ამბები

12:08 | 3.01.2011 | ნანახია 4919 - ჯერ

ილია ზედგინიძე: "მსოფლიო თასზე გასვლა, რაგბის პოპულარობის ზრდის წინაპირობაა"

გასული წლის მიწურულს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალურმა საიტმა, 2010 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასება დაიწყო და ვრცელი სტატია იმ რვა გუნდს დაუთმო, რომლებმაც 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური შესარჩევ ეტაპებზე წარმატებული თამაშით მოიპოვეს. მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა:
“ევროპიდან მსოფლიო თასის საგზური საქართველოს ნაკრებმა ნაადრევად მოიპოვა. შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ქართველებმა თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ესპანეთი 17:9 დაამარცხეს და ცხადი გახდა, რომ პირველი ორი ადგილიდან ერთ-ერთს აუცილებლად ისინი დაიკავებდნენ. ეს იყო “ბორჯღალოსნების” მეშვიდე გამარჯვება განვლილ რვა შეხვედრაში (ერთი მატჩი პორტუგალიასთან ფრედ დასრულდა) და მსოფლიო თასზე ზედიზედ მესამედ მოხვდნენ.
“მართალია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ ვარ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის მათი სიხარული. დარწმუნებული ვარ, მათთან იოლი შეხვედრა არცერთ გუნდს არ ექნება, რადგანაც ქართველებმა თავიანთი სიძლიერე მსოფლიო თასზე ზედიზედ მესამე გასვლით დაამტკიცეს და საქართველოს სახელი საერთაშორისო არენაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება” - თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ავსტრალიელმა ტიმ ლეინმა, რომელიც ცოტა ხნის წინ შოტლანდიელმა რიჩი დიქსონმა შეცვალა.
შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, არა მხოლოდ “ერთა თასის” გამარჯვებულის ბედი წყდებოდა, არამედ ისიც უნდა გარკვეულიყო, თუ ვინ გახდებოდა ევროპის პირველი და მეორე გუნდი და 2011 წლის მსოფლიო თასზე რომელი ნაკრები რომელ ჯგუფში მოხვდებოდა. საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მეტოქე 36:8 გაანადგურა და ახალ ზელანდიაში B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ინგლისის, არგენტინის, შოტლანდიის და ფლეი ოფის გამარჯვებული რუმინეთის ნაკრები იქნება. რუსეთთან მატჩი თურქეთის ქალაქ ტრაბზონში გაიმართა და 6000-მა ქართველმა გულშემატკივარმა, რომელმაც სტადიონი სრულად შეავსო, ერთის წილ ხუთი გატანილი ლელო იხილა. მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა განაპირობა, შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩატარდა და გუნდებმა მებრძოლი სული გამოავლინეს.
“ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთხელ მოეპოვებინა მსოფლიო თასის საგზური და მოხარული ვარ, რომ ამ მიზნის შესრულება მოვახერხეთ. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ფინალურ ეტაპზე თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ. საქართველოსათვის მსოფლიო თასზე კიდევ ერთხელ გასვლა რაგბის პოპულარობის კიდევ უფრო გაზრდის წინაპირობაა. ამის წყალობით, რაგბის თამაშს არაერთი ბავშვი დაიწყებს და ეს იქნება განვითარების დამატებითი იმპულსი, კიდევ ერთი შანსი, რათა წინსვლა გავაგრძელოთ. რაც შემეხება მე, მოხარული ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილს წარმოვადგენ და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მთელი ეს პერიოდი გვერდში გვედგა” - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მეორეხაზელმა ილია ზედგინიძემ”.

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093863