ამბები

10:44 | 3.01.2011 | ნანახია 3027 - ჯერ

გორგოძის ლელომ მის გუნდს ვერ უშველა

საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის ყველაზე ქართულ გუნდ “მონპელიეს”, ყველაზე ცოტა, 2 საათით გალიდერების შანსი ჰქონდა, მაგრამ სტუმრად “მეტრო რასინგს” ვერ სძლია და კვლავ მე-2 საფეხურზე დარჩა. სტუმართა ერთადერთი ლელო ქართველმა მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ კი გაიტანა, მაგრამ მარცხი, გარკვეულწილად, მისი ბრალიცაა, რადგანაც “მონპელიემ” 2 ლელო მაშინ მიიღო, როდესაც “გულივერას” სინბინის გამო, მოედანზე კაცნაკლული იყო.
შეხვედრის დასაწყისში “მეტრო რასინგის” მიერ გატანილ ჯარიმას, “მონპელიემ” ტაიმის შუაწელს ჯარიმითვე უპასუხა. 32-ე წუთზე მასპინძლები ჯარიმით ისევ დაწინაურდნენ, 35-ე წუთზე გორგოძემ ყვითელი ბარათი მიიღო და შესვენებამდე დარჩენილ ხუთ წუთში კაცმეტობით “მეტრო რასინგმა” მაქსიმალურად ისარგებლა, 2 ლელო გაიტანა, ორივე რეალიზაცია გამოიყენა და ტაიმი 20:3 მოიგო.
მე-2 ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა ჯარიმის უპირატესობა გამოიყენეს, მაგრამ 45-ე წუთზე სინბინი მათმა მოთამაშემ მიიღო. “მონპელიე” რიცხობრივი უპირატესობის გაზრდას შეეცადა, თუმცა, ბურთი დაკარგა და კონტრშეტევაზე ლელო მიიღო. ამის შემდეგ სტუმრები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დასკვნით ფაზაში სცოდავდნენ. 63-ე წუთზე, ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, გორგოძემ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ნახევარ მეტრში წარმოქმნილი რაქიდან ბურთი აიტაცა და ჭიდილში ხაზს იქით გადაიტანა. ვიდეორეფერიმ ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ლეგიონერის ქმედებამ მიზანს უწია. ზუსტი რეალიზაციის შემდეგ, სტუმრებმა იერიშები განაგრძეს, მაგრამ დრო ილეოდა და იმედად, ჩამორჩენის შვიდ ქულამდე დაყვანა და ერთი პრემიალური ქულის აღებაღა რჩებოდათ. 76-ე წუთზე “მონპელიეს” შესრულებული ჯარიმა ძელებსშუა არ გავიდა, 79-ე წუთზე ბურთმა მიზანში გაიარა, მაგრამ უკანასკნელი, ლელოს იმედად წამოწყებული შეტევა, წინთამაშის გამო ჩაიშალა და “მონპელიე” 16:28 დამარცხდა.
გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და თუ არ ჩავთვლით გაძევების ათ წუთს, სრულად გაისარჯა. მის მსგავსად, ძირითად შემადგენლობაში იყო შერკინების პირველხაზელი გიორგი ჟღენტი, რომელიც მწვრთნელმა 64-ე წუთზე შეცვალა. განაცხადში იყო და ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად 33-ე წუთიდან გაისარჯა მეორე პირველხაზელი გოდერძი შველიძე, ხოლო კიდევ ერთი მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე განაცხადში ვერ მოხვდა. “მონპელიე” 45 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 საფეხურზე რჩება.
წარმატებულ სვლას განაგრძობს საფრანგეთის ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, რომელმაც ამჯერად “ბურგონი” 34:9 დაამარცხა. სასიხარულო ისაა, რომ კლერმონელებმა 4 ლელოს გატანა შეძლეს და გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მიიღეს. საქართველოს საუკეთესო მორაგბეს და სპორტსმენს, პირველხაზელ ზირაქაშვილს, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. “კლერმონს” 43 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილამდე აღზევდა.
ტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, უშუალო კონკურენტი “ბიარიცი” 38:26 დაამარცხა დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. უილკინსონის ადრეულ ჯარიმას, სტუმრებმა მალევე ლელოთი უპასუხეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, ხოლო მე-14 წუთზე ჯარიმაც გაიტანეს. 33-ე წუთამდე გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, შესვენებამდე დარჩენილ დროში კი, “ტულონმა” საპასუხო ლელო მიითვალა, მაგრამ რადგან რეალიზაცია არაზუსტი იყო, ტაიმი 14:16 დათმო. მე-2 ნახევრის დასაწყისი მასპინძლებისათვის წარმატებული აღმოჩნდა. ისინი ჯერ ჯარიმით დაწინაურდნენ და მალე ლელო-გარდასახვაც გაიტანეს. ტაიმის შუაწელს სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანეს. 64-ე წუთზე “ტულონმა” ლელო-რეალიზაცია გაიტანა და თითქოს ყველაფერი მორჩა, მაგრამ “ბიარიცმა” ორ წუთში იგივე გაიმეორა და მატჩს ინტრიგა შეუნარჩუნა. ის 75-ე წუთზე მოკვდა, როცა “ტულონმა” თავისი მე-4 ლელო გაიტანა, ზუსტმა რეალიზაციამ კი, საბოლოო შედეგი დააფიქსირა. “ტულონს” 40 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.
პირველხაზელი ბექა შეყლაშვილის “აჟენმა” 21:3 დაამარცხა “ბაიონი”. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3 ჯარიმით, 9:0 მოიგეს, ხოლო 50-ე წუთზე ლელო გაიტანეს. სტუმრებმა ერთი საპასუხო ჯარიმა 67-ე წუთზე გამოიყენეს, მაგრამ მალე კვლავ ლელო მიიღეს და ზუსტი რეალიზაციის შემდეგ, საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 74 წუთი გაატარა, ხოლო მისმა “აჟენმა” 24 ქულა დააგროვა და მე-11 საფეხურზე აღზევდა.
მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას გამორჩა დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივი”, რომელიც “პერპინიანთან” სტუმრად 16:23 დამარცხდა. მასპინძლებმა ტაიმი ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით 10:0 მოიგეს, თუმცა, მე-2 ტაიმის საწყის ექვს წუთში ამ უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა - “ბრივმა” ჯერ ლელო გაიტანა, მერე კი, ზუსტ რეალიზაციას ჯარიმაც მიაყოლა. სანამ სტუმრები წარმატებას ხარობდნენ, “პერპინიანმა” მე-2 ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და 47-ე წუთზე 17:10-ს იგებდა. სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს, ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და ოთხქულიანი სხვაობა 73-ე წუთამდე შენარჩუნდა. ამ დროს მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. “ბრივს” 22 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.
ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის “კასტრი”, რეგულარული გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ “ტულუზას” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 16:23 დამარცხდა. პირველი ნახევარი ფრედ 13:13 დასრულდა, მაგრამ მე-2 ტაიმის შუაწელს, როდესაც “კასტრი” მოედანზე კაცნაკლული იყო, “ტულუზამ” გადამწყვეტი ლელო გაიტანა და სტუმრები ერთი პრემიალური ქულის ამარა დატოვა. ქართველ ლეგიონერთაგან მოედანზე მხოლოდ ფეიქრიშვილი გამოჩნდა, რომელმაც დასკვნითი 18 წუთი ითამაშა. ტურის კიდევ ერთი მატჩი “ლა როშელსა” და “სტად ფრანსეს” შორის ფრედ 26:26 დასრულდა. Top 14-ის XVI ტურის მატჩები 7-9 იანვარს გაიმართება.

 სატურნირო მდგომარეობა:
1. ტულუზა - 51, 2. მონპელიე - 45, 3. მეტრო რასინგი - 45. 4. კლერმონი - 43, 5. კასტრი - 40, 6. ტულონი - 40, 7. ბიარიცი - 39, 8. ბაიონი - 36, 9. სტად ფრანსე - 35, 10. პერპინიანი - 33, 11. აჟენი - 24, 12. ბრივი - 22, 11. ლა როშელი - 21, 14. ბურგონი - 10.

 

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.103364