ჯარიმა გამოიყენა, მალევე, რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა, ლელო გაიტანა და ზუსტი რეალიზაციით სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა - 13:19. სათამაშო დროის მეორე ნახევარში, “ბიარიცი” მეტოქეს ძალისმიერი თამაშით ჯაბნიდა, კარგად აყენებდა მოლს, იგებდა ყველა შერკინებას და მასპინძლებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. სიტუაციის ოდნავ განმუხტვა 73-ე წუთზე გახდა შესაძლებელი, როდესაც “მონპელიემ” შორეული ჯარიმა გამოიყენა და 6-ქულიანი სახიფათო ზღვარი, 9-მდე გაზარდა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს, რამდენჯერმე კარგი სალელოვე შანსიც შექმნეს, მაგრამ ხაზის გადაკვეთამდე სანტიმეტრები დააკლდათ და მაშინ, როდესაც სათამაშო დრო უკვე ამოწურული იყო, ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს - 16:22. ამან “ბიარიცს” ერთი პრემიალური ქულის აღების საშუალება მისცა, “მონპელიეს” კი გამარჯვების ოთხი ქულა შეხვდა.
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, 16075 მაყურებლის თვალწინ, შარშანდელ ფინალისტ “პერპინიანს” უმასპინძლა და გასული ჩემპიონატის უმთვარესი ჯახის მსგავსად, ახლაც გამარჯვება იზეიმა, რამაც საუკეთესო ექვსეულში დაბრუნების შანსი მისცა. “კლერმონს” მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში განცდილი მარცხისათვის რევანში სწყუროდა და მარცხიანი პირველი ნახევრის შემდეგ, სიტუაციის სათავისოდ შემობრუნება მოახერხა. მე-15 წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 31-ე წუთზე “პერპინიანმა” ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და 7 ქულით დაწინაურდა, შესვენებამდე კი, მასპინძლებმა ორი ჯარიმა გამოიყენეს, სტუმრებმა ერთი და ტაიმი 9:13 დათმეს.
მეორე ნახევარი “კლერმონმა” მძლავრად დაიწყო, ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და დაწინაურდა. მალე მონაგარს ჯარიმა შემატა, სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა 57-ე წუთზე შეამცირეს, ბოლო სიტყვა კი, მასპინძლებმა 75-ე წუთზე თქვეს და ჯარიმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 22:16. საქართველოს 2010 წლის საუკეთესო მორაგბე დავით ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 74 წუთი გაატარა. “კლერმონს” 38 ქულა დაუგროვდა, მე-6 ადგილზეა და ახლა საუკეთესო ექვსეულში ადგილის შენარჩუნება მართებს, რათა ფლეი ოფში გააღწიოს და ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლოს.
საუკეთესო ექვსეულშია ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის “კასტრი”, რომელმაც XIV ტურში “ლა როშელს” 25:10 სძლია. მასპინძელთა ეს გამარჯვება, დიდწილად, სამოელმა მეორეხაზელმა ტეკორიმ განაპირობა, რომელმაც სამი ლელო გაიტანა. პირველ ნახევარში მან ორი ლელო მიითვალა, ერთი რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა, რასაც “კასტრმა” ორი ჯარიმა დაურთო და ტაიმი 18:0 მოიგო. სტუმრებმა საპასუხო ლელო თამაშის განახლებისთანავე გაიტანეს, ხოლო 52-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს, 67-ე წუთზე მესამე ლელო გაუშვეს და ზუსტი რეალიზაციით საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ფეიქრიშვილი იყო და ის მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა. “კასტრს” 39 ქულა აქვს დე მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს “ბიარიცთან”.
“ბაიონთან” სტუმრად 9:20 მარცხისთვის, საუკეთესო ექვსეული დატოვა დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა” და ახლა 36 ქულით იმავე “ბაიონთან” მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს. თამაშის ბედი მე-17 წუთზე გადაწყდა, როდესაც სტუმართა მეორეხაზელმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და თანაგუნდელები მატჩის ბოლომდე კაცნაკლული დატოვა. მანამდე გუნდებს თითო-თითო ჯარიმა ჰქონდათ გატანილი, მერე სტუმრები ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ ზედ შესვენების წინ ლელო მიიღეს და ტაიმი 6:8 დათმეს. მეორე ტაიმში მასპინძელთა სამ ჯარიმას და ერთ არეკნს, სტუმრებმა მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხეს და პრემიალური ქულის აღებაც ვერ შეძლეს. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა შესვენების შემდეგ შეცვალა.
ერთ-ერთ ლიდერ “მეტრო რასინგთან”, სტუმრად ორ ქულას გამორჩა დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივი”. სტუმრები ჯარიმით ორჯერ იგებდნენ და ტაიმი 6:3 მოიგეს, მაგრამ მერე თავადაც ორი ჯარიმა გაუშვეს და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ. ქართველ პირველხაზელთაგან ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა ხინჩაგიშვილმა. “ბრივისათვის” ეს მიმდინარე სეზონში მეორე ფრეა, ახლა მას ჯამში 21 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.
ლიდერ “ტულუზასთან” საკუთარ მოედანზე 8:25 დამარცხდა ბექა შეყლაშვილის “აჟენი”. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა. მასპინძლები უდისციპლინობამ დაღუპა და “ტულუზამ” მთელი ქულები პირველსავე ნახევარში მოაგროვა. სტუმრებმა 6 ჯარიმა გაიტანეს, რასაც ზედ ლელო-გარდასახვა დაურთეს და საწყისი 40 წუთი 25:3 მოიგეს. მასპინძლებს გვიანმა ლელომ ვეღარ უშველა და 20 ქულით ისინი მე-12 ადგილზე იმყოფებიან.
ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში “სტად ფრანსემ” “ბურგონი” სტუმრად 26:16 დაამარცხა. თოპ 14-ის მომდევნტო ტურის მატჩები 2 იანვარს გაიმართება.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა – 47; 2. მონპელიე – 45; 3. მეტრო რასინგი – 41; 4. კასტრი – 39; 5. ბიარიცი – 39; 6. კლერმონი – 38; 7. ბაიონი – 36; 8. ტულონი – 36; 9. სტად ფრანსე – 33; 10. პერპინიანი – 29; 11. ბრივი – 21; 12. აჟენი – 20; 13. ლა როშელი – 19; 14. ბურგონი - 10.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია