ჭაბუკთა "ა"

12:03 | 10.03.2016 | ნანახია 1897 - ჯერ

ჭაბუკთა „ა“ ლიგის მეორე ტური

ჭაბუკთა „ა“ ლიგის 2016 წლის გათამაშების პირველ ეტაპზე, მეორე ტურის თამაშები გაიმართა და შეიძლება ითქვას, უკვე გამოიკვეთა ის გუნდები, რომლებიც მოწინავე რვეულში მოსახვედრად იბრძოლებენ.

თითოეულ ჯგუფში სამი ასეთი გუნდია. „ა“ ჯგუფში „ყოჩებმა“ მეორე თამაშიც პრემიალური ქულით მოიგო და ქულათა მაქსიმუმით [10] პირველ ადგილზეა. ამჯერად მან საჩხერეში „ჯრუჭი“ დაამარცხა 50:0. ქუთაისის „აია 1“-მა თბილისში ასევე პრემიით სძლია „აკადემიას“ - 69:3. რადგან ეს 5-გუნდა ჯგუფია, კიდევ ერთი პრეტენდენტი „ჯიქი“, რომელსაც ქუთაისელთა დარად ერთი თამაში და 5 ქულა აქვს, ისვენებდა.

„ბ“ ჯგუფის ლიდერი თბილისის „წიქარაა“, რომელმაც „თიბიესს“ 38:14 სძლია და ორი პრემიალური მოგებით, ქულათა მაქსიმუმი დააგროვა. მისი მდევარი თბილისის „ლელოა“, რომელმაც ქუთაისში „ბაგრატთან“ დაძაბულ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 10:3. „ლელოს“ ორი მოგება აქვს და მართალია პრემიალური ქულის აღება ვერცერთხელ მოახერხა, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი უშუალო კონკურენტთან მოპოვებული გამარჯვებაა. „ბაგრატმა“ პრემია აიღო და „ლელოს“ 3, ხოლო „წიქარას“ 5 ქულით ჩამორჩება. 4 ქულა აქვს ქუთაისის მეორე გუნდს - „აია 2“-ს, რომელმაც გასულ ტურში მარცხის შემდეგ ვანში „არგოს“ 15:10 სძლია და მასპინძლებს პრემია დაუტოვა.

„გ“ ჯგუფში 10-10 ქულა აქვთ თბილისის „ხულიგანას“ და „ლოკომოტივს“, ხოლო „არმია“ მათ ერთით ჩამორჩება. აქამდე ამ ჯგუფში ლიდერები აუტსაიდერებს ეთამაშებოდნენ და მთავარი ბრძოლები ახლაღა დაიწყება. მეორე ტურში „ხულიგანამ“ თელავის „კახელები“ 53:0, ხოლო „ლოკომოტივმა“ პატარძეულის „ვეფხვები“ 29:7 დაამარცხა და ორივემ პრემია ჩაიწერა. პრემიის გარეშე მოიგო „არმიამ“ - ხაშურში „ლეგიონს“ 18:5 სძლია.

„დ“ ჯგუფში რუსთავის „ხარებმა“ წყალტუბოელების შემდეგ ოზურგეთელებსაც პრემიით მოუგო. ზვანში „არწივებთან“ გამართული შეხვედრა „ხარებმა“ 72:5 მოიგო. დაძაბული გამოდგა მატჩი გონიოში, სადაც „იუნკერები-ჩოხოსნებმა“ ადგილობრივ „ბათუმს“ ბრძოლაში 18:13 აჯობა და 9 ქულით მეორე ადგილზეა. ზღვისპირელებმა პრემიალური ქულა აიღეს, ჯამში 6 ქულა აქვთ და პირველ-მეორე ადგილზე გასასვლელად ჯერ კიდევ იბრძოლებენ. ამავე ჯგუფში ქობულეთის „პონტომ“ 21:7 მოუგო წყალტუბოს „დინოზავრებს“.

ჭაბუკთა „ა“ ლიგის პირველი ეტაპის მესამე ტურის თამაშები 15-16 მარტს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075521